რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალური შეხვედრა 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტებს შორის.
ეს შეხვედრა განსაკუთრებული იყო ჩვენთვის, რადგან თავიდანვე ვიცოდით, რომ ოქროსაც და ვერცხლსაც, ორივეს საქართველოს ნაკრების წევრები დაეუფლებოდნენ: ტატამის ორივე მხარეს საქართველოს წარმომადგენელი იდგა (შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ორ წონაში 2-2 მოჭიდავის დაყენების უფლება აქვს ნაკრებს). 90 კგ წონით კატეგორიაში წონაში მოასპარეზე ორივე ქართველმა მოჭიდავემ, ლაშა ბექაურმაც და ლუკა მაისურაძემაც, უპრობლემოდ მოიტოვა უკან ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები და კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული ფინალი გაიმართა.
მარტო ერთი კითხვა რჩებოდა: რომელი ქართველი ძიუდოისტი დადგებოდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე?
ამჯერად ლუკა მაისურაძემ იმარჯვა, ლაშა ვაზარზე დააგდო და ოქროს დაეუფლა. ლაშა ბექაური კი ვერცხლს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ 5 საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. გუშინ, 10 მაისს მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა (უკვე მეორედ), ჩემპიონატის პირველ დღეს, 7 მაისს კი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული ძიუდოს ისტორიაში რამდენიმე სარეკორდო შედეგი დაფიქსირდა.
1) ქართველი ძიუდოისტი (ტატო გრიგალშვილი) ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი შემთხვევაა.
2) მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული ფინალი პირველად გაიმართა.
3) საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს მედალი.
4) ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ერთზე მეტი (ჯერჯერობით ორი) ოქროს მედალი მოიპოვა.
ხვალ, 12 მაისს 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ისევ ორი მოჭიდავე დაიცავს – ილია სულამანიძე და ვარლამ ლიპარტელიანი.
ზეგ, 13 მაისს კი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) იბრძოლებენ გამარჯვებისთვის.
14 მაისს შერეული გუნდური ასპარეზობა გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები