კულტურასაქართველო

ისტორიული პრემიერა იტალიაში – ზაქარია ფალიაშვილის 100 წლის „დაისს“ იტალიურ ენაზე მასიმო ბელინის თეატრში იტალიელები პირველად შეასრულებენ

21 ივნისს, „მუსიკის მსოფლიო დღეს“ სიცილიაში „ტეატრო მასიმო ბელინი“ ქართული ოპერით აღნიშნავს – 100 წლის უკვდავ ოპერა „დაისს“ იტალიურ ენაზე იტალიელები პირველად შეასრულებენ.

დასის ძირითად ნაწილს იტალიელები შეადგენენ. მათთან ერთად სცენაზე გამოვლენ, აგრეთვე, ქართველი ბანი გიორგი ანდღულაძე და ქართველი მოცეკვავეები.

„დღევანდელი გენერალური რეპეტიციის შემდეგ დირექტორატმა გადაწყვიტა, რომ „დაისი“ ბელინის თეატრის რეპერტუარში ჩაესვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერის შემდეგ კიდევ არაერთხელ ექნება იტალიელ და იტალიაში მცხოვრებ ქართველ მაყურებელს ამ ოპერის ნახვის საშუალება. ეს მართლაც რომ უნიკალური ამბავია, რადგან იტალიაში ძალიან იშვიათია, უცხოური სპექტაკლი თეატრის რეპერტუარში ჩასვან, მით უმეტეს, რომ პრემიერა ჯერ არ შემდგარა. ქართული კულტურისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი და ისტორიული მოვლენა“, – განაცხადა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ.

ოპერაზე ერთობლივად მუშაობენ თბილისის ოპერისა და ბალეტისა და მასიმო ბელინის თეატრები. შემოქმედებით გუნდს სათავეში უდგას რამდენიმე ქართველი ხელოვანი: თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, რეჟისორი გოჩა კაპანაძე, სცენოგრაფი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, განათების დიზაინის ავტორი დავით მაჭავარიანი.

მანანა ბანძელაძე

p. s. ცნობილი ქართველი ბარიტონი ელდარ გეწაძე ამ ფაქტის შესახებ ფეისბუქში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

გილოცავთ ყველას!!!
17საათი და 45 წუთი,
ტელეფონის ზარი, ხაზზეა რეჟისორი გოჩა კაპანაძე, რომელმაც დაუჯერებელი, ზღაპრული ცნობა მომაწოდა:
„დამთავრდა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისის” დილის
რეპეტიცია და მასიმო ბელინის საოპერო თეატრის დირექტორატის გადაწყვეტილებით ჩვენი საუნჯე თეატრმა თავის მოქმედ რეპერტუარში ჩასვა.
გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს, ახდა საუკუნის ოცნება!!!
გაუმარჯოს ზაქარია ფალიაშვილს!
გაუმარჯოს „დაისს”!!
გაუმარჯოს ჩვენს საოპერო ხელოვნებას!

გილოცავთ ყველას!!!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close