ვიდეომიგრაციასაბერძნეთი

ათენის არალეგალთა განთავსების ბანაკში არეულობის დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან (ვიდეო)

ათენის ამიგდალეზის არალეგალთა განთავსების ბანაკში 2023 წლის 26 ივლისს, ღამის ორ საათზე არეულობა დაიწყო. ადგილზე მივიდნენ საბერძნეთის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, რომლებმაც ვითარება მალევე განმუხტეს.  

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის არალეგალთა განთავსების ბანაკში იქ მყოფმა მიგრანტებმა არეულობა მოაწყვეს და ცეცხლი გააჩინეს, როგორც თავად თქვეს, იმის გამო, რომ ბანაკში მყოფ ერთ-ერთ არალეგალ მიგრანტს არანაირ მედიკამენტს არ აძლევდნენ, რის შედეგადაც იგი დაიღუპა.

ათენის პოლიციას წესრიგის დასამყარებლად ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა, სახანძრო ბრიგადებმა კი ცეცხლი ჩააქრეს.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს ამიგდალეზის ბანაკში სხვა არალეგალ მიგრანტებთან ერთად საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, არეულობისას  მათგან არავინ დაშავებულა.

„დაახლოებით ღამის სამ საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და, ასევე, საქართველოს მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და საქართველოს ყველა მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრემლსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა – მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები.

შეგახსენებთ, რომ ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს.

ცხელი ხაზი +306952220000“, – აღნიშნულია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საელჩოს წარმომადგენლები ესაუბრნენ საქართველოს მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ყველანაირად დაეხმარებიან სამშობლოში გამგზავრებაში.

„საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოველდღიურ კონტაქტზეა ქალაქ ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისევე როგორც ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან და ბერძენ სამართალდამცავებთან. საელჩოს წარმომადგენლები გუშინაც ესაუბრნენ მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ყველანაირად დაეხმარებიან სამშობლოში გამგზავრებაში.

რაც შეეხება არალეგალთა განთავსების ბანაკის დატოვებას (რასაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე ითხოვს), აღნიშნული სცილდება საქართველოს საელჩოს უფლებამოსილებას და ამის შესაძლებლობა საქართველოს დიპლომატიურ მისიას არ გააჩნია. ქალაქ ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა. არეულობის დაწყებისთანავე საელჩოს ცხელი ხაზის მეშვეობით 01:43 საათზე დაუკავშირდა აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ხ. მ.

კონსულის მოვალეობის შემრულებელი ინფორმაციის მიღებისთანავე დაუკავშირდა აღნიშნულ პირს და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა როგორც მასთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან. დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის ხ.მ-მ საელჩოს დაუდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და საქართველოს ყველა მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრემლსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა – მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები.

ინფორმაცია იმის შესახებ რომ ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, 26 ივლისს დაადასტურა ატიკის პოლიციის უცხოელთა დეპარტამენტმაც. მორიგი კომუნიკაცია საელჩოსა და მოქალაქე ხ.მ.-ს შორის შედგა 26 ივლისს დღის საათებში, გადამოწმდა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მას შეეთავაზა დახმარება საქართველოში დროულად დაბრუნებაში. ხ.მ.-მ, რომელსაც აქვს მოთხოვნილი თავშესაფარი საბერძნეთის რესპუბლიკაში, უარი განაცხადა საქართველოში დაბრუნებაზე“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close