2000 წლის შემდეგ რომის კოლოსეუმში „გლადიატორთა“ ბრძოლა ისევ დაიგეგმა – ილონ მასკისა და მარკ ცუკერბერგის შერკინება შესაძლოა ისტორიულ „რინგზე“ გაიმართოს
იტალიის მთავრობა მზადაა, მასკსა და ცუკერბერგს ორთაბრძოლისთვის რომის კოლოსეუმის არენა დაუთმოს.
კოლოსეუმში მილიარდერების ორთაბრძოლის გამართვის წინადადება იტალიის კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. ამის შესახებ პორტალი TMZ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
მათივე ინფორმაციით, იტალიის კულტურის მინისტრი ჯენარო სანჯულიანო რამდენიმე დღის წინ მასკსა და ცუკერბერგს დაუკავშირდა და კოლოსეუმი შერკინების არენად შესთავაზა. წყაროების ინფორმაციით, მილიარდერებმა შეთავაზება ენთუზიაზმით მიიღეს და ცუკერბერგის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ UFC-ის (Ultimate Fighting Championship) პრეზიდენტს დანა უაითს.
მასკმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე უკვე გამოაცხადა, რომ ბრძოლა შესაძლოა კოლოსეუმში გაიმართოს: „არსებობს კოლოსეუმში ბრძოლის შანსი. …საჭიროა, რომ ჩემი ამტანობის გაძლიერებისთვის ვიმუშაო“, – წერს მასკი ტვიტერში.
Need to work on my endurancehttps://t.co/jjh7uxfwC6
— Elon Musk (@elonmusk) June 30, 2023
ამერიკული კორპორაცია Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს, 39 წლის მარკ ცუკერბერგსა და Twitter-ის მფლობელს, 52 წლის ილონ მასკს შორის შერკინების თაობაზე ინფორმაცია ივნისის შუა რიცხვებში გავრცელდა. მას საფუძვლად მსოფლიოს ორ უმდიდრეს ადამიანს შორის კონფლიქტი უდევს.
ეს დაპირისპირება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც Meta-მ გამოაცხადა, რომ Twitter-ის კონკურენტული აპლიკაციის შექმნაზე მუშაობს. ამის შემდეგ ილონ მასკმა არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ცუკერბერგს, ერთ-ერთ ტვიტში კი დაწერა, რომ მასთან რინგზე ჩხუბი სურს. ცუკერბერგმა, რომელიც ჯიუ-ჯიცუს საბრძოლო ხელოვნებას ფლობს, უკან არ დაიხია და მასკს ადგილის დასახელება მოსთხოვა. მაშინ მასკმა შესაძლო რინგად ლას ვეგასის ოქტაგონი დაასახელა.
ტოტალიზატორები უკვე ფსონებს ითვლიან. ექსპერტების ვარაუდით, მასკისა და ცუკერბერგის ბრძოლას უზარმაზარი აუდიტორიის მოზიდვა შეუძლია და ბრძოლის თვალყურის მიდევნება დაახლოებით 100 დოლარი ეღირება ერთი ადამიანისთვის. ამერიკულმა ფსონების კომპანია DraftKings-მა, რომელიც ცუკერბერგს ფავორიტად მიიჩნევს, ფსონების პროგნოზები გამოაქვეყნა. კომპანიამ განაცხადა, რომ ცუკერბერგის გამარჯვებაზე 100 დოლარის მოსაგებად საჭიროა 160 დოლარის დადება, ხოლო მასკზე 100 დოლარის დადება 140 დოლარის მოგებას მოიტანს.
თუმცა ყველაფერი შეიძლება ჩაიშალოს, თუ მასკი დედის რჩევას დაჰყვება.
Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელის დედამ, 75 წლის მეი მასკმა თქვა, რომ იგი თავისი შვილის რინგზე დაშავების კატეგორიული წინააღმდეგია.
მან ამ კვირაში Twitter-ზე გამოაქვეყნა თავისი უკმაყოფილება მატჩის გამო და განაცხადა, რომ „გააუქმა შვილის ბრძოლა ცუკერბერგთან“.
ამავდროულად, UFC-ის პრეზიდენტი თვლის, რომ ბრძოლა გაიმართება და ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი მიადევნებს თვალს.
თუ მილიარდერების ეს შერკინება მართლაც შედგა, ისტორიული ამფითეატრი აღმოჩნდება ის ადგილი, რომელიც 2000 წლის შემდეგ პირველად ისევ ორთაბრძოლის სივრცედ იქცევა.
უძველესი არენა, რომელიც 50 000 მაყურებელს იტევს, ყველაზე დიდი ამფითეატრია, რაც კი ოდესმე აშენებულა. 2000 წლის წინათ აქ რეგულარულად ტარდებოდა გლადიატორებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები. დღეს მის ნანგრევებს მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანის მასპინძლობა შეუძლია და ბრძოლების ნაცვლად კონცერტები იმართება.
2003 წელს კოლოსეუმის შიგნით სერ პოლ მაკარტნიმ გამართა ექსკლუზიური საქველმოქმედო შოუ 400-კაციანი აუდიტორიისთვის. ბილეთის ფასი $1,500 იყო. ეს წარმოდგენა გამონაკლისი იყო, ყველა სხვა ღონისძიება, როგორც წესი, შენობის გარეთ იმართება.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები