მოგზაურობაnewsსაქართველო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში სრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაგეგმილზე სამი საათით ადრე გაიხსნა და რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს, – ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა გაავრცელა.

მათივე ცნობით, 04:00 საათზე დორტმუნდისა და ბარსელონის რეისები შესრულდა, ხოლო 07:30 საათზე კი – ქუთაისი-თესალონიკის რეისი.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილზე ადრე გახსნა.

…აეროპორტის ოპერირების დროებით შეჩერება უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ვითარებას ადგილზე სწავლობენ“, – აღნიშნულია აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, დაახლოებით ღამის 12 საათზე ქუთაისის აეროპორტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 11 ივლისის 07:00 საათამდე წყვეტდა მუშაობას უამინდობისა და ძლიერი წვიმის გამო.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს, წინასწარი ინფორმაციით, 11 ივლისის 07.00 სთ-მდე. აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა. უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა. ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული. ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი – ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას“, – დაწერეს აეროპორტის ფეისბუქგვერდზე.

გუშინ საღამოს, დაახლოებით 8-9 საათისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაიტბორა და ჭერის ფრაგმენტი ჩამოინგრა. წყალი ასაფრენი სივრცის დარბაზშიც შევიდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დატბორილი დარბაზი; ფოტო: ინფოიმერეთი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close