მსოფლიოსაზოგადოება

მადრიდის რესტორანში საფირმო პიცა „ფლამბეს“ კლიენტისთვის მიტანის პროცესში ხანძარი გაჩნდა, 2 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა (ვიდეო)

2 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა მადრიდის სალამანკის რაიონში მდებარე იტალიურ რესტორანში, Plaza de Manuel Becerra-ში  ხანძრის შედეგად, რომელიც ოფიციანტის მიერ კლიენტისთვის საფირმო პიცა „ფლამბე“ („ცეცხლოვანი“) მიტანის პროცესში გაჩნდა. დაშავებულთაგან 6-მა საკმაოდ მძიმე დამწვრობა მიიღო.

ქალაქის მერის, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდას ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთი მამაკაცი რესტორნის თანამშრომელია, მეორე კი – ვიზიტორი. მისივე თქმით, ერთი ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული კრიტიკულ მდგომარეობაში. კიდევ 5 სერიოზულად დაშავდა.

ხანძარი რესტორანში მაშინ გაჩნდა, როდესაც კლიენტის მაგიდას მიახლოებულმა მიმტანმა შეკვეთილ პიცა „ფლამბეს“ ცეცხლი წაუკიდა. რამდენიმე წამში ცეცხლი პლასტიკის ხელოვნური ყვავილებით ჯუნგლების სტილში გაფორმებული რესტორნის კედლებს, კოლონებს და ჭერს მოედო. ამ დროს რესტორანში 30 სტუმარი და თანამშრომელი იმყოფებოდა.

როგორც თვითმხილველებმა უთხრეს გამოცემა El País-ს, ოფიციანტმა კერძს ალკოჰოლი მოასხა და ცეცხლი  წაუკიდა. მას „ერთ ხელში თეფში ეჭირა, მეორეში – სარჩილავი ლამპა, ამ დროს პლასტიკის ყვავილებშემოხვეულ კოლონასთან გაიარა და რამდენიმე წამში ყველაფერი ცეცხლის ალში გაეხვია“.

შემთხვევის ადგილზე 10 სასწრაფო და 12 სახანძრო მანქანა სწრაფად მივიდა, თუმცა სქელმა კვამლმა შენობის შიგნით მომწყვდეული ხალხის გამოყვანა შეაფერხა და მეხანძრე-მაშველებმა ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ შეძლეს. მადრიდის მერის თქმით, ხანძარი 10 წუთში ჩააქრეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close