არტისტისაზოგადოება

რობერტ დე ნიროს 19 წლის შვილიშვილი გარდაცვლილი იპოვეს

ცნობილი ამერიკელი მსახიობის, რობერტ დე ნიროს შვილიშვილი, 19 წლის ლეანდრო დე ნირო-როდრიგესი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლეანდროს დედა, რობერტ დე ნიროს ქალიშვილი, მსახიობი დრენა დე ნირო ადასტურებს:

„შენ იყავი ჩემი სიხარული, ჩემი გული და ყველაფერი, რაც ოდესმე სუფთა და ჭეშმარიტი იყო ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი, როგორ ვიარსებო უშენოდ, მაგრამ ვეცდები გავაგრძელო ცხოვრება და გავავრცელო ის სიყვარული და სინათლე, რაც შენ მაგრძნობინე, როცა შენი დედა გავხდი. ყველას უყვარდი და გაფასებდნენ. ძალიან მენანები, ჩემო პატარავ… მშვიდად განისვენე მარადიულ სამოთხეში, ჩემო ძვირფასო ბიჭო“, – წერს 51 წლის მსახიობი. პოსტზე მან ლეანდროს მამა, მსახიობი კარლოს როდრიგესი (იგი ცნობილია ფსევდონიმით კარლოს მარე) მონიშნა. ლეანდრო ვაჟიშვილის გარდაცვალების მიზეზს არ ასახელებს.

ამავდროულად, Daily Mail იუწყება, რომ 19 წლის ლეანდროს სხეულთან თეთრი ფერის გაურკვეველი წარმომავლობის ფხვნილის ფირფიტა აღმოაჩინეს. ლეანდრო უკვე გარდაცვლილი იპოვა მისმა მეგობარმა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ურეკავდა მას და  ვერ უკავშირდებოდა. ტაბლოიდი წერს, რომ ბოლო დროს ლეანდრო უოლ სტრიტზე, ძვირადღირებულ საცხოვრებელ კომპლექსში (Cipriani Club Residences), ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. პირველადი ვერსიით, ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა  ნარკოტიკის გადაჭარბებულმა დოზამ იმსხვერპლა.

„ღრმად დამწუხრებული ვარ ჩემი საყვარელი შვილიშვილის, ლეოს გარდაცვალების გამო“, – ამბობს რობერტ დე ნირო  CBS News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

დრენა დე ნირო რობერტ დე ნიროს პირველი მეუღლის, აფროამერიკელი მსახიობისა და მომღერლის, დაიან ებოტის ქალიშვილია (ასევე მსახიობი). რობერტ დე ნირომ გოგონა იშვილა და როგორც საკუთარი, ისე გაზარდა. მასთან ერთად დრენამ რამდენიმე ფილმში ითამაშა.

ლეანდრო დე ნირო-როდრიგესი ასევე მსახიობი იყო. ის დედასთან ერთად გამოჩნდა 2018 წელს გადაღებულ ფილმში „ვარსკვლავი დაიბადა“, რომელშიც მთავარ როლებს ბრედლი კუპერი და ლედი გაგა ასრულებენ. მისი სხვა სამსახიობო დამსახურებებია 2005 წელს გადაღებულ „კოლექციაში“ და  2018 წელს „კაბარე მაქსიმეში“ შესრულებულ როლებს, IMdB-ის თანახმად.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ 79 წლის რობერტ დე ნირო მეშვიდედ გახდა მამა: მას ქალიშვილი შეეძინა.

თამთა გურული

80-ს მიტანებული რობერტ დე ნირო მეშვიდე შვილის მამა გახდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close