fbpx
ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

თეონა ბოტკოველი: „სანამ შემიძლია მუშაობა და ბავშვების სიცოცხლის გადარჩენისთვის ზრუნვა, ალბათ მანამდე იტალიაში დავრჩები“…

„სანამ შემიძლია მუშაობა და ბავშვების სიცოცხლის გადარჩენისთვის ზრუნვა, ალბათ მანამდე აქ დავრჩები“ – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბრისას ქალბატონი თეონა ბოტკოველი, რომელიც თითქმის ცხრა წელია იტალიაში იმყოფება და უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს. გარდა იმისა, რომ ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის არც ძალას და არც საკუთარ სახსრებს იშურებს, არაერთი საქველმოქმედო ღონისძიების ინიციატორია, რომელიც ავადმყოფი ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად იმართება.

თეონა ბოტკოველი პროფესიით ფსიქოლოგია, ამიტომ კიდევ უფრო საინტერესოა მასთან საუბარი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, იმაზეც, რას უნდა მიაქციონ ემიგრანტებმა განსაკუთრებული ყურადღება უცხო გარემოში, რას ურჩევდა ახალბედა ემიგრანტებს, როგორც ფსიქოლოგი…

საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებთ:

თეონა, დაგვეთანხმებით, ნებისმიერი ემიგრანტის ცხოვრება მშობლიურ ქვეყანაში დატოვებულიწლებით იწყებამოგვიყევით თქვენ შესახებ, რატომ და როდის წახვედით ემიგრაციაში და რამდენად რთული იყო ეს გადაწყვეტილება?

დავიბადე კახეთის ერთ ულამაზეს ისტორიულ სოფელში, იყალთოში. სკოლა ფრიადზე დავამთავრე და სწავლა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე გავაგრძელე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წლების განმავლობაში ვმუშაობდი ტურისტულ ფირმა „პონტოში“ – ჯგუფებს დავყვებოდი ხელმძღვანელად ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.

მძიმე წლები გამოიარა ჩემმა თაობამ: დაწყებული 9 აპრილით, ნოემბრის აქციებით… თბილისის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომები… რთულ სიტუაციაში მოგვიწია თავის გადარჩენისთვის ბრძოლამ – გაპარტახებული ნაომარი ქვეყანა, მოშლილი სახელმწიფო უწყებები და ჩამოშლილი ეკონომიკა, უშუქობა, უგაზობა; უ-ზე რომ გვეწყებოდა ყველაფერი, მე ის თაობა ვარ. ზოგი ჩემი უნიჭიერესი მეგობარი ომმა შეიწირა, ზოგიც სასმელმა და დეპრესიამ. მე ყველგან ვმუშაობდი, სადაც კი სამსახური გამოჩნდებოდა, ახლა აღარც კი მახსოვს, იმდენ ბარში, რესტორანში, მაღაზიასა და ფირმაში მაქვს ნამუშევარი.

ბოლო წლები კონტროლის პალატაში ვმუშაობდი, 2010 წელს დავრჩი უმუშევარი და, უკვე 40 წელს გადაცილებულს, არანაირი შანსი არ მქონდა საქართველოში თავის გადარჩენის, ამიტომ გადავწყვიტე ემიგრაციაში წავსულიყავი, კერძოდ, იტალიაში, სადაც ჩემი და უკვე ერთი წლის წასული იყო.

კონკრეტულად სად ხართ ამჟამად და უცხო ქვეყანაში პირველ ნაბიჯებს როგორ გაიხსენებთ?

ამჟამად ბარის რეგიონის ერთ ულამაზეს ქალაქ ჯოვინაცოში ვიმყოფები. ცხრა წელი მისრულდება, რაც იტალიაში ვარ. მთლად გაუცნობირებლად წამოვედი საქართველოდან, ისიც არ ვიცოდი, რაზე უნდა მემუშავა – ფიზიკურად ცხოვრებაში არ მქონდა არასდროს ნამუშევარი, ვინმეს მოვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. პირველი წელი რომ მახსენდება, დღესაც ცუდად ვხდები, ისე იმოქმედა ჩემს ნერვულ სისტემაზე. სულ დეპრესიაში ვიყავი, მაგრამ ხომ იცით, ადამიანი ყველაფერს ეგუება, მეც გადავლახე ის მძიმე პერიოდი და ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამასაც გავუძელი და გადავრჩი. მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლაა გადარჩენისა და თვითდამკვიდრებისთვის.

გაუძელით კი არა და, როგორც შევიტყვე, დღეს უკვე ბევრი საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორი ბრძანდებით

ქველმოქმედებას წლებია ვეწევი. აქ, იტალიაში ძალიან ხშირად ვმართავთ საქველმოქმედო ღონისძიებებს, ვეხმარებით გაჭირვებულ მოხუცებს და ავადმყოფ ბავშვებს; რამდენიმე თვეა ქ. ბარიში და სხვა ქალაქებშიც დავდგით „სიკეთის ყუთები“, სადაც ემიგრანტები ვყრით ყოველთვიურ ნებაყოფლობით შემოწირულობას, მერე მე და ჩემი მეგობარი მაიკო ლომიძე თვეში ერთხელ ვაგროვებთ ყუთებს და პირდაპირ ეთერში ვხსნით, ვითვლით თანხას და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ვურიცხავთ.

მაია ლომიძესთან ერთად

როგორც ვიცი, საქართველოშიც გაქვთ გახსნილი საქველმოქმედო ორგანიზაცია და ახლობლებთან ერთად ბევრ კეთილ საქმეს აკეთებთ

კი, საქართველოშიც გვაქვს გახსნილი საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც ჩემი ძმისშვილი – შოთა ბოტკოველი ხელმძღვანელობს. ის და მისი მეგობრები ხშირად აწყობენ ქუჩის კონცერტებს, შეგროვილ თანხას და ჩემს გადარიცხულ ფულს მთლიანად გაჭირვებულ ბავშვებს ახმარენ. ანგარიშიც გვაქვს გახსნილი, რომელსაც კურირებს მამიდას უკეთილშობილესი ბიჭი და ასე ერთად ყოველთვე ვახარებთ პატარა ანგელოზებს.

თქვენზე იტალიის პრესაც კი წერს!

რამდენიმე წლის წინ ქ. ჯოვინაცოში მე და ჩემმა დამ, მაია შათირიშვილმა ადგილობრივი „კარიტასის“ დახმარებით, ქართული კულტურის წარმოსაჩენად ძალიან კარგ ღონისძიებას ვუმასპინძლეთ. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს თავიანთი პროზა, პოეზია, ცეკვები, მოვაწყვეთ ჩვენი მქარგველი გოგონების ნამუშევრების გამოფენა, იტალიელ საზოგადოებას ვუჩვენეთ ჩვენი ტრადიციული სტუმარმასპინძლობის ულამაზესი კულტურა, გავუმასპინძლდით ქართული ნუგბარით, ეროვნული ჰიმნების ფონზე გავჭერით ტორტი საქართველოს და იტალიის დროშებით და… მოკლედ, ძალიან ლამაზი საღამო ვაჩუქეთ დამსწრე საზოგადოებას მე და ჩემმა დამ, რაზეც მეორე დღესვე წერდა იტალიური პრესა. ძალიან ამაყები ვიყავით და მას შემდეგ ხშირად ვაწყობთ აქაურ ქართველებთან ერთად კულინარიულ ღონისძიებებს, ჩვენ მიგვაქვს ქართული საჭმელები, იტალიელებს – იტალიური და ასე ვცდილობთ დავაახლოოთ და გავაცნოთ იტალიელებს როგორც ქართული ხელოვნება, ისე ჩვენი ნაციონალური კერძები.

უახლოეს მომავალში რა მიზნები გაქვთ?

უახლოეს მომავალში ძალიან ლამაზ კონცერტს ვაჩუქებთ ქ. ბარის ემიგრანტებს. მე და მაიკო მოლაპარაკებას ვაწარმოებდით ბატონ თემურ წიკლაურთან და ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძესთან და აპრილის ბოლოს ჩვენი ჯგუფის (იტალიის ცის ქვეშ – L’ANIMA GEORGIANA) ეგიდით, ბარიში გაიმართება ერთობლივი ღონისძიება – თემურ წიკლაურის სოლო კონცერტი და ბესო ჩუბინიძის ახალი წიგნის („ღიმილის ბიჭები“) პრეზენტაცია. შარშან ზაფხულშიც გავახარე ბარის ემიგრანტები, მოვიწვიე ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორი და მომღერალი ნატო გელაშვილი შვილებთან ერთად, რომლებმაც ორი დაუვიწყარი კონცერტი გვაჩუქეს. სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონ ნატოს კონცერტებზე ბილეთები არ გაიყიდა და ხარჯის ანაზღაურება მე მომიწია. იმედი მაქვს, თემურ წიკლაურის, ამ ლეგენდის კონცერტზე მაინც მოვლენ ემიგრანტები.

იმედია, რომ შემაფერხებელი ფაქტორი მსოფლიოში და იტალიაში ასე გავრცელებული კორონავირუსი არ იქნება, მდგომარეობა მალე გამოსწორდება და ხალხიც ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება..

ვირუსს ვერსად დავემალებით, პანიკით კი ჯანმრთელობას ისე დავისუსტებთ, რომ ყველანაირი ვირუსი მოგვერევა. სულიერ სიმშვიდესა და გამძლეობას ვუსურვებ ყველას, უფალი ჩვენთანაა და ყველაფერი კარგად იქნება.

აქვე მინდა გითხრათ, რომ 11 ივნისს, ჩემს დაბადების დღეზე, ჯოვინაცოში ვაპირებ ძალიან დიდი შემოქმედებითი საღამოს მოწყობას, სადაც იტალიელ სტუმრებს მოვიწვევ. ქართული კულტურა უნდა წარმოვადგინო, გაიყიდება ბილეთები და შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხება ლეიკემიით დაავადებულ რომელიმე პატარას.

თქვენი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა რა არის ემიგრაციის გზაზე?

ძალიან მძიმეა ემიგრანტის ცხოვრება. საქართველოდან ალბათ უფრო ადვილი ჩანს ყველაფერი. მძიმეა, თავისუფლება გაცვალო მონობაზე ევროების სანაცვლოდ. თითქმის ყველას ნერვოზი აქვს, მძიმე ფსიქოლოგიური ფონია ემიგრანტებში. ჩემი ცხრაწლიანი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ ბევრი ალბათ შერყეული ფსიქიკით და ჯანმრთელობით დაბრუნდება სამშობლოში.

სამწუხაროა, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა ემიგრაციის გზაზე არის ერთმანეთის გაუტანლობა, დაცინვა, დაჩოქება, არ დანდობა.. აქ ქართველი რომ ქართველს გაუკეთებს, იმას იტალიელი ვერასდროს დაგიშავებს. შური და ბოღმა სხვისი წარმატების მიმართ, უმადურობა და სხვისი ჩაწიხვლა – ესაა ქართული ემიგრაციის ყველაზე დიდი ტრაგედია. პირადად მე საკუთარ თავზე ბევრჯერ ვიწვნიე ეს ყველაფერი. ყველაზე მეტად ადამიანის უმადურობა მაცოფებს, ხშირად მაქვს კონფლიქტი უმადურ ადამიანებთან.

იფიქრებდით, რომ ასეთ გზას გაივლიდით? რა შეგძინათ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, რა არის ემიგრანტობა თქვენთვის?

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ემიგრანტი გავხდებოდი. უფრო სწორად, ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, წახვალ და ცხრა წელი გადაიკარგებიო, რას ბოდავ-მეთქი, ვეტყოდი, მაგრამ თურმე არასოდეს უნდა თქვა „არასოდეს“…

ემიგრანტობამ ცხოვრება სულ სხვა თვალით დამანახვა, უფრო მობილიზებული და ძლიერი გამხადა. ჩემი ფიზიკური ანუ ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ შევძლებდი ამ ჯოჯოხეთური წლების დაძლევას, მაგრამ ყველაფერს ეგუები ადამიანი. მე მადლობელი ვარ უფლის, არცერთი წამი არ მინანია აქ ყოფნა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ორი წლის წინ შვიდი წლის უნახავი დედა დავკარგე – მისმა გულმა ვერ გაუძლო უჩემობას.

უამრავი ძალიან კარგი ადამიანი, მეგობარი შემძინა ემიგრაციამ (სამწუხაროდ, მტრებიც), მადლობა ყველას ყველაფრისთვის.

იტალიაში და იტალიელებში რა მოგწონთ, რა არის ისეთი, რის დამკვიდრებასაც საქართველოში ისურვებდით?

იტალიელებში ძალიან მომწონს კვების, დასვენების და მუშაობის რეჟიმი – ყველაფერი უმაღლეს დონეზეა, ამიტომაც ცოცხლობენ ასი წელი. ბევრი რამ არ მომწონს, არ ჯდება ჩვენს ქართულ მენტალიტეტში, მიუხედავად ამისა, მადლიერებით ვარ სავსე ამ ერის მიმართ. მიგვიღეს, საკუთარი ოჯახები და მშობლები გვანდეს, როგორ შეიძლება უმადური იყო ადამიანი?! განსაკუთრებით უფრთხილდებიან და ესიყვარულებიან კულტურულ მემკვიდრეობას, თავიანთ ღვაწლმოსილ ხელოვანებს, უდიდეს პატივს მიაგებენ ყველას, ვისაც რაიმე წვლილი მიუძღვის იტალიის განვითარებაში.

მე ძალიან მიყვარს იტალიური ხელოვნება და თითქმის მოვლილი მაქვს ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი. ყველაფერს ვნახულობ, რის ნახვასაც ვასწრებ აქაური შეზღუდული გრაფიკის გამო. მართლა საოცარი ხელოვნების ნიმუშების, პოეზიის, პროზის, მუსიკის, ოპერის შემქმნელები არიან – ეს ქვეყანა ერთი დიდი მუზეუმია ღია ცის ქვეშ. ყველა ქართველ ემიგრანტს მოვუწოდებ, ისე არ დატოვონ იტალია, რომ არ დატკბნენ ამ შედევრების ნახვით.

როგორც ფსიქოლოგი, რას ფიქრობთ, ემიგრანტებმა რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება? რას ურჩევდით ახალბედა ემიგრანტებს, რომლებისთვისაც საკმაოდ მძიმეა უცხო ქვეყანაში ჩასვლა და დაფუძნება?

ახალბედა ემიგრანტებს ვურჩევდი, რომ ფსიქოლოგიურად მომზადებულები ჩამოვიდნენ აქ, ენის ელემენტარული ცოდნით მაინც, რადგან ძალიან რთულ მდგომარეობაში გვაგდებს იმ ქვეყნის ენის, კულტურისა და ჩვევების უცოდინრობა, რომელ ქვეყანაშიც მივდივართ სამუშაოდ. უნდა შეეცადონ, უფრო მობილიზებულად და გათვითცნობიერებულად შეხვდნენ აქაურ პრობლემებს, არ ჩავარდნენ დეპრესიაში, აქ საკუთარი თავის გარდა ვერავინ ვერაფერში დაეხმარებათ, განა იმიტომ, რომ არ გვინდა, უბრალოდ, შეუძლებელია უცხო გარემოში ადაპტაცია მათ მაგივრად სხვამ გაიაროს. ასე რომ, პირველ რიგში, სულიერ სიმშვიდეს ვუსურვებ ყველას.

ემიგრაციაში იცვლება ადამიანი?

რა თქმა უნდა, ემიგრაცია ძალიან ცვლის ადამიანს. ძირითადად, ხასიათი იცვლება, უფრო მძიმდება – სტრესი, ნერვიულობა, ნოსტალგია, შვილების და შვილიშვილების მონატრება თავისებურ დაღს ასვამს ადამიანს. ზოგი აქ უფრო ადვილად ავლენს თავის დაფარულ ემოციებსა და შეგრძნებებს, თუმცა მე ვთვლი, რომ სულიერად ადამიანი ვერასდროს შეიცვლები, რაც სამშობლოში იყავი, იგივე ხარ, ოღონდ სხვა განზომილებაში, ხასიათი და ფიზიკური მონაცემები კი, როგორც უკვე გითხარით, უფრო მეტად ცვალებადია ემიგრაციაში. პირადად მე, მგონია, რომ აქ უფრო მალე დავბერდი, 50 წლის ვხდები და ხასიათი ისე მაქვს შეცვლილი, ზოგჯერ ჩემს თავს მე თვითონ ვერ ვცნობ (იცინის)…

პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

სამწუხაროდ, ემიგრაციაში არანაირი პირადი ცხოვრება არ გამაჩნია, არ ვარ გათხოვილი, ერთგული დავრჩი ჩემი პირველი სიყვარულისა – ჩემი საქმრო აფხაზეთის ომში დაიღუპა და ჩემი ბედნიერებაც მასთან ერთად გაფრინდა ზეცაში.

სამწუხაროამშობლიური ქვეყნიდან შორს მყოფი, ყველაზე მეტად რაზე დარდობთ და მარტოდ დარჩენილი, ყველაზე ხშირად რა შეკითხვას უსვამთ საკუთარ თავს?

ყველაზე ხშირად დედაზე ვდარდობ, რომელიც ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ჩახუტება ვერ მოვასწარი. ეს ტკვილი ყოველწამიერია, სულ მეფიქრება და მედარდება, მის საფლავზე რომ ვერ მივდივარ. ძალიან მედარდება ჩემი სამშობლო და ამდენი გაჭირვებული ადამიანი, ავადმყოფი ბავშვები, გული სერიოზულად მაწუხებს დარდისგან და ტკივილისგან.

შეკითხვას ყოველთვის ვუსვამ ჩემს თავს: ღირდა თუ არა ეს ყველაფერი, ეს ცხრა წელი ამად? და მერე თავს იმით ვიიმედებ, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში იმდენი ადამიანის დახმარება შევძელი, ნამდვილად ღირდა.

თქვენი აზრით, დაუბრუნდება უცხო ქვეყანაში მყოფი ქართველობა მშობლიურ ქვეყანას მაშინ, როცა უკვე თან მიჰყავთ შვილები, ან უცხოეთში ქმნიან ოჯახებს და ბავშვებმა ქართული არ იციან?

ბევრი ახლობელი მყავს, ვინც აქ შექმნა ოჯახი, ბავშვებიც ჰყავთ. ისინი უკვე ისე მყარად არიან აქ დამკვიდრებულები, არა მგონია, საქართველოში დაბრუნების სურვილი გაუჩნდეთ. რა თქმა უნდა, ცუდია, დედით ქართველი ბავშვები მშობლიური ენის გარეშე რომ იზრდებიან, მაგრამ, ვფიქრობ, მათში მაინც იყივლებს ქართული გენი და აუცილებლად ისწავლიან მეორე მშობლიურ ენას. პირადად ვისაც ვიცნობ, თითქმის ყველა ბავშვმა იცის ქართული ენა, თუმცა ძნელია თქმა, ვინ როდის და როგორ დაბრუნდება. პირადად ჩემთვის უკვე არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, საქართველოში ვიქნები თუ აქ, სანამ შემიძლია მუშაობა და ბავშვების სიცოცხლის გადარჩენისთვის ზრუნვა, ალბათ მანამდე აქ დავრჩები.

რაიმე საინტერესო ამბავს ხომ არ გაიხსენებთ, რაც ამ ხნის განმავლობაში უცხოეთში ყოფნისას გადაგხდათ თავს?

უამრავი კურიოზი შემიძლია გავიხსენო ჩემი ემიგრანტობის წლებიდან. განსაკუთრებით იტალიაში ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, იმ პერიოდიდან…

გისმენთ...

ორი თვის ჩამოსული ვარ იტალიაში, რა თქმა უნდა, არც ენა ვიცი და ჯერ არც ამათ ტრანსპორტის მოძრაობაში ვარ გარკვეული. ჩემი დაბადების დღეა და ჩემს დასთან სხვა ქალაქში მივდივარ, გოგოები მელოდებიან – უნდა აღვნიშნოთ ჩემი დაბადების დღე. გაჩერებაზე ისე ავედი ავტობუსში, რომ ტრაფარეტისთვის არ შემიხედავს. მიდის ავტობუსი გაურკვეველი მიმართულებით, არ მეცნობა ქალაქები, დავრეკე ჩემს დასთან და ვეუბნები, ჰკითხე მძღოლს, სად უნდა ჩამოვიდე-მეთქი, გადავაწოდე ტელეფონი და მძღოლი ჩემს დას ეუბნება: ქალბატონო, ეს მილანის ავტობუსია და თქვენი და ვერაფრით ვერ მოხვდება ჯოვინაცოშიო (მე სხვა ქალაქში ვმუშაობდი). ავტობუსი ისეთი სისწრაფით მიდის, თან ისეთ ტრასაზე, სადაც არც გაჩერება შეიძლება. რა გითხრათ, თამარ, ჩემი ტირილი და კივილი ცას სწვდებოდა, ეს რომ გავიგე. ისე შემეშინდა, ვერც ვიგებდი, ვინ რას მეუბნებოდა. ერთი აურზაური შეიქმნა ჩემს ტირილზე, ჩემი და ეხვეწებათ, დააბრუნეთ როგორმე უკანო. ვაიმე, ახლა მეცინება, რომ მახსენდება სადამდე ჩამიყვანა იმ ავტობუსმა. ბოლოს რომელიღაც ქალაქში გამიჩერეს და სხვა ავტობუსში გადამსვეს. იმ სხვამ ბარიმდე ჩამომიყვანა, მისმა მძღოლმა კიდევ სხვა ავტობუსში ჩამსვა და, მოკლედ, მთელი ჩემი დაბადების დღე ავტობუსებში და ტირილში გავატარე. როგორც იქნა, დავბრუნდი შინ მშვიდობით, ვიღას ახსოვდა ქეიფი და ტორტი (იცინის)… ეს ჩვევა მომწონს კიდევ იტალიელებში – არასოდეს მიგატოვებენ გაჭირვებაში, ყველა ცდილობდა ჩემს დახმარებას და გამოუვიდათ კიდეც.

ახლა, ცხოვრების ამ ეტაპზე, რა არის თქვენი სათქმელი?

წელს 50 წლის ვხდები, ჩემი ნახევარსაუკუნოვანი ცხოვრება და გამოცდილება მაძლევს უფლებას, თამამად ვთქვა, რომ ადამიანი ყველაფერს უძლებს. საკმარისია შევინარჩუნოთ ნება და გონიერება და თავის დროზე ყველა დაბრკოლება დაძლეული იქნება.

„სამი რამაა უმთავრესი: რწმენა, იმედი და სიყვარული… რწმენა სინამდვილედ იქცევა, როცა ჭეშმარიტებას თვალნათლივ იხილავს. იმედიც განქარდება, როს ფრთას შეისხამს და განხორციელდება. სიყვარული კი მარადის ჰგიებს, რაც არ უნდა მოხდეს… იზრდება და იფურჩქნება… ღმერთში… და ღმერთი ხომ სიყვარული არს… ალბათ თითოეული ადამიანის გულში ჩნდება განცდა უკმარისობის, ქონდრისკაცობის, ნამცეცობის შეგრძნების… გინდა გაიზარდო, აივსო, ის იპოვო, რაც გაკლია, რაც ყველაზე სუფთა და ფაქიზია, რისთვისაც ხარ მოვლენილი და რაც უპირველესი დანიშნულებაა. ჩვენც ვადგებით იმ ბილიკს, რომელმაც მასთან უნდა მიგვიყვანოს, მაგრამ, ვაი, რომ უამრავ დაბრკოლებას ვაწყდებით და ბევრჯერ წავიბორძიკებთ… რამდენი ვერ უძლებს და უკან ბრუნდება. შეიძლება გზის უმეტესი ნაწილიც კი ჰქონდეს გავლილი, მაგრამ ვეღარ უძლებს. გზა ხრიოკია, ეკლიანი და გაუსაძლისიც კია ხანდახან მასზე სვლა, მაგრამ რწმენა და იმედი ყავარჯნებივით შესდგომიან მხრებში ლტოლვილ მგზავრს და მიაცილებენ დანიშნულების ადგილისკენ… “ – ეს ჩემი ჩანახატია და ყველა მგზავრს ვუსურვებ დანიშნულების ადგილამდე ისე გაევლოს ცხოვრების გზა, რაც შეიძლება ნაკლებად ენანოს თითოეული ნაბიჯი.

დაბოლოს, რას ეტყოდით ჩვენი საიტის მკითხველს, რომლის დიდი უმრავლესობა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტები არიან?

ჩვენს საყვარელ და საამაყო ემიგრანტებს ვეტყოდი, რომ ისინი ყველანი გმირები არიან. მათ ოჯახები იხსნეს და გადაარჩინეს! ეს ყველას არ შეუძლია. კიდევ, ვეტყოდი და ვუსურვებდი, რომ მალე ყველას თავისი არჩევანი გაეკეთებინოს და სურვილის და არა ვალდებულების მიხედვით მიეღოს გადაწყვეტილება!.. მინდა, მალე ისეთი ქვეყანა გვქონოდეს, ყველას შეგვძლებოდეს დაბრუნება და ჩვენს მიწაზე ბედნიერი ცხოვრება! გვიყვარდეს ერთმანეთი და პატივი ვცეთ, ვაჩუქოთ ერთმანეთს მეტი მზე და ბედნიერება!

უამრავი ბავშვი იბადება საზღვარგარეთ, ელაპარაკონ ქართულად და საქართველო შეაყვარონ. ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ქართველები არიან.

ქართულად გაზარდონ შვილები. კოდი ჩაუდონ, რომ მომავალი თაობა უნდა დაბრუნდეს საქართველოში – აი, ამას ვეტყოდი ქართველ ემიგრანტებს.

საქართველოს და საქართველოში მყოფ ქართველებს კი ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარხართ და მენატრებით. ჩემს სამშობლოს ვუსურვებ გამთლიანებას, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას და, რაც მთავარია, ეკონომიკურად გაძლიერებას, რომ ყველა ემიგრანტი დაუბრუნდეს თავის ოჯახს.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close