პოლიტიკასაბერძნეთი

მიცოტაკისი განმარტავს, რატომ არ მიაწვდის საბერძნეთი უკრაინას LEOPARD 2-ის ტიპის ტანკებს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ საბერძნეთი უკრაინას გერმანული წარმოების „ლეოპარდ 2-ის“ საბრძოლო ტანკებს არ მიაწვდის. ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობის მეთაურმა იაპონური გამოცემა Nikkei Asia-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გავუწიეთ ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემით, თუმცა არ შეგვიძლია მივაწოდოთ Leopard 2-ის ტიპის ტანკები იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი აბსოლუტურად აუცილებელია ჩვენი თავდაცვის სტრატეგიისთვის. ყოველთვის გარკვევით ვამბობდით, რომ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მაგრამ არა ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების საზიანოდ“, – განმარტა მიცოტაკისმა.

მისივე თქმით, ასეთი მიდგომის მიზეზია ბოლო დროს გამწვავებული სიტუაცია საბერძნეთსა და თურქეთს შორის ეგეოსის ზღვაში ტერიტორიების კუთვნილების საკითხის გამო.

სამშაბათს ტოკიოში მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მიცოტაკისმა ანკარა გააკრიტიკა იმისათვის, რომ მან არ დაუწესა სანქციები მოსკოვს და უარი თქვა შვედეთისა და ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ კავშირში გაწევრიანების რატიფიცირებაზე.

ეს ინფორმაცია სააგენტო „ანადოლუმ“ 31 იანვარს გაავრცელა. გამოცემის ცნობით, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მევლუთ ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არსებულ პირობებში თურქეთის პარლამენტი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებას არ მოახდენს.

„არ მაწუხებს შესაძლო კონფლიქტი თურქეთთან, მაგრამ შეშფოთებული ვარ, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკა ბოლო რამდენიმე წელია უფრო რევიზიონისტული და უფრო აგრესიული გახდა, რასაც შეუსაბამოდ მივიჩნევ იმ დროს, როდესაც საქმე გვაქვს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევასთან უკრაინაში“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.

ევროპაში „ლეოპარდების“ ყველაზე დიდი რაოდენობა საბერძნეთს აქვს თავის შეიარაღებაში: დაახლოებით 350 ერთეული Leopard 2 და 500 ერთეული Leopard 1.

ერთი კვირის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთი უკრაინას „ლეოპარდის“ ტიპის ტანკებს გადასცემდა.

ამ საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება უკვე მიიღო გერმანიამ მას შემდეგ, რაც აშშ დათანხმდა კიევისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების გადაცემაზე. „ლეოპარდებს“ უკრაინას პოლონეთიც გადასცემს.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს. გამოცემა წერს, რომ უკრაინისთვის მწარმოებელს ახალ „აბრამსებს“ შეუკვეთენ ურანის ჯავშნის გარეშე, რადგან მათი მაღალჩინოსანი წყაროების ცნობით, ურანის ჯავშანი საიდუმლო ტექნოლოგიაა და პენტაგონს არ სურს, ის რუსეთის ხელში მოხვდეს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close