საზოგადოებასაქართველო

შოვის ტრაგედიისას დაკარგულ 2 ადამიანს მაშველები ისევ ეძებენ, ნაპოვნია 31 გარდაცვლილი

შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენის შედეგად დაკარგულად მიჩნეულ ორ ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. 3 აგვისტოდან დღემდე მაშველებმა 31 გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელთაგანაც 29 იდენტიფიცირებულია, 2 დაღუპულის ვინაობის დადგენა მიმდინარეობს.

ბოლოს 2 გარდაცვლილის – მამაკაცის და მოზარდის ცხედრები 24 აგვისტოს აღმოაჩინეს.

მამაკაცის ცხედარი მაშველებმა სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ იპოვეს. გარდა ამისა, სტიქიის ეპიცენტრში, საორიენტაციოდ აღებულ 8 ჰექტარზე წერტილოვანი გადამოწმებების შედეგად  ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს და დადასტურებულ გარდაცვლილთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქე არის ნაპოვნი, 29 არის იდენტიფიცირებული და ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ჩართული არის ყველა შესაბამისი უწყება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შსს, თავდაცვის ძალები, წითელი ჯვარი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და მინდა, ყველას, თითოეულ მათგანს, თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო.

სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს როგორც უშუალოდ სტიქიის ლოკაციაზე, ასევე მდინარეებზე. მოგეხსენებათ, ჩართული არის შსს-ს შესაბამისი უწყების მცურავი საშუალებები, სამაშველო სამსახური, სამაშველო სამსახურის მიერ მობილიზებული მცურავი საშუალებები. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების კალაპოტებში როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და, შესაბამისად, გაზრდილია არეალი“, – განაცხადა ონის მერმა სერგო ხიდეშელმა დღეს, 26 აგვისტოს.

შოვის სტიქიის დროს დაღუპული ნატო ჭელიძე და მისი სამი მცირეწლოვანი შვილი – ლუკა, ანასტასია და ანდრია დუდაშვილები საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ტაძარში გაიმართა.

გიორგი დუდაშვილი მეუღლეს და სამ მცირეწლოვან შვილს, რომლებიც შოვში დასასვენებლად იმყოფებოდნენ, მას შემდეგ ეძებდა, რაც კურორტზე მეწყერი ჩამოწვა და სულისშემძვრელი ტრაგედია დატრიალდა.

სტიქიის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close