ჯონი დეპის მიერ დახატული პორტრეტები (მათ შორის, რეგის ვარსკვლავი ბობ მარლი, მწერალი ჰანტერ ს. ტომპსონი, მსახიობები ჰიტ ლეჯერი და რივერ ფენიქსი) გასულ ორშაბათს ლონდონის კოვენტ გარდენში, Castle Fine Art Gallery-ში იყო წარმოდგენილი. თითო ნახატი 5400 დოლარი ღირდა და ხუთ დღეში თითქმის მთელი კოლექცია გაიყიდა. როგორც Daily Mail-ი იტყობინება, შედეგად მსახიობმა 5,4 მილიონი დოლარი მიიღო.
ეს ჯონი დეპის კოლექციის „მეგობრები და გმირები“ მეორე გამოფენაა, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიმართა.
ნახატების პირველი სერია, რომელიც ფოლკლორის ლეგენდის – ბობ დილანის, Rolling Stones-ის გიტარისტის – კით რიჩარდსის, კინოვარსკვლავების – ელიზაბეთ ტეილორისა და ალ პაჩინოს პორტრეტებს მოიცავდა, გასული წლის ივლისში რამდენიმე საათში გაიყიდა.
მანამდე ჯონი დეპმა თავისი ნახატები NFT-ების სახითაც გამოუშვა გასაყიდად. სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საიტზე Never Fear Truth („არასოდეს შეგეშინდეს სიმართლისა“) დეპმა თქვა, რომ ხელოვნება მის ცხოვრებაში მსახიობობამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ხატვას აგრძელებდა , მაგრამ არ ცდილობდა თავისი ნამუშევრები საზოგადოებისთვის ეჩვენებინა სხვა მხატვრების პატივისცემის გამო, რომლებსაც თავიანთი ნამუშევრების პოპულარიზაცია არ შეუძლიათ ცნობილი სახელის გამოყენებით.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჯონი დეპმა ფინანსური სირთულეები განიცადა, მან კინოინდუსტრიაში მომგებიანი კონტრაქტები და შეთავაზებები დაკარგა ემბერ ჰერდთან სკანდალური განქორწინების გამო, თუმცა სასამართლოს გამამართლებელი განაჩენისა და პროცესის დასრულების შემდეგ დეპის კარიერა კვლავ გაგრძელდა და გულშემატკივრებმა დაიწყეს ყველაფრის ყიდვა, რაც მის სახელთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, მამაკაცის სუნამო Sauvage by Dior, რომლის რეკლამაშიც ჯონი დეპია გადაღებული, ბესტსელერი გახდა.
თამთა გურული
კომენტარები