მილანის რესტორანში ტირამისუს ჭამის შემდეგ გოგონა გარდაიცვალა, 4 ადამიანი ეჭვმიტანილია
20 წლის ახალგაზრდას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, კომაში ჩავარდა და 10 დღის შემდეგ დაიღუპა
მილანში, ვეგანურ რესტორანში ტირამისუს ჭამის შემდეგ 20 წლის გოგონას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მილანის პროკურატურა საქმეს აწარმოებს 4 ადამიანის წინააღმდეგ არაგანზრახ მკვლელობის, კომერციული საქმიანობისას განხორციელებული თაღლითობისა და არანამდვილი (non genuine) პროდუქტების რეალიზაციის კუთხით.
გამოძიების თანახმად, რომელსაც პროკურორი ლუკა გალიო (Luca Gaglio) ხელმძღვანელობს, პროდუქტში რძის კვალი აღმოჩნდა, გოგონა კი დაბადებიდანვე ალერგიული იყო რძეში შემავალ ცილებზე.
მედიის ცნობით, 20 წლის გოგონა თავის მეგობარ 26 წლის ბიჭთან ერთად ვეგანურ რესტორანში შევიდა, სადაც ტირამისუ შეჭამა თუ არა, გონება დაკარგა.
დაზარალებული, მძიმე ანაფილაქსიური შოკის მდგომარეობაში, სასწრაფოდ გადაიყვანეს მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში. მალევე გოგონა კომაში ჩავარდა. სამწუხაროდ, მედიცინა უძლური აღმოჩნდა და 10 დღის შემდეგ, 5-იდან 6 იანვრის ღამეს იგი გარდაიცვალა.
პროკურორის განკარგულებით, ახალგაზრდა ქალის ცხედარი გაკვეთეს სიკვდილის მიზეზის დასადგენად, თუმცა მანამდე კვების უსაფრთხოების და ჯანდაცვის შესაბამისმა სამსახურებმა – N.A.S. dei carabinieri-მ და ქალაქ მილანის ჯანდაცვის სააგენტომ დაადგინეს, რომ რესტორნის მიერ ვეგანურად გასაღებულ ტირამისუში, რომელიც გოგონამ შეჭამა, რძის კვალი იყო.
პროდუქტი ამოღებულია რეალიზაციიდან „ალერგენების არსებობის რისკის გამო“.
ნინო ხოშტარია
კომენტარები