დღის თემავიდეოსაზოგადოება

ბოლო ცნობები შოვიდან – 17 ცხედრიდან 7 ამოიცნეს, 18 ადამიანს ისევ ეძებენ (ვიდეო)

დღეს სტიქიის ზონაში, სადაც მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, კიდევ 6 ცხედარი აღმოაჩინეს და მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. სულ ცოტა, 18 ადამიანს ისევ ეძებენ.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა დაადასტურა.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია. ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილი იპოვეს. არ ვრცელდება ინფორმაცია, არიან თუ არა დადასტურებულ გარდაცვლილებს შორის ბავშვები.

„საერთო ჯამში სტიქიის ზონაში 17 ცხედარია მოძიებული. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ცხედრები ნანახია ერთი და იგივე ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე. რაც შეეხება, სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობას, დღეს დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ სტიქიის ზონაში შევიყვანოთ ყველა საჭირო ტექნიკა. მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს, არის ღამის განათებები და საძიებო სამუშაოები გაგრძელდება 24- საათიან სამუშაო რეჟიმში. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს ორი მანქანა აღმოვაჩინეთ მდინარის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული მანქანების ამოყვანა მდინარის კალაპოტიდან. შიგნით არ აღმოჩნდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მანქანის მეპატრონეები დადგენილი გვყავს და ცოცხლები და ჯანმრთელები არიან“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

ამოცნობილ გარდაცვლილებს შორის არიან ნიდერლანდებში მცხოვრები ზაზა მესხის მეუღლე, უკრაინელი ჟურნალისტი ალინა პოლიკოვსკა; ახალგაზრდა კაცი, 2 შვილის მამა გიორგი გოგინაშვილი, რომელიც მისი მეგობრის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, თბილისში ცხოვრობდა და შოვში მეგობრის ერთ-ერთ კოტეჯში იყო სტუმრად; ცხედრებს შორის, აგრეთვე, ამოიცნეს 3 დაკარგული მეგობარი გოგონადან ერთ-ერთი – ნინო კენჭაძე; დაღუპულთა შორის არის რუსეთის მოქალაქე, 31 წლის ქსენია ტრიჩევა, რომელიც დღეს მეგობარმა მორგში ამოიცნო.

„…ისეთ გარემოებაში იქნა ცხედრები აღმოჩენილი, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზი, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად“, – უთხრა დღეს ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.

შოვში სტიქიური უბედურების მესამე დღეს სულ უფრო მცირდება ცოცხალი ადამიანების პოვნის ალბათობა. სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად მოხალისეებიც არიან ჩართულები.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close