პოლიტიკასაქართველო

„მთავარ არხს“ აღარ ვუხელმძღვანელებ“, – აცხადებს ნიკა გვარამია პრეზიდენტის მიერ შეწყალების შემდეგ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მოვაწერე ხელი ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. მე არ ვაპირებ, ამ გადაწყვეტილებაზე რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც დღეს ვიყენებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მმართველი გუნდი არ იწონებს ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა „კანონის უზენაესობის ნაცვლად სხვა მხარე“ აირჩია, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ეს დეპოლარიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მათ შორის არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა გვარამიამ მედიასთან თქვა, რომ „მთავარ არხში“ დირექტორად დაბრუნებას აღარ აპირებს, თუმცა მზადაა, ტელევიზიას ფინანსური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმაროს. მისი თქმით, არხს ისევ გიორგი გაბუნია უხელმძღვანელებს.

„მთავარი, რასაც მე გავაკეთებ, იმ სირთულეებიდან „მთავარი არხის“ გამოყვანაა, რომელშიც იგი იმყოფება, თუმცა მე არ ვაპირებ, რომ „მთავარ არხს“ ვუხელმძღვანელო. მე ვიქნები მისი დამფუძნებელი, როგორც ახლა ვარ. „მთავარი არხი“ გადარჩა, მან აჩვენა, რომ ის ჩემ გარეშე თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს. მე ვიტყოდი, უკეთესად, ვიდრე ჩემს პირობებში“.

ნიკა გვარამია სტრასბურგში ჩივილსაც აპირებს, რათა თავისი „სიმართლეს დაამტკიცოს“.

„შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი!
რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ.
ჯერ – ჩემს სიმართლეს, შემდეგ – სხვების დანაშაულს!“ – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close