ესპანეთში დაკავებულია ქართველების 7 კრიმინალური დაჯგუფება – რა სქემით მუშაობდნენ ისინი და როგორ გავიდა პოლიცია მათ კვალზე
ქართველების 7 კრიმინალური დაჯგუფება და სევილიის მასობრივი მძარცველები – ესპანეთის ნაციონალური პოლიცია მთელი ზაფხულის განმავლობაში ატარებდა სპეცოპერაციებს ქართველი პროფესიონალი ქურდების წინააღმდეგ, რომელსაც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დანაშაულებრივ ჯგუფს უწოდებენ. სულ დაკავებულია საქართველოს 22 მოქალაქე, მათ შორის, 2 „კანონიერი ქურდი“.
ესპანეთის პოლიციამ გაავრცელა ჩანაწერი, სადაც ჩანს ქართველი მამაკაცი, რომელიც სევილიაში, საცხოვრებელ კორპუსში სახლის კარებს მცირე ზომის წებოვან ლენტს აკრავს. თუ რამდენიმე დღეში მარკირება ხელუხლებელი დახვდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სახლის მეპატრონე, სავარაუდოდ, დასასვენებლად იმყოფება და ობიექტი გასაქურდად მზად არის. ამ მამაკაცს არ გაუმართლა. – ქართველი მძარცველი უსაფრთხოების კამერებმა ჩაიწერეს.
გახშირებული ქურდობების შემდეგ მარტო ამ ქალაქში ქართველების 12-კაციანი დაჯგუფება დააკავეს. სამართალდამცველები ადგილობრივებს აფრთხილებენ, რომ ღამის საათებში კართან და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ ნებისმიერი საეჭვო გადაადგილების შემთხვევაში პოლიციას დაუკავშირდნენ.
ბოლო ორ თვეში, მაშინ როცა ესპანელების ნაწილი საზაფხულო არდადეგებზე იმყოფებოდა, არაერთი სახლი გაიძარცვა მადრიდსა და ლუგოს პროვინციაშიც. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, დანაშაულებრივ სქემაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ლიეტუვის მოქალაქეებიც.
ივლისიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით სულ შვიდი სპეცოპერაცია ჩატარდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, დაკავებულ 22 პირს შორის ორი ე.წ. კანონიერი ქურდია. მათი სტატუსის დადგენა სხეულზე ამოტვიფრული ტატუირებით მოხდა.
ესპანეთის პოლიციამ დაკავებულთა დროებითი საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკა. სპეციალური სამალავებიდან ამოღებულია ძვირფასეულობა, ანტიკვარული ნივთები და ფული, რომლის ნაწილიც, სავარაუდოდ, ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ იყო განკუთვნილი.
rustavi2.ge
კომენტარები