იტალიამიგრაცია

იტალიაში არალეგალ მიგრანტთა ნაკადის ზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დეპორტაციის პროცედურაც გამარტივდა

ჯორჯა მელონის მთავრობამ იტალიაში არალეგალ მიგრანტთა ნაკადის ზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობის განკარგულებით, ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებს 5 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევენ.

ეს თანხები მიგრანტების განთავსების ახალი ცენტრების მშენებლობაზე დაიხარჯება.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების პერიოდში არალეგალური გზით ჩასული მიგრანტების დეპორტაციის პროცედურა გამარტივებული იქნება.

ამასთან, იტალიის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა ნელო მუსუმეჩიმ უკვე განაცხადა, რომ უკანონო მიგრაციის ზრდის საწინააღმდეგოდ იტალიის მთავრობის მიერ მიღებული ზომები საკმარისი არ არის და საჭიროა, რომ პრობლემის გადაჭრაში ევროკავშირიც ჩაერთოს.

იტალიის პოლიციის მონაცემებით, რომელიც დღეს შექმნიდან 171 წლისთავს აღნიშნავს, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იტალიაში 105 131 არალეგალური მიგრანტი ჩავიდა ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა მარშრუტით, 2 539  ნავით.

ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ ზღვით ჩასული არალეგალური მიგრაციის ნაკადი 2017 წლიდან 2019 წლამდე სტაბილურად მცირდებოდა, შემდეგ კი ტენდენცია შეიცვალა და 2020 წლიდან 2022 წლამდე მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, იტალიაში ხმელთაშუა ზღვიდან შესულ არალეგალურ მიგრანტთა რაოდენობა  წინა წელთან შედარებით +55,80%-ით  გაიზარდა და 105 131-ს მიაღწია (2021 წელს – 67 477). 2022 წელს პიკი აგვისტოში დაფიქსირდა – 16 816 მიგრანტი (დღეში, საშუალოდ, 542,45).

ყველაზე დიდი მიგრაციული ნაკადი ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიაში ლიბიიდან (53310) და  ტუნისიდან (32 371) შედის, შემდეგ მოდის თურქეთი (16 205), ლიბანი (1 603), ალჟირი (1 389), სირია (243), საბერძნეთი (6) და კვიპროსი (4).

მიგრანტების უმეტესობა სიცილიაზე – 79 016 და კალაბრიაში – 18100 ჩავიდნენ; შემდეგი რეგიონები, რომლებზეც 2022 წელს იტალიაში ზღვით შესული ყველაზე მეტი მიგრანტი მოდის, არის აპულია (4908), სარდინია (2103), კამპანია (641), ტოსკანა (250) და ემილია რომანია (113).

ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის დასაწყისიდან იტალიაში ხმელთაშუა ზღვით უკვე ჩავიდა 31 ათასი მიგრანტი, რაც თითქმის 4-ჯერ მეტია, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში (7 900).

იტალიის სახელმწიფო პოლიციის მონაცემებით, ქვეყანაში დღეისათვის  4 676 719 ლეგალური მიგრანტია (2022 წლის თებერვლის მაჩვენებელი). 2022 წელს 1 570 183 ბინადრობის ნებართვა გაიცა, რაც 2021 წელთან შედარებით 11%-ით მეტია. საგანგებო სიტუაცია, აგრეთვე, ომის გამო უკრაინის მოქალაქეების გაზრდილ მიგრაციულ ნაკადს უკავშირდება. იტალიაში 2022 წლის 31 მარტიდან 31 დეკემბრამდე უკრაინის 176 768  მოქალაქის განცხადება შევიდა საიმიგრაციო სამსახურში, საიდანაც 169 829 დროებითი დაცვას ითხოვდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close