დღის თემაპოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეცრაზმმა რამდენჯერმე ისევ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი

8 მარტს, დღის 3 საათიდან, თითქმის 7 საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან. დაახლოებით ღამის 11-ის ნახევრისკენ კი სიტუაცია დაიძაბა, მას შემდეგ, რაც სტრატეგია „აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დემონსტრანტებს მოუწოდა, პარლამენტის შენობა ალყაში მოექციათ.

ამ საკითხმა აქციის მონაწილეებს შორის უთანხმოება გამოიწვია, მათი ნაწილი არ დაეთანხმა ცარიელი პარლამენტის შენობის ალყას და მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელებას უჭერდა მხარს.

„ეს გადაწყვეტილება არის საინიციატივო ჯგუფის, ყველასი, აქ ვინც დგას, სხვადასხვა ჯგუფის. ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ ალყაში. ყველა შესასვლელთან განვლაგდეთ პარლამენტის გარშემო, – განაცხადა ვაშაძემ, – ხვალ აპირებენ პარლამენტის სესიის ჩატარებას. ჩვენ უნდა მოვახდინოთ პიკეტირება და არ ჩავატარებინოთ სესია. მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არ უნდა ემსახურებოდეს რუსულ ინტერესებს“.

გიორგი ვაშაძის მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობისთვის ალყის დასარტყმელად დაიძრა, რამდენიმე ახალგაზრდამ პარლამენტის შუშები ჩაამტვრია, მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტთან რკინის ჯებირების მოხსნას ცდილობდნენ. ამის შემდეგ პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო და ცრემლსადენი აირის ყუმბარებიც ისროლა. მათ დაახლოებით ნახევარ საათში რუსთაველის გამზირი დემონსტრანტებისგან გაწმინდეს, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილი მალე ისევ უკან დაბრუნდა.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სპეცრაზმი იმყოფება, სრულად გაწმენდილია პარლამენტის გარშემო ტერიტორია, თუმცა დემონსტრანტები სასტუმრო „მერიოტთან“ და ხელოვნების გალერეასთან იმყოფებიან და სხვადასხვა საგნებით ცდილობენ ბარიერების გაკეთებას.

სპეცრაზმი ჯერჯერობით აღარ იყენებს ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს.

დემონსტრანტების ნაწილი კი „დედაენის ბაღთან“, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შეოკრებილი, მათ გზა გადაკეტეს.

დემონსტრანტების ნაწილმა გზა გადაკეტა „ქართული ოცნების“ ოფისთან.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია – გაიწვიოს ხელისუფლებამ ე. წ. „აგენტების კანონპროექტი“ და გაათავისუფლოს დაკავებულები, რამდენიმე ათეული ადამიანი.

ხელისუფლების განცხადებით კი, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და, აგრეთვე, მეორე ინიციატივა, ე. წ. ამერიკული კანონის ქართული ვერსია უკვე გაეგზავნა ვენეციის კომისიას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მალორის წერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მოუწევს. კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორები – აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები.

მათი მთავარი პრეტენზიაა, რომ კანონპროექტი „უცხოური აგენტების“ შესახებ არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით.

ვენეციის კომისიამ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული განცხადებით დაადასტურა, რომ ორივე კანონპროექტი მიღებულია განსახილველად.

„2023 წლის 8 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას თხოვნით მიმართა, განიხილოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტი“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის ინფორმაციაში.

ვენეციის კომისია ევროპის საბჭოს უწყებაა, რომელიც კონსულტაციას უწევს ქვეყნებს საკონსტიტუციო-სამართლებრივი სფეროში და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შედგება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close