მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

დედამიწის შიდა მყარი ბირთვი გაჩერდა და თანდათან იწყებს უკუმიმართულებით ბრუნვას

რა გავლენას ახდენს ეს დედამიწაზე მიმდინარე პროცესებსა და პლანეტის ბინადარ ცოცხალ არსებებზე, მათ შორის, ადამიანზე?

გიფიქრიათ, რა ხდება დედამიწის შიგნით? რეალურ, ფიზიკის (ნაცნობ თუ ჯერ უცნობ) კანონებს დაქვემდებარებულ ამბებს ვგულისხმობთ.

ჩინელმა მეცნიერებმა ჩვენი პლანეტის გულში „ჩაიხედეს“ და საოცარი ამბები „დაინახეს“.

„წარმოგიდგენთ საოცარ დაკვირვებებს, რომლებიც მიუთითებს, რომ ბოლო ათწლეულში შიდა ბირთვმა ბრუნვა თითქმის შეწყვიტა და შეიძლება უკუღმა დატრიალდეს…“ – წერენ კვლევის ავტორები, პეკინის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსები – იი იანი (Yi Yang) და სიაოდუნ სუნი (Xiaodong Song) სამეცნიერო ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც საუბარია დედამიწის შიდა მყარი ბირთვის „უცნაურ“ ქცევაზე.

ნუ შეშფოთდებით, რადგან ეს პროცესი ახალი არ არის: როგორც მკვლევრები ამბობენ, ასეთი რამ 1970-იან წლებშიც მოხდა და, სავარაუდოდ, ადრეც ყოველთვის ხდებოდა. რატომ? – ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.

ბოლო წლებში დედამიწის მანტიისა და ქერქის მიმართ ჩვენი პლანეტის შიდა მყარი ბირთვის ბრუნვის სიჩქარე შენელდა და ჯერ კიდევ 2009 წელს დროებით შეჩერდა, ამჟამად კი ის ნელ-ნელა იწყებს ბრუნვას საწინააღმდეგო მიმართულებით.

ჩინელი მეცნიერების მტკიცებით, დედამიწის მყარი ბირთვის ბრუნვის მიმართულების ცვლის ციკლი დაახლოებით 70 წელს შეადგენს. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს დედამიწაზე დღე-ღამის ხანგრძლივობაზე და მის მაგნიტურ ველზე, თუმცა რაიმე მნიშვნელოვან ზემოქმედებას არ ახდენს ცოცხალ არსებებზე, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე ბინადრობენ.

ახალი კვლევის მსვლელობისას სუნმა და მისმა კოლეგა იანმა გააანალიზეს გლობალური მონაცემები დედამიწის სეისმური აქტივობის შესახებ 1990-იანი წლების შემდეგ და განსაცვიფრებელი აღმოჩენა გააკეთეს. 2009 წლამდე სეისმური ტალღები, რომლებიც ძლიერი განმეორებადი მიწისძვრების შედეგად წარმოიქმნებოდა, შიდა ბირთვის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა სიჩქარით გადიოდა იმის გამო, რომ ბირთვი უფრო სწრაფად, თუმცა იმავე მიმართულებით ბრუნავდა, ვიდრე დედამიწის მანტია.

დაახლოებით 2009 წელს კი განსხვავებები გაქრა. როგორც იანი განმარტავს, ეს შესაძლოა მოწმობდეს იმას, რომ ბირთვის ბრუნვა მანტიის მიმართ შენელდა ან საერთოდ გაჩერდა. შემდეგ ბირთვში სეისმური ტალღების გავლის სიჩქარის განსხვავებები თანდათანობით ისევ დაბრუნდა, თუმცა მათი სურათი შეიცვალა. ახლა ის იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ბირთვმა მთელი პლანეტის მიმართ საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყო ბრუნვა.

სუნი და იანი მიიჩნევენ, რომ დედამიწის მყარ შიდა ბირთვს დაახლოებით ყოველ 35 წელში შეუძლია გაჩერდეს და ბრუნვის მიმართულება შეიცვალოს, ხოლო მთელი ციკლი დაახლოებით 70 წელს შეადგენს. როგორც სეისმური მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, ბირთვის წინა გაჩერება და მისი ბრუნვის მიმართულების შეცვლა 1970-იანი წლების დასაწყისში მოხდა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბირთვის ქცევა პირდაპირ არ მოქმედებს სიცოცხლეზე ჩვენს პლანეტაზე, თუმცა მაინც აისახება დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე – ბირთვის ბრუნვის მიმართულების ცვლის ამ 70-წლიანი ციკლით შეიძლება აიხსნას დღე-ღამის ხანგრძლივობის ცვლილებები და მაგნიტური ველის ქცევები – ეს პროცესებიც დაახლოებით 60-70-წლიანი ინტერვალით განიცდის ცვლილებებს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close