ლიბიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6000-მდე გაიზარდა, 10 000 ადამიანი დაკარგულად ითვლება (ვიდეო)
ლიბიაში ქარიშხალ Daniel-ისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 6000-ს მიაღწია და ხელისუფლება შიშობს, რომ კიდევ მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 10 000 ადამიანი. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს ლიბიის ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით.
ყველაზე დიდი მსხვერპლი და ნგრევა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ დერნაშია 50 000 მცხოვრებით, სადაც 6000 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ქალაქში წყლის მოზღვავების შედეგად ორი კაშხალი დაინგრა და მთელი კვარტლები წყალქვეშ აღმოჩნდა.
დერნის გარდა დაზარალდა ქალაქები – ბენღაზი, სუსი და ალ-მაჯი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.
აღმოსავლეთ ლიბიას ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრმა ოსმან აბდელ ჯალილმა ტელეარხ „ალ-მასაარს“ განუცხადა, რომ მსხვერპლთა რიცხვი 10 000-ს მიაღწევს.
„სიტუაცია დერნაში კატასტროფულია. ცხედრები ყველგანაა – ზღვაში, ხეობებში, შენობების ქვეშ, – უთხრა აღმოსავლეთ ლიბიის არაღიარებული მთავრობის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა ჰიკემ აბუ შკივატმა „როიტერს“ სატელეფონო საუბრისას ქალაქის მონახულების შემდეგ. – არ ვაჭარბებ, როცა ვამბობ, რომ ქალაქის 25% განადგურდა. ძალიან ბევრი შენობა ჩამოინგრა“.
ლიბია ორ მტრულად განწყობილ ადმინისტრაციას შორის არის გაყოფილი აჯანყების შემდეგ, რომლის შედეგადაც 2011 წელს მუამარ კადაფი ჩამოაგდეს.
არც აღიარებულ და არც არაღიარებულ ხელისუფლებებს არ გაუღიათ სახსრები ინფრასტრუქტურის რემონტისა და აღდგენისთვის, რითაც შეიძლება აიხსნას წყალდიდობის კატასტროფული შედეგები.
სპეციალისტები გაფრთხილებას იძლეოდნენ, რომ დერნის კაშხლების გარღვევის საშიშროება რეალური იყო, თუმცა როდესაც ეს მოხდა, მოსახლეობისთვის არავის უცნობებია, რომ თავისთვის ეშველათ.
გასულ კვირაში ამავე შტორმმა – „დანიელმა“ საბერძნეთს, თურქეთს და ბულგარეთს დაარტყა, საბერძნეთის ცენტრალურმა რეგიონმა თესალიამ დიდი ზარალი განიცადა, თუმცა ადამიანთა მსხვერპლი იქ ისეთი კატასტროფული არ ყოფილა, როგორც ლიბიაში. საბერძნეთში დადასტურებულია 15 დაღუპული, მინიმუმ 5 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, მათ შორის, ავსტრიელი წყვილი, რომელიც თაფლობის თვეს პელიონის რეგიონში ატარებდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები