ვიდეოსაზოგადოებასაქართველო

დღეს შოვში, სტიქიის ზონაში ბავშვის ცხედარი იპოვეს, 17 დაკარგულს ისევ ეძებენ (ვიდეო)

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი დღეს დილით 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა დაადასტურა.

მისი თქმით, დილიდან მოხერხდა დამეწყრილი ტერიტორიიდან დაღუპული მოზარდის ამოყვანა. გარდაცვლილი ბავშვი პროზექტურაში გადაასვენეს.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაპოვნი გარდაცვლილი ბავშვი 7 წლის ლუკა დუდაშვილია. ცოტა ხანში მაშველებმა დედამისის – ნატო ჭელიძის ცხედარიც იპოვეს, რომელიც მეწყრის მე-19 დადასტურებული მსხვერპლია.

ნატო ჭე­ლი­ძე­სა და მის სამ მცი­რე­წლო­ვან შვილს, ლუ­კას, ან­დრი­ას და ანას­ტა­სი­ას მაშ­ვე­ლე­ბი 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ.

17 ადამიანი (ზოგიერთი ინფორმაციით – 20-ზე მეტი) დაკარგულად ითვლება, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მათი ძებნა, ისევე როგორც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

როგორც თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება როგორც ცოცხალი ძალით, ისე სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით

„სტიქიის ზონაში დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის პოვნა და პროზექტურაში გადასვენება. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს, აქტიურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გზის 70% გაყვანილია და სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, – განაცხადა დღის ბოლოს თემურ მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, კიდევ ერთხელ მოუწოდა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის სურვილი გამოთქვეს.

„თქვენ იცით, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა სტიქიის ზონაში, ჩატარდა საგანგებო თათბირი, ყველა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ მივიღეთ დავალებები, აქედან გამომდინარე, მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება როგორც ცოცხალი ძალით, ისე სპეციალური ტექნიკით, თუ სხვა სპეციალური საშუალებებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, არანაირი საჭიროება დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ მედიასთან თქვა, რომ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულებიდან 12 ადამიანია იდენტიფიცირებული.

„12 -ის იდენტიფიცირება მოხდა. 6 ოჯახის მიერ იქნა ამოცნობილი, 6 პოლიციის მიერ არის იდენტიფიცირებული და 5 მიცვალებულზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება. დნმ-ის ანალიზი აბსოლუტურად ყველაზე კეთდება, ამოცნობის შემთხვევაშიც კი“, – უთხრა ენუქიძემ ჟურნალისტებს.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close