სპორტი

თენგო ზირაქაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ახალგაზრდებს შორის

ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს, 7 სექტემბერს ქართველი ძიუდოისტი თენგო ზირაქაშვილი (66 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტურნირის ფინალში მან აზერბაიჯანელი აიდინ რზაიევი იპონით დაამარცხა.

პირველ დღეს ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ოთხი ქართველი ასპარეზობდა – ჯულიეტა როდონაია (-48კგ), მარიამ ფოცხვერაშვილი (-48კგ), ნინო ლოლაძე (-57კგ) და თომა გელაშვილი (-60კგ), მაგრამ  ფინალურ ბლოკში ვერცერთი გადავიდა.

მეორე დღეს, 8 სექტემბერს საქართველოს ნაკრების 4 წევრი იასპარეზებს – კოტე კაპანაძე, გიორგი ტერაშვილი (ორივე 73 კგ), ლუკა ბაბუციძე (81 კგ) და ეთერ ასკილაშვილი (63 კგ);

მესამე დღეს, 9 სექტემბერს კი საქართველოს ნაკრების ღირსებას 5 ძიუდოისტი დაიცავს: მიხეილ ჯაფარიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი (ორივე 100 კგ), შალვა გურეშიძე, უჩა ტაბატაძე (ორივე + 100 კგ) და ნინო პაპიძე (+78 კგ).  90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავს – ეს წონა ვაჟების ნაკრების მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ გამოტოვა, მის ხარჯზე კი 3 წონაში (73, 100 და + 100) 2-2 მოჭიდავე დააყენა.

ჩვენი ნაკრები ნიდერლანდებში 14 სპორტსმენით გამოდის, რომელთაგან 9 ვაჟია და 5 – გოგონა.

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში 43 ქვეყანაა დარეგისტრირებული, 366 მონაწილით (209 ვაჟი და 157 გოგონა).

ტურნირის ბოლო დღეს, 10 სექტემბერს შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close