საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა (ვიდეო)
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართა. ჩვენს გუნდს ფრეც ჰყოფნიდა მეოთხედფინალში გასასვლელად, თუმცა ამ ერთი ქულის მოპოვება ადვილი ამოცანა არ იყო, რადგან ჩვენი ბიჭები ძლიერ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდნენ.
ნიდერლანდელებს პლეი ოფში გასასვლელად აუცილებლად უნდა მოეგოთ, ამიტომ დრო არ დაუკარგავთ – პირველივე წუთებიდან აგრესიულად შეუტიეს. ისინი ჩვენს ნახევარზე იოლად გადადიოდნენ და ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. ორივეჯერ კენეთ ტეილორმა დაარტყა და ჩვენი გუნდი ორივეჯერ ძელმა გადაარჩინა.
ამის მიუხედავად პირველი გოლი ნიდერლანდების ნაკრების კარში გავიდა – ზურიკო დავითაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული დრიბლინგის შემდეგ სტუმართა მთელი დაცვა მოატყუა, კარის წინ ბურთიც გაისწორა და კარში შეაგდო. „დინამო არენაზე“ შეკრებილმა 54 ათასმა მაყურებელმა უზომოდ გაახარა, თუმცა, ტაიმის ბოლო წამზე კენეთ ტეილორმა მაინც მოახერხა მამარდაშვილის კარის აღება და ანგარიში გათანაბრდა 1:1.
მეორე ტაიმში ნიდერლანდების ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა. ჩვენი გუნდი კი ისევ კონტრშეტევების იმედად იყო. ერთ-ერთი ასეთ იერიშის დაგვირგვინებას დავითაშვილი ცდილობდა, მაგრამ მეკარემ საიმედოდ ითამაშა. საბოლოოდ, მძიმე და დაძაბული თამაში 1:1 დასრულდა და საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელიც 5 ქულით (ერთი მოგება და 2 ფრე) პირველ ადგილზე გავიდა, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. A ჯგუფიდან პლეი ოფში ითამაშებს, აგრეთვე, პორტუგალიაც, რომელმაც 4 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა. ნიდერლანდები და ბელგია ჩემპიონატს გამოეთიშნენ.
ნახეთ ზურიკო დავითაშვილის შესანიშნავი დრიბლინგი, რომელიც გოლით დაგვირგვინდა.
შეგახსენებთ, რომ C ჯგუფში არიან: ინგლისი, ჩეხეთი, გერმანია და ისრაელი. ხვალინდელ მატჩებში ინგლისი (რომელსაც 6 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია) გერმანიას დაუპირისპირდება, ჩეხეთი კი, რომელიც 3 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა ბოლო ადგილზე მყოფ (1 ქულა) ისრაელს.
ცნობილია B ჯგუფიდან პლეი ოფში გასულები – ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ესპანეთი და უკრაინა გააგრძელებენ, რომლებმაც ბოლო თამაში ფრედ – 2:2 ითამაშეს და ჯგუფში 7-7 ქულით პირველი და მეორე ადგილი დაიკავეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბელგიასთან ფრე ითამაშა 2:2, პირველი თამაში კი პორტუგალიას მოუგო 2:0.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები