სპორტი

„ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე მოქმედმა ჩემპიონმა დაამარცხა 0:4

ხვიჩა კვარაცხელიამ და „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მატჩი „მილანთან“ გამართეს და სეზონში ყველაზე მტკივნეული მარცხი განიცადეს – 0:4.

სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში, რომელსაც „სტადიო მარადონამ“ უმასპინძლა, ქართველი ნახევარმცველი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. მისი გადაცემით უკვე მეშვიდე წუთზე ჯოვანი სიმეონეს ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.

პირველი ტაიმის გმირი ბრაიმ დიასი იყო, რომლის შესანიშნავი გადაცემით რაფაელ ლეაო მე-17 წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა და „მილანი“ დააწინაურა. 24-ე წუთზე კი სტუმართა უპირატესობა თავად დიასმა ორამდე გაზარდა და შესვენებამდე „როსონიერიმ“ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა – 0:2.

მეორე ნახევარში „მილანმა“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 59-ე წუთზე კონტრშეტევა რაფაელ ლეაომ მარცხენა ფლანგიდან გაამწვავა, საჯარიმოში სწრაფად შევარდა და დუბლი შეასრულა – 0:3. 67-ე წუთზე კი ალექსის სალმაკერსმა შესანიშნავი გოლით ანგარიში გამანადგურებელი გახადა – 0:4.
„ნაპოლი“ მიმდინარე სეზონში ასე აშკარად პირველად დაიჩაგრა, მაგრამ 28 ტურის შემდეგ 71 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა და „ლაციოს“ (55) მაინც სოლიდური უპირატესობით უსწრებს.

„ნაპოლი“ და „მილანი“ აპრილში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კიდევ ორჯერ დაუპირისპირდებიან – 12 აპრილს მილანში, „სან-სიროზე“, ხოლო 19 აპრილს – „სტადიო მარადონაზე“.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close