თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ჩვენი მეხუთე მოქალაქე ციცო პაკელიანია, რომელსაც ახლობლები ეძებდნენ
თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში ნანგრევებიდან 11 თებერვალს ამოყვანილი საქართველოს მოქალაქე ციცო პაკელიანია, რომელსაც ახლობლები 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ეძებდნენ.
სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოხუცის მომვლელად მუშაობდა და მიწისძვრის დროს, დილის 4:17 სთ-ზე კორპუსის მე-2 სართულზე იმყოფებოდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ახლობლები ამბობენ, იგი რამდენიმე წლის წინ წავიდა თურქეთში სამუშაოდ.
ამ დროისთვის თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი 5 საქართველოს მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.
6 თებერვალს თურქეთში მომხდარ 2 დამანგრეველ მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, 33 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა: თურქეთში – 29 605, სირიაში – 3574.
11 თებერვალს ჯანმოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაორმაგდეს.
თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაში 100-მდე მშენებელი დააკავეს. თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ეს ადამიანები დანგრეული სახლების მშენებლობასთან არიან კავშირში და არსებობს ეჭვი, რომ მათ შენობების აგებისას (რომლებიც მიწისძვრამ ნანგრევებად აქცია) თურქეთის სამშენებლო ნორმები დაარღვიეს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები