მსოფლიოპოლიტიკა

„ბაიდენი, საქართველოს ახალი სექსსიმბოლო“ – რა იპოვეს აშშ-ის პრეზიდენტის მეილებში სამხილების ნაცვლად

POLITICO-ს ცნობით, შეერთებული შტატების პალატის ზედამხედველობისა და პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს კომერს, რომელიც ჯო ბაიდენის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს, მიეცა შეუზღუდავი წვდომა პრეზიდენტის ელექტრონულ ფოსტაზე არსებულ მიმოწერაზე, როდესაც ის ჯერ კიდევ ვიცეპრეზიდენტი იყო. ინფორმაცია POLITICO-ს ორმა წყარომ მიაწოდა.

POLITICO წერს, რომ კომერს ბაიდენის მეილებზე წვდომა მიეცა, რათა მოეძებნა შესაძლო სამხილები, რაც დაადასტურებდა, რომ ის ვიცე-პრეზიდენტობის დროს აშშ-ის პოლიტიკას უკრაინის მიმართ საკუთარი შვილის, ჰანტერის ბიზნესინტერესების სასარგებლოდ წარმართავდა. თუმცა, როგორც POLITICO წერს, ჯო ბაიდენის მიმოწერაში ვერანაირი სამხილი ვერ იპოვეს, რომ ის პირად სარგებელს იღებდა საკუთარი შვილის ბიზნესსაქმიანობიდან.

ამის ნაცვლად ელექტრონული მიმოწერა, რომელიც ეროვნულ არქივში იყო დაცული, მოიცავდა ჩვეულებრივ, ოჯახური და ახლობლური სახის მიმოწერას. მაგალითად, როგორც POLITICO წერს, ზოგ მეილში საუბარი იყო ჯო ბაიდენის საუზმეზე საკუთარ შვილიშვილებთან, ზოგი ეხებოდა, თუ როგორ მოეწონათ უკრაინელებს მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის ძმა, ბო ბაიდენი.

კიდევ ერთი წერილი ეხებოდა რამდენიმე ქართველი ქალის საუბრებს, თუ როგორ მოეწონათ ჯო ბაიდენი, როდესაც ის 2009 წელს საქართველოში იყო ჩამოსული. „აუცილებლად წასაკითხი იმეილი“ – ბაიდენსა და მის შვილებს, ჰანტერსა და ბოს წერდა ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც მაშინ ვიცე-პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოევის მრჩეველი იყო. იმეილს სათაურად ეწერა: „ბაიდენი, როგორც საქართველოს ახალი სექსსიმბოლო“.

როგორც POLITICO წერს, ეს წერილი ბლინკენმა ჯო ბაიდენსა და მის შვილებს 2009 წლის 24 ივლისს გაუგზავნა. წერილი მოიცავდა თბილისში, საქართველოს პარლამენტში ბაიდენის სიტყვით გამოსვლის ქებას. მეილში ბლინკენი ჯო ბაიდენს წერდა საკუთარი ქართველი ქალი მეგობრების სიტყვებს, თუ „როგორი სექსუალური“ იყო ბაიდენი. POLITICO-ს მიხედვით, ერთი ქალი ამბობდა, რომ ბაიდენი მის ცხოვრებაში „ახალი კაცი“ იყო, მეორე კი აღნიშნავდა, რამდენად მოეწონა ვიცე-პრეზიდენტი.

ეს წერილების პირველი ნაწილია, რომელიც კომერს რამდენჯერმე მოთხოვნის შემდეგ გადაეცა. რამდენიმე კვირის წინ ის ფიქრობდა, რომ ჯო ბაიდენის ელექტრონული ფოსტის გახსნის შემდეგ „საზიანო სამხილებს“ იპოვიდნენ.

იმპიჩმენტის საქმე ეხება ჰანტერ ბაიდენისა და უკრაინული ენერგოკომპანია „ბურისმას“ შორის საქმიანობას. მოკვლევის მიზანია დაადგინონ, ამჟამინდელი პრეზიდენტი და მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი იყენებდა თუ არა საკუთარ გავლენას საკუთარი შვილის სასარგებლოდ. წარმომადგენელთა პალატაში ეს პროცესი 12 სექტემბერს დაიწყეს. თუ გამოძიების ფარგლებში ბრალდების დამადასტურებელ სამხილებს აღმოაჩენენ, შესაძლებელი იქნება ჯო ბაიდენის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის ჩატარება.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close