ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონობის გაფორმების შემდეგ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე „ფიორენტინასთან“ გამართა და ქართველი თავდამსხმელის მოპოვებული პენალტით 1:0 დაამარცხა.
კვარაცხელია ლუჩანო სპალეტიმ განაცხადში შეიყვანა, მაგრამ დასვენების მიზნით ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, თუმცა 44-ე წუთზე ირვინგ ლოსანო დაშავდა და „ნაპოლის“ მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი მოედანზე შეუშვა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, 48-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლის“ დაწინაურების რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ „ფიორენტინას“ მეკარემ ბურთი მოიგერია.
74-ე წუთზე ხვიჩა საჯარიმოში მცველებს ეფექტურად გასცდა, მაგრამ წააქციეს და „ნაპოლიმ“ მეორე პენალტი მოიპოვა. ოსიმენმა ამჯერად შანსი გოლად აქცია, „ნაპოლი“ დააწინაურა 1:0 და საბოლოოდ შეხვედრა ასევე დასრულდა.
34 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 83 ქულა მოაგროვა და მეორეადგილოსან „იუვენტუსს“ 17 ქულით ასწრებს. გუნდი იტალიის ჩემპიონია და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება ავტომატურად მოიპოვა.
1tv,ge
კომენტარები