ვენეციის მე-80 კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელი ბერძენი რეჟისორის ფილმი გახდა
ვენეციის საიუბილეო, მე-80 საერთაშორისო კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელი წელს ბერძენი რეჟისორის, იორგოს ლანთიმოსის ფილმი „საბრალონი“ გახდა. ლანთიმოსის ნამუშევარი თავიდანვე ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა. მასში მთავარ როლებს ემა სტოუნი, უილემ დეფო და მარკ რუფალო ასრულებენ.
ჟიურის გრან პრი – „ვერცხლის ლომი“ კი იაპონელ რეჟისორს რიუსუკე ჰამაგუჩის ხვდა წილად ფილმისთვის „ბოროტება არ არსებობს“.
ჟიურის სპეციალური ჯილდო პოლონელმა რეჟისორმა აგნეშკა ჰოლანდმა დაიმსახურა ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე ჩარჩენილი მიგრანტების შესახებ გადაღებული ფილმისთვის „მწვანე საზღვარი“, ხოლო საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევრად იტალიელი მატეო გარონეს ფილმი „მე კაპიტანი“ აღიარეს.
წელს ვენეციის კინოფესტივალზე 23 ფილმი იყო წარმოდგენილი.
ფესტივალის წლევანდელი გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში არიან:
საუკეთესო ფილმი
Poor Things („საბრალონი“), რეჟ. იორგოს ლანთიმოსი
ჟიურის დიდი პრიზი („ვერცხლის ლომი“)
Evil Does Not Exists („ბოროტება არ არსებობს“), რეჟ. რიუსუკე ჰამაგუჩი
საუკეთესო რეჟისორი
Io Capitano („მე, კაპიტანი“), რეჟ. მატეო გარონე
ჟიურის სპეციალური პრიზი
Green Border („მწვანე საზღვარი“), რეჟ. აგნეშკა ჰოლანდი
საუკეთესო სცენარი
El Conde („გრაფი“) – სცენარისტები: პაბლო ლარაინი და გილერმო კალდერონი
საუკეთესო მსახიობი ქალი
კეილი სპეინი ფილმში Priscilla („პრისცილა“; რეჟ. სოფია კოპოლა) ელვის პრესლის ცოლის როლის შესრულებისთვის.
საუკეთესო მსახიობი კაცი
პიტერ სარსგაარდი ფილმისთვის Memory („ხსოვნა“; რეჟ.: მიშელ ფრანკო), რომელშიც მისი გმირი დემენციით იტანჯება.
საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი (მარჩელო მასტროიანის სახელობის პრიზი)
სეიდუ სარი ფილმისთვის Io Capitano („მე, კაპიტანი“). ეს ფილმიც მასობრივ მიგრაციას ეძღვნება, ისევე როგორც „მწვანე საზღვარი“.
ვენეციის მე-80 კინოფესტივალის გამარჯვებული ბერძენი რეჟისორის ფილმი „საბრალონი“ მსოფლიო კინოგაქირავებაში მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები