ტრაგიკული შემთხვევა მარსელში: შენობის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 2 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაკარგულად ითვლება
საფრანგეთის ქალაქ მარსელის ცენტრში, ტივოლის ქუჩის 17 ნომერში (Bouches-du-Rhône-ის დეპარტამენტი საფრანგეთის სამხრეთი) აფეთქების შედეგად 4-სართულიანი შენობა დაინგრა, ნაწილობრივ ჩამოინგრა 2 მეზობელი შენობა. შედეგად, სულ ცოტა, 2 ადამიანი დაიღუპა, ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში 4-იდან 10 ადამიანამდე შეიძლება იყოს მოყოლილი.
აფეთქება კვირა დილით, 4 საათზე მოხდა პლეინის რაიონის განაპირას, რომელიც თავისი რესტორნებით, ბარებითა და ღამის კლუბებით არის ცნობილი.
სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება ნანგრევების ქვეშიდან ადამიანების ამოსაყვანად, ადგილზე 100 მეხანძრე-მაშველი მუშაობს, რომლებსაც თავიდან ნანგრევების სიღრმეში გაჩენილმა ხანძარმა შეუშალა ხელი.
4 ადამიანი ნამდვილად არის ნანგრევებში, თუმცა შესაძლოა უფრო მეტი, 10-მდე ადამიანი იყოს, – განაცხადა შს მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა, რომელიც შემთხვევის ადგილას კვირას დილითვე ჩავიდა.
მარსელის მერის, ბენუა პეიანის თქმით, ორი მეზობელი შენობა (ტივოლის ქუჩის 15 და 19 ნომრებში) ასევე ნაწილობრივ ჩამოინგრა, მესამე შენობა კი ჩამონგრევის საფრთხის ქვეშაა.
სერიოზულად დაზიანდა მეზობელ შენობებში მცხოვრები 5 ადამიანი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მთლიანობაში სამედიცინო დახმარება 33 ადამიანს დასჭირდა.
აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა უპირატეს ვერსიად გაზის გაჟონვა განიხილება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტვიტერზე დაწერა მომხდარის შესახებ და თავისი მწუხარება გამოხატა.
Émotion avec Marseille, où un immeuble de la rue Tivoli s’est effondré cette nuit. Je pense aux personnes touchées et à leurs proches. Les recherches se poursuivent avec d’importants moyens déployés. Merci aux pompiers et aux secours mobilisés.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) April 9, 2023
ნინო ხოშტარია
კომენტარები