მსოფლიოსაზოგადოება

კანადელმა თინეიჯერმა ცხოვრებაში პირველად შევსებული ლატარიის ბილეთით ჯეკპოტი მოხსნა

18 წლის გოგონამ ჯულიეტ ლამურმა, რომელიც კანადაში, ჩრდილოეთ ონტარიოში ცხოვრობს, ეროვნული ლატარიის გათამაშებაში ჯეკპოტი – 48 მლნ კანადური დოლარი (35,8 მლნ აშშ დოლარი) მოიგო. მან თავის სიცოცხლეში პირველად შეავსო ბილეთი და ლატარიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.

როგორც კანადური მედია აღნიშნავს, გოგონამ მაშინვე მამას მიმართა, რომელიც ფინანსების მართვის მენეჯერად მუშაობს. ჯულიეტის თქმით, სწორედ მან ურჩია ლატარიის ბილეთის შევსება.

გოგონამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბილეთი შეავსო და დაავიწყდა. მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როდესაც  ახალ ამბებში მოისმინა, რომ 7 იანვარს გამართულ ეროვნულ ლატარიაში ვიღაცამ მისი მშობლიური ქალაქიდან ჯეკპოტი მოხსნა.

ამ დროს იგი სამუშაოზე იმყოფებოდა, გახსნა გათამაშების მობილური აპლიკაცია და აღმოაჩინა, რომ ის „ვიღაცა“ თავად იყო. ჯულიეტის და მისი თანამშრომლების ემოციების აღწერა ალბათ საჭირო არ არის…

ჯულიეტის თქმით, აპირებს, თანხის ნაწილი განათლებაზე დახარჯოს – მას ექიმობა სურს, თუმცა სწავლის დასაფინანსებლად გრანტი ან სხვა სახსრები სჭირდებოდა. ახლა ეს პრობლემა მოხსნილია.

ჯერჯერობით იგი თავის ქალაქში რჩება, სკოლის დამთავრების შემდეგ კი (კანადაში სკოლას 17-18 წლის ასაკში ამთავრებენ), როგორც მედიასთან ამბობს, ოჯახთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ წავა მათი ისტორიის და კულტურის, სამზარეულოს, ენების გასაცნობად.

ჯულიეტი საკმაოდ რაციონალურად მოაზროვნე გოგონაა. „ფული არ განსაზღვრავს პიროვნებას, ადამიანი იმით განისაზღვრება, რას აკეთებს ცხოვრებაში“, – ამბობს იგი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close