ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

პირველად! – იტალიამ ქართველი ემიგრანტი ფსიქოლოგის დიპლომი ოფიციალურად აღიარა და მუშაობის უფლება მისცა

იტალიაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს შეუძლიათ, მშობლიურ ენაზე მიიღონ კვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარება თანამემამულისგან პირადი ვიზიტისას და ონლაინ რეჟიმში

2023 წელი ძალიან კარგი ამბით დაიწყო იტალიაში, განსაკუთრებით კი – ბარის რეგიონში მყოფი ქართველი ემიგრანტებისათვის: პირველად ქართული დიასპორის ისტორიაში ოფიციალურად გაიხსნა ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტი ბარიში, „ჯეოჰაუსის“ ოფისში, რომელსაც იტალიაში სერტიფიცირებული ქართველი ფსიქოლოგი – ქალბატონი თეონა ბოტკოველი გაუძღვება თავიდან კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით, ივნისიდან კი – კვირაში 5 დღეს.

თეონა ბოტკოველს ფსიქოლოგიური განათლება თბილისისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში აქვს მიღებული, თუმცა იმისათვის, რომ მისი დიპლომი იტალიას ეღიარებინა, საკმაოდ რთული ბარიერების გადალახვა მოუწია, რომელთა შესახებაც ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.

თეონა, დიდი მადლობა ექსკლუზიური ინტერვიუსთვის! თქვენ დიდი წარმატებით დაასრულეთ გასული წელი – იტალიაში ლიცენზირებული ფსიქოლოგი გახდით და ახალი წელიც მნიშვნელოვანი მოვლენით დაიწყეთ: ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტი გახსენით ქალაქ ბარიში. საიდან და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი  – იტალიაში ჩასვლისთანავე გქონდათ მიზანი თუ რამე კონკრეტულმა შემთხვევამ განაპირობა?

დიდი ხანია მინდოდა, ჩემს პროფესიას დავბრუნებოდი, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც არ მქონდა ე. წ. პერმესო დი სოჯორნო (იტ. permesso di soggiorno – ოფიციალურად ცხოვრების და მუშაობის უფლება), აქამდე ვერ შევძელი ვერც სწავლა და, შესაბამისად, ვერც ქართული დიპლომის აღიარება.

ყველაფერი დაიწყო 2022 წლის აპრილიდან, როცა უკვე ოფიციალურად ავიღე საბუთი და მომეცა უფლება და შანსი, ოფიციალურად მემუშავა და მესწავლა.

როგორც კი „პერმესო დი სოჯორნო“ ავიღე, საქართველოში წამოვედი, რომ ჩემი დიპლომის აპოსტილი გამეკეთებინა, ყველა საბუთი გამემზადებინა იტალიურ ენაზე. დავბრუნდი იტალიაში და ქალბატონმა ხათუნა ბოლაშვილმა თავისი საიმიგრაციო ოფისიდან – „ჯეოჰაუსიდან“ გამიგზავნა ყველა საჭირო დოკუმენტაცია სწავლის უფლების მისაღებად.  ჩავეწერე კურსზე, რომელიც აუცილებლად უნდა გავიარო (6-თვიანი კურსია), რომ ოფიციალურად მომეცეს იტალიელებთანაც მუშაობის  უფლება. ამ ეტაპზე მხოლოდ ქართველ ემიგრანტებთან მუშაობის უფლება მაქვს, რომელიც ჩვენი საკონსულოს და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დიასპორასთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დიდი მხარდაჭერით მოვიპოვე, რისთვისაც მათი ძალიან მადლობელი ვარ. და, რა თქმა უნდა, ხათუნა ბოლაშვილის დიდი მხარდაჭერითაც, რომელმაც კაბინეტი დამითმო თავის ოფისში – ქალბატონ ხათუნას დიდი საიმიგრაციო ოფისი აქვს, „ჯეოჰაუსი“, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. ყველა საჭირო საიმიგრაციო დახმარება ეწევათ ემიგრანტებს ამ ოფისში – ჰყავთ იტალიელი ადვოკატი, აქვთ სავიზო და საბუთებთან დაკავშირებული ყველანაირი მომსახურება, ავიაბილეთებიდან დაწყებული, აბსოლუტურად ყველაფერია, რაც კი შეიძლება ემიგრანტს დასჭირდეს, ახლა ფსიქოლოგიური მომსახურებაც დაემატა ჩემი კაბინეტით.

მარტის ბოლოს ვამთავრებ ამ სავალდებულო კურსს, აპრილის დასაწყისში გამოცდას ჩავაბარებ და უკვე ოფიციალურად მომენიჭება იტალიაში მდებარე ნებისმიერ ორგანიზაციაში მუშაობის უფლება, იტალიელებთანაც.

„ჯეოჰაუსში“ გახსნილ კაბინეტში უკვე დაიწყეთ მუშაობა?

დიახ, პარასკევს (13 იანვარი) მქონდა მოკრძალებული პრეზენტაცია, ვიდეოც გავავრცელე ფეისბუქში და უკვე 19 იანვრიდან (ხუთშაბათი) დაიწყო კაბინეტმა მუშაობა. თავიდან კვირაში ერთ დღეს, ხუთშაბათს დამეთმო ეს კაბინეტი ოფიციალურად, როდესაც სავალდებულო კურსს ბოლომდე დავასრულებ და სხვა სერტიფიკატებსაც ავიღებ, ზაფხულიდან, პირველი ივნისიდან უკვე ოფიციალურად დავიწყებ კვირაში 5 დღე მუშაობას.

ონლაინ რეჟიმშიც აგრძელებთ ფსიქოლოგიურ დახმარებას ხომ?

დიახ,  შემიძლია პაციენტების მიღება ონლაინ ნებისმიერ დროს. უკვე მყავს ასეთი პაციენტები, ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან და შეუფერხებლად ვაგრძელებ მუშაობას ონლაინ რეჟიმშიც.

ალბათ არც ისე მარტივი იყო ეს ყველაფერი, მით უმეტეს, ფსიქოლოგიის სწავლა იტალიურ ენაზე…

დიახ, საკმაოდ რთული ეტაპები გადავლახე – 8 თვე ვსწავლობდი გრამატიკულ იტალიურს. იტალიური კი ვიცოდი, მაგრამ იმ დონისთვის რომ მიმეღწია, რომელიც აუცილებელი იყო სწავლის უფლების მისაღებად, 8 თვე დამჭირდა კურსის გავლა. კურსის დამთავრებისთანავე ჩავაბარე გამოცდა, ავიღე ენის სერტიფიკატი და შემდეგ უკვე ენის სერტიფიკატით, ჩემი დიპლომით და სხვა საბუთებით მომეცა საშუალება, ფსიქოლოგიაში გამევლო კურსი იტალიაში ჩემი ქართული დიპლომის აღიარებისთვის და ფსიქოლოგად მუშაობის უფლების მისაღებად.

თეონა, სანამ ამ თემაზე გავაგრძელებდეთ საუბარს, უფრო ადრინდელ ამბებზეც ვისაუბროთ: საქართველოში სად მიიღეთ ფსიქოლოგიური განათლება? როგორც ვიცი, საბჭოთა პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური სკოლა იყო, საბჭოთა კავშირში გამორჩეული…

1987 წელს ჩავაბარე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვაბარებდი ისტორიულზე, იმიტომ რომ ისტორია იყო ჩემთვის ნომერ პირველი საგანი, ძალიან მიყვარდა, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ქულები დამაკლდა, უნივერსიტეტმა მომცა არჩევანი, ჩემი ქულებით ჩავრიცხულიყავი ან ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, ან სოციოლოგიაზე (იმ წელს დაემატა), რამდენიმე სხვა ფაკულტეტიც იყო ჩამონათვალში. ვერ გეტყვით, რატომ ავირჩიე ფილოსოფია-ფსიქოლოგია, თავიდან სოციოლოგიის არჩევას ვფიქრობდი, რადგან სიახლე იყო, მაგრამ ამ ფაკულტეტზე ძალიან დაბალი კონკურსის გამო გადავიფიქრე… ფილოსოფიას ალბათ ახლოს „მივუყენე“ ისტორია, რადგან ძალიან მიყვარდა. საბჭოთა კავშირის დროს საკავშირო  ტურებში ვმონაწილეობდი მოსკოვში და ლენინგრადში, რესპუბლიკურ ტურს ყოველთვის ვიგებდი. მძინარე რომ წამოგეხტუნებინეთ, მაშინვე გიპასუხებდით ნებისმიერ შეკითხვაზე. დღემდე მახსოვს ზეპირად ყველაფერი…

კარგად მომზადებულიც ვიყავი, მამიდაჩემმა, ნანა ბოტკოველმა (ნანა ბოტკოველი – ცნობილი ხელოვანი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი) ისეთ ლექტორებთან მიმიყვანა მოსამზადებლად, რომლებიც თვითონ საგამოცდო კომისიაში იყვნენ, მაგრამ  ძალიან დიდი კონკურსი იყო – 1019-ე ვიყავი, საბუთები რომ შევიტანე…

მეც კარგად მახსოვს, ისტორიულზე ყოველთვის ძალიან დიდი კონკურსი იყო იმ პერიოდში…

თან ჩემს დროს პროფტექნიკურ სასწავლებელს რომ ამთავრებდნენ 5-იან ატესტატზე, უგამოცდოდ ირიცხებოდნენ, ოქროს მედალოსნები, ავღანეთში ნამსახურები აბიტურიენტები ერთი გამოცდით აბარებდნენ… ამ დიდმა კონკურენციამ შემიშალა ხელი, რომ ჩემი ოცნება ვერ ავიხდინე და ვერ გავხდი ისტორიკოსი. ოქროს მედალი სკოლაში ვერ ავიღე, იმიტომ რომ ტექნიკურ საგნებში ძლიერი არ ვიყავი, უფრო ჰუმანიტარულისკენ მქონდა მიდრეკილება და ფიზიკამ 5 არ დამიწერა.

ფილოსოფია-ფსიქოლოგიაზე რომ ჩაირიცხეთ, შემდეგ აღარ გიცდიათ საბუთების გადატანა ისტორიულზე? როგორც ვიცი, უნივერსიტეტი ამის საშუალებას იძლეოდა.

დიახ, მესამე კურსიდან მქონდა უფლება, გადამებარებინა გამოცდები და ჩემს საყვარელ ისტორიულს დავბრუნებოდი, თუმცა შემდეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა: მესამე კურსიდან შესაძლებლობა მომეცა, სწავლა გამეგრძელებინა „ემგეუში“ (МГУ – მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – მაშინ არ იყო ასეთი გამწვავებული სიტუაციები და შეგვეძლო წასვლა და სწავლა. 6 საუკეთესო სტუდენტი აგვარჩიეს და 6-თვიანი პრაქტიკით გაგვგზავნეს მოსკოვში, ამიტომ ისტორიულზე აღარ გადამიტანია საბუთები. პრაქტიკის შემდეგ მოსკოვში გავაგრძელე სწავლა და იქ დავასრულე, ვიწრო სპეციალიზაციით „უმაღლესი  ნერვული სისტემის ფიზიოლოგი“ – ასე მიწერია დიპლომში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგად ფსიქოლოგიას ვსწავლობდი, ძირითადად, უზნაძეს გავდიოდით (ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი – რედ.). სპეციალობით ვარ ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტი.

შემდეგ დაიწყო ძალიან რთული წლები საქართველოსთვის… თქვენი პროფესიით თუ შეძელით მუშაობა?

დიახ, მერე ომები დაიწყო, გახსოვთ, საქართველოში რა მძიმე სიტუაცია იყო… ცოტა ხანს ვმუშაობდი ფსიქოლოგად ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ ტურისტულ კომპანიაში – „პონტო“ ერქვა, ზაზა ყიფიანმა დააარსა – რომელსაც ბალტიისპირეთისა და საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილ რესპუბლიკებში დაჰყავდა ბიზნესჯგუფები. ამ ჯგუფებს დავყვებოდი და სად აღარ ვიყავით… 92-ში ომი რომ დაიწყო საქართველოში, დაიშალა ეს კომპანია და უკვე ვეღარ შევძელი ჩემი პროფესიით დასაქმება. ისეთი მძიმე წლები იყო, ფსიქოლოგი კი არა, არავის არაფერი აღარ სჭირდებოდა…

სანამ იტალიაში წამოსვლას გადავწყვეტდი, საქართველოში სადაც  მომიწევდა და როგორც მომიხერხდებოდა, იქ ვმუშაობდი… მაღაზიებში და სადაც კი შესაძლებლობა მომეცემოდა. მაშინ მძიმე პერიოდები გამოვიარეთ ყველამ…

შემდეგ უკვე გადაწყვიტე იტალიაში წასვლა…

თქვენი დიპლომის აღიარების თემას დავუბრუნდეთ – ჩემი ინფორმაციით, პირველი სერტიფიცირებული ფსიქოლოგი ხართ იტალიის ქართული დიასპორიდან, რომელსაც ოფიციალურად მიენიჭა ამ ქვეყანაში პროფესიული საქმიანობის უფლება…

დიახ, ჩემი შემთხვევა ემიგრაციის ისტორიაში პირველი და უნიკალურია. ასეთი რამე არ მომხდარა არც სხვა ქვეყნებში, როგორც ვიცი. ყოველ შემთხვევაში, იტალიის ტერიტორიაზე ნამდვილად ვიცი, რომ პირველი ვარ, ვისი უნივერსიტეტის დიპლომი ოფიციალურად აღიარეს და ფსიქოლოგად მუშაობის უფლება მიანიჭეს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ენის ბარიერის გამო – ჩვენს თანამემამულე ემიგრანტებს იტალიაში ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ, მშობლიურ ენაზე ოფიციალურად მიიღონ საჭირო ფსიქოლოგიური დახმარება არა მარტო ონლაინ, არამედ პირადი ვიზიტითაც.

მართლაც, რის გამოც ყველაზე მეტ სტრესს განიცდიან ჩვენი ემიგრანტები – ახალი ჩამოსულები, სანამ ალღოს აუღებენ, ისწავლიან, გაიგებენ, კონტაქტში შევლენ იტალიელებთან, რა თქმა უნდა „უენობაა“. ცხადია, მეც გავიარე იგივე პერიოდი, არც მე ვიცოდი ენა, რომ ჩამოვედი და არც არავინ იცის, აქ ახალმა ჩამოსულმა, იშვიათად, რომ საქართველოდან ამ მხრივ მომზადებული წამოვიდეს ვინმე.

საერთოდ, მთავარი არის სურვილი და მონდომება, თორემ ენასაც ისწავლი და ყველაფერს შეძლებ!

მოთხოვნა კი ნამდვილად ძალიან დიდია ფსიქოლოგიურ დახმარებაზე, ეს პირადი საუბრებიდანაც კარგად ჩანს და სოციალურ ქსელებში ჩვენი ემიგრანტი თანამემამულეების კომენტარებიდან და პოსტებიდანაც. როგორც ვიცი, იტალიაში ოფიციალური სტატუსის მიღებამდეც ეხმარებოდით ჩვენს ემიგრანტებს, შეძლებისდაგვარად.

პანდემია რომ დაიწყო და ჩავიკეტეთ, ურთულესი მდგომარეობა შეიქმნა – ამ გამოკეტილ მოხუცებთან ჩვენი ემიგრანტები უმძიმეს სტრესში ჩავარდნენ, საშინელი დეპრესიები დაეწყოთ, უამრავი ქართველი დაბრუნდა მაშინ სამშობლოში. მე და ხათუნა ბოლაშვილს ჯგუფი გვქონდა შექმნილი და საკონსულოსთან ერთად ხელს ვუწყობდით ამ ხალხის, ძირითადად,  უფრო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მქონე ადამიანების დაბრუნებას საქართველოში, ვყიდულობდით ბილეთებს და იმ სპეცრეისებზე ვახვედრებდით, რომლებიც რომიდან მოფრინავდა… სწორედ 2020 წელს, როცა ეს საშინელება დაიწყო, გადავწყვიტე, შემექმნა ჯგუფი, რომელიც უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევდა ასეთ სტრესში ჩავარდნილ ჩვენს თანამემამულეებს.

მერე პირადში მწერდნენ, მირეკავდნენ, მეკონტაქტებოდნენ, ყველას ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო…

თქვენი ამბავი, რომ შეძელით არც ისე მარტივი ბარიერების გადალახვა, აიღეთ იტალიური სერტიფიკატი და, ასე ვთქვათ, „დაიბრუნეთ“ პროფესია, შეიძლება ითქვას, თავისთავად, ძალიან კარგი „ფსიქოლოგიური დახმარებაა“ ჩვენებურებისათვის, სტიმულია სხვა ემიგრანტებისთვისაც. ამის დასტურია ისიც, რომ თქვენს წარმატებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

დიახ, ძალიან ბევრმა მომწერა პირადში, ბევრმა დამირეკა, რამდენიმე პოსტის კომენტარებშიც ამოვიკითხე დადებითი გამოხმაურებები… ბევრი წარმატებული ქართველია უცხოეთში – ეგ თქვენ არ გესწავლებათ – მაგრამ იმის თვალსაჩინო მაგალითი, რომ ნებისმიერ ჩვეულებრივ ემიგრანტს შეუძლია განვითარდეს, მიიღოს განათლება, აიხდინოს ოცნებები და წარმატებას მიაღწიოს, მართლა ძალიან დიდი სტიმულია. ამ ყველაფერს რომ კითხულობენ, უყურებენ, პირადად რომ მიცნობენ და იციან, რომ ეს ნამდვილად მე გავიარე, შევძელი ამის გაკეთება, თან არც ისე ახალგაზრდა ასაკში – მე თუ შევძელი, მათ რატომ ვერ უნდა შეძლონ ხომ?! ბიძგის მიმცემიც არის, რომ უკეთესობისკენ წავიდეს მათი ცხოვრება. იმის განცდაც აქვთ, ფსიქოლოგიურად რომ გაუჭირდეთ, შეუძლიათ მომმართონ და დავეხმარები.

ზოგადად, უკეთესი წელი მოვიდა ქართული ემიგრაციისთვის, უფრო მეტად გათვითცნობიერდნენ ემიგრანტები ყველაფერში. მე რომ ჩამოვედი 2011 წელს, გაცილებით რთული მდგომარეობა იყო, არ არსებობდა ამდენი ინფორმაცია, ამდენი დახმარების ჯგუფი. ახლა თითქმის ყველა, შედარებით ცნობადი ვინც არის, ვისაც ხელეწიფება, რომ მიაწოდოს სხვებს საჭირო ინფორმაცია, ან დაეხმაროს, ქმნის საემიგრაციო ჯგუფებს, სადაც იწერება, რა როგორ უნდა გააკეთონ, სად უნდა მივიდნენ,  რა არის საჭირო. ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა ეს პროცესი, პანდემიამაც შეუწყო ხელი, ჩაკეტვამ  სოციალურ ქსელს მიგვაჯაჭვა და უფრო მეტად გავრცელდა ეს სოციალური ჯგუფები, ყველა ქალაქიდან ცდილობენ დახმარებას: ზოგი ბინის პრობლემას უგვარებს, ზოგი სამსახურის და ა. შ. ჩემი ჯგუფიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მე ვიყავი პირველი, ვინც უფასო ფსიქოლოგიური დახმარება შესთავაზა  ემიგრანტებს და ალბათ  ამ ჯგუფიდან გავხდი უფრო ცნობადი. სწავლის პერიოდში ისე აქტიურად ვეღარ ვამუშავებდი ჯგუფს, რადგან დრო აღარ მქონდა, მაგრამ ახლა ისევ გავაქტიურდი…

პირადში რომ მომწეროს ვინმემ, სულ ერთია, ვინ იქნება, ყველას ვუწევ დახმარებას, როგორც შემიძლია.

იტალიაში ფსიქოლოგიის კურსის გავლა რთულია? პრინციპში, ისეთი სკოლა გაქვთ გავლილი საქართველოში, ალბათ არ უნდა გაგჭირვებოდათ.

რთული ნამდვილად არის და იცით რატომ? მე მაინც საბჭოთა წყობაში აღზრდილი ადამიანი ვარ, ჩემთვის ევროპული სწავლის ღირებულებები შორს იყო. კომუნისტების დროს კი ჩავაბარე, მაგრამ დამთავრებით – საშინელ ქაოსში დავამთავრე და ჩვენ რასაც ვსწავლობდით, რაც მე გავიარე იმ წლების განმავლობაში, იმას იტალიაში, ევროპაში არ იცნობენ, აქ სულ სხვა ფსიქოლოგიას ასწავლიან, სულ სხვა ღირებულებებია, სხვანაირად არის აღქმული პიროვნებასთან ურთიერთობის დონეები, სხვანაირად გაწვდიან ინფორმაციას, სულ სხვა რეალობაა…

ეს კურსი რომ გავიარე და რასაც გავდივარ – როგორც გითხარით, მარტის ბოლოს ვამთავრებ მთლიან პროგრამას – ძალიან გავიზარდე, როგორც პროფესიონალი. ის, რაც ადრე უნივერსიტეტში ვისწავლე და რა ცოდნაც მქონდა, კი არ დამვიწყებია, გადახალისდა ჩემს გონებაში, შეგნებაში, იმიტომ რომ აქ ადამიანზე უფრო მეტად მორგებული ფსიქოლოგია აქვთ, კონტაქტში უფრო ადვილად შესასვლელი და ადვილად ახერხებ პიროვნების  გახსნას. რომ დაგიჯდეს ადამიანი და მოგიყვეს ყველაფერი – ეს ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დიდი გასაღებია, რადგან ძალიან რთულია. არიან პიროვნებები, რომლებიც დახმარებას ითხოვენ, მაგრამ სადღაც 60%-ს მაინც ტყუილს გეუბნებიან, სიმართლე 40%-მდეც შეიძლება ვერ ათქმევინო ადამიანს – უჭირთ, ჩვენი მენტალიტეტიც მოქმედებს…

მაინც ტაბუ არსებობს, როგორც ჩანს, ფსიქოლოგიური დახმარების მიღებაზე…

ასე ფიქრობენ, რომ რადგან ფსიქოლოგი გჭირდება, ესე იგი, ვერა ხარ კარგად – ეს  მენტალიტეტი ვერ მოვიშორეთ დღემდე; რცხვენიათ, ერიდებათ, რომ ფსიქოლოგს თუ მიმართავენ დახმარებისთვის, ვიღაც გააქილიკებს ამის გულისთვის, მეგობრებში შეექმნება იარლიყი, რომ აი, ეს ფსიქოლოგთან დადის და „ვერ არის“…

ემიგრაციაში უფრო კარგად ჩანს ეს ყველაფერი. შეიძლება დღეს საქართველოში უფრო მოწესრიგებულია და სხვა დამოკიდებულებაა, დადიან ფსიქოლოგებთან ვიზიტებზე. პაციენტთან საუბარი, რა თქმა უნდა, სრულიად კონფიდენციალურია, აბსოლუტურად არავინ უნდა ესწრებოდეს ამ საუბარს, ერთი ერთზე უნდა ვიყო აუცილებლად, ჩემში უნდა დარჩეს მისი ნათქვამი და არ უნდა გავიდეს გარეთ – ისევე, როგორც აღსარებას ეუბნება ადამიანი მღვდელს. მაგრამ „მამაოსთან“ უფრო მეტად გახსნილები არიან, ვიდრე ფსიქოლოგთან, განსაკუთრებით ემიგრაციაში უჭირთ ძალიან, რომ ბოლომდე გაიხსნან. და ეს კურსი რომ გავიარე იტალიაში, ადამიანის უფრო ადვილად გახსნის ეს გასაღებები ვისწავლე, უფრო გამიადვილდა.

ემიგრაციაში უმეტესად ჩემი თაობაა წამოსული, ვინც ის შავბნელი ამბები გადავიტანეთ, როდესაც ფიზიკურ გადარჩენაზე იყო საქმე. ის სტრესები იმდენად არის დალექილი და ჩამჯდარი ადამიანის გონებაში, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში არიან, მაინც უჭირთ დღევანდელ დღესაც კი, რომ ეს მენტალური პრობლემები მოიშორონ, ფსიქოლოგთან მივიდნენ და გაიხსნან თავიდან ბოლომდე.

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა ხომ ფიზიკურზეც აისახება?

რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! პრობლემები ძალიან დიდია ემიგრაციაში. ათასობით ისტორია მაქვს მოსმენილი, აქედან შეიძლება 50% სრული სიმართლე არ იყო, რასაც მიყვებოდნენ და შეიძლება მეტიც იყო სიმართლე და ნაკლები ტყუილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისტორიები, რომლებსაც მე ვისმენ, რა პრობლემები აწუხებთ, რა სატკივარზე ოხრავენ და რაზე დარდობენ, რანაირ სტრესებს იღებენ და როგორ დეპრესიაში ვარდებიან, არ ვიცი, ვერ აგიწერთ… ძალიან მძიმე  ფსიქოლოგიური მდგომარეობაა ემიგრაციაში. ეს ყველაფერი მეც გავიარე მათთან ერთად, ჩემზე გადმოვიდა ყველაფერი ამ წლების განმავლობაში ფსიქოლოგიური დახმარების დროს.

თან დამცინიან ჩემი მეგობრები, ამ ასაკში რაღა დროს ამდენი სწავლააო!..

გადაფასებებიც ხდება ტვინში – უფრო მეტად განვითარებისკენ რომ აძლევ შენს ტვინს  ბიძგს, ცდილობ, მეტი ინფორმაცია მიიღო, მეტი წაიკითხო. როცა ენა იცი, არ გაქვს ბარიერი  და შეგიძლია ეს ყველაფერი იტალიურად  წაიკითხო, იტალიურად მოისმინო, ვიდეოკურსებზე შეხვიდე, ნახო, როგორ ხსნიან აქაური ფსიქოლოგები, როგორ აკეთებენ პირდაპირ ჩართვებს – ძალიან მაღალი დონის ფსიქოლოგები ჰყავთ იტალიელებს… ამ ყველაფერს ვკითხულობ, ვუსმენ და მე თვითონაც ვიზრდები პროფესიული თვალსაზრისით.

ეს ნაკლებობა მქონდა მანამდე, რადგან იტალიური კარგად არ ვიცოდი გრამატიკულად, არ მესმოდა ზუსტი შინაარსი. მაინც ვცდილობდი, ვყიდულობდი ჟურნალებს, გაზეთებს, იტალიურად რომ მეკითხა, რასაც გავიგებდი – გავიგებდი, რასაც ვერა – ლექსიკონს ვიშველიებდი… რადგან შევძელი იმ დონემდე მისვლა, რომ ახლა იტალიური აბსოლუტურად სრულად მესმის, ვცდილობ, იტალიური ლიტერატურა მოვიძიო, იტალიურად ვიკითხო, იტალიური წიგნებიც გამოვიწერე.

მთელ მსოფლიოში ფსიქოლოგიურ დახმარებაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდება, ისეთი რთული დროა… იტალიაშიც ასეა ხომ?

ნამდვილად, ფსიქოლოგის პროფესია ძალიან მოთხოვნადია იტალიაშიც. ახლა სადაც ვმუშაობ ბებიასთან, მისი შვილები ორი დღე ჩემთან გადიოდნენ კონსულტაციებს, როგორც ფსიქოლოგთან, მოხუცმა დედამ დიდი პრობლემები შეუქმნათ და ძალზე სტრესულ სიტუაციაში ჩააგდო ორივე ქალიშვილი – გამოსავალს მთხოვდნენ, როგორ შეიძლებოდა, რომ ამ სიტუაციას გამკლავებოდნენ.

აქაური მოხუცები არა მარტო „ბადანტეებს“ და მომსახურე პერსონალს სტრესავენ, საკუთარ ოჯახის წევრებსაც, შვილებსაც არ ინდობენ და ცხოვრებას უმწარებენ; ძალიან „კაპრიზები“ არიან, კარგი ცხოვრება რომ ჰქონდათ მეუღლეების სიცოცხლეში და ახალგაზრდობის დროს, სიბერეშიც იგივე სურთ, ყურადღებას ითხოვენ. შვილებს კი თავიანთი ოჯახები ჰყავთ, მუშაობენ, საკუთარი შვილები ჰყავთ მისახედი და არ აქვთ საშუალება, ყოველ წუთას მოვიდნენ, დაუსხდნენ, მიხედონ… ამის გამო ძალიან ისტრესებიან. ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა, უბრალოდ, ბოლო სამსახურში შემემთხვა კიდევ, რომ ძალიან აწამებს თავის ქალიშვილებს ეს ქალბატონი და ისინიც ძალიან ნერვიულობენ. იტალიელები, ზოგადად, ზედმეტად ემოციური ხალხია და ეს სტრესები ხომ სულ კლავთ, ყველაფერს დიდი განცდებით ეკიდებიან, ყველაფერზე შფოთვა ეწყებათ. ცხოვრების ტემპიც ისეთია, სულ გადარბენაზე და სტრესში არიან და თუ მოხუცი მშობლები ჰყავთ, ეს დამატებით კიდევ დიდი სასჯელია მათთვის…

ქართველი ემიგრანტებისთვის, რომლებიც ხანდაზმულებთან მუშაობენ, ზოგჯერ 24-საათიანი რეჟიმით, წარმომიდგენია, რა რთულია ასე ცხოვრება…

მოხუცებთან მუშაობა ძალიან დიდი სტრესია – როგორია, 24 საათი ასაკიანი ადამიანის კაპრიზებს უსმინო  და იმის ცხოვრებით იცხოვრო?! – ეს არის საშინელება. მეც ვმუშაობდი „ბადანტედ“ წლების განმავლობაში, რადგან სხვა შანსი არ მქონდა, სხვაგან სად მემუშავა, ხომ? ვმუშაობდი 24-იან სამსახურებშიც, ეს ყველაფერი მეც გამოცდილი მაქვს და ვიცი, რას ნიშნავს, ამიტომაც მესმის ჩვენი ემიგრანტების – ზოგს ისეთ მძიმე მდგომარეობაში უწევს ყოფნა, ისეთ რეჟიმში ცხოვრობენ და მუშაობენ, ან როგორ უძლებენ ამ ყველაფერს და როგორ გადააქვთ, მეც მიკვირს, მართლა ფსიქიატრიულში რომ არ ხვდებიან, იმიტომ რომ უზარმაზარი სტრესია. კარგი ოჯახიც რომც იყოს და სხვა პრობლემა არ გქონდეს, ჯერ მარტო ის არის სტრესი, რომ 24 საათი მოხუცის ცხოვრებით ცხოვრობ და შენი პირადი ცხოვრება არ გაქვს…

ახლა დამხმარე და იმედი არსებობს თქვენი სახით, რომ თუ დასჭირდათ, შეუძლიათ მოგმართონ და დარწმუნებული ვარ, დიდი შვება იქნება მათთვის. თქვენთან უბრალო საუბარიც კი, არა როგორც ფსიქოლოგთან, დამამშვიდებელი და ძალიან სასიამოვნოა, ვფიქრობ, სწორად გადაწყვიტა განგებამ, რომ ფსიქოლოგი გახდით საბოლოოდ.

თეონა, უღრმესი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. ძალიან მიხარია, რომ საკუთარი პროფესია ოფიციალურად „დაიბრუნეთ“ იტალიაში, დიდ წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში!

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტის მისამართია:

Italia, Bari, via Crisanzio #6

საიმიგრაციო ოფისი „ჯეოჰაუსი“

სამუშაო საათები: ყოველი კვირის ხუთშაბათი, 9:00-18:00 სთ

ტელ.:  3275550509, თეონა ბოტკოველი

ქალბატონ თეონა ბოტკოველთან პირადი ვიზიტის გარდა ფსიქოლოგიური დახმარების მიღება შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმშიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ქვეყნიდან. ერთსაათიანი სეანსის ფასი მინიმალურია – 20 ევრო.

გაეცანით თეონა ბოტკოველის იტალიურ ისტორიას: „სანამ შემიძლია მუშაობა და ბავშვების სიცოცხლის გადარჩენისთვის ზრუნვა, ალბათ მანამდე იტალიაში დავრჩები“…

თეონა ბოტკოველი: „სანამ შემიძლია მუშაობა და ბავშვების სიცოცხლის გადარჩენისთვის ზრუნვა, ალბათ მანამდე იტალიაში დავრჩები“…

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close