სპორტი

კვარაცხელიამ „ატალანტასთანაც“ გაიბრწყინა, ლამაზი გოლიც გაიტანა – „ნაპოლიმ“ „ინტერს“ 18 ქულით გადაასწრო (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ევროსაგზურისთვის მებრძოლ „ატალანტას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ლიდერი ამ მატჩამდე სერია A-ს თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და პირველი მოთამაშე გახდა, ვინც EA Sports-ის თვის ფეხბურთელი წოდება ერთ სეზონში მეორედ (პირველად – აგვისტოში) მოიგო.

ხვიჩამ შეხვედრა, ტრადიციულად, მარცხენა შემტევად დაიწყო და პირველად 27-ე წუთზე გაიბრწყინა – ფლანგზე მცველი ჩამოიშორა და კარში დაარტყა, მაგრამ მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

მე-60 წუთზე კი ხვიჩამ ისევ გაიბრწყინა და „სტადიო მარადონაზე“ შეკრებილი გულშემატკივრები, ისევე როგორც საქართველო, მორიგი შედევრით გაახარა – შესანიშნავი მოძრაობებით საჯარიმოში რამდენიმე მცველს თავბრუ დაახვია და ანგარიში გახსნა.

„ატალანტამ“ სახიფათოდ შეუტია და რეალური საგოლე მომენტებით ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღო – კუთხურის გათამაშების შემდეგ, 77-ე წუთზე ამირ რახმანიმ თავით ზუსტად დაარტყა და „ნაპოლის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა 2:0.

კვარაცხელია 85-ე წუთზე შეცვალეს, „ნაპოლიმ“ კი უპირატესობა შეინარჩუნა და საბოლოოდ 2:0 მოიგო.

იტალიის სერია A-ში გამართული 26 ტურის შემდეგ სპალეტის გუნდი 68 ქულით პირველ ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე 12 ტურით ადრე კონკურენტ მილანის „ინტერს“ (50) უკვე 18 ქულით ასწრებს. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 11 გოლი და 9 საგოლე პასია.

1tv. ge

ამავე თემაზე:

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close