მიგრაცია

ცხოვრობს თუ არა მილიონი ქართველი რუსეთში?

გასულ კვირაში საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი ისევ გააქტიურდა. ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის მალე აღდგენის იმედი გამოთქვა და განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის 10%-ით ზრდა დიდწილად რუსეთთან კავშირის დამსახურებაა. რუსი დიპლომატის მხრიდან გააქტიურებული თემის კომენტირებისას ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე, ბიზნესმენთა და ექსპერტების ნაწილი აღნიშნავდა, რომ „რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს“ და ფრენების აღდგენა „ამ ადამიანებისთვის შვება იქნება“. ნაწილი კი აცხადებს, რომ რუსეთში მილიონი ქართველი არ ცხოვრობს. 

რეალურად რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში? BMG შეეცადა, რუსეთში მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობაზე ოფიციალური მონაცემები მოეძიებინა.

„პიემსი კვლევითი ცენტრი“ 2022 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში – „ემიგრაცია და ფულადი გზავნილების ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე“, გაეროს სტატისტიკას იშველიებს და აღნიშნავს, რომ 2020 წელს რუსეთში საქართველოს 450 ათასი მოქალაქე ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ ამ რაოდენობაში საქართველოს არაქართველი მოქალაქეებიც, მათ შორის, რუსებიც შედიან. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ რუსეთში 450 ათასი ქართველი ცხოვრობს.

„ყველაზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან რუსეთში ცხოვრობს.  2020 წლის მონაცემებით, ეს იყო, დაახლოებით, 450 ათასი. ეს მონაცემი აღნიშნავს 90-იანი წლების შემდეგ 2020-ის ჩათლით, ჯამურად რუსეთში წასულ ემიგრანტებს. ამ რიცხვში ეთნიკურად ქართველებთან ერთად, შესაძლოა, სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებიც შედიოდნენ, რომლებიც მანამდე საქართველოში ცხოვრობდნენ და მერე წავიდნენ რუსეთში. შესაბამისად, ამ რიცხვებით ვერ ვიტყვით, კონკრეტულად რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში”, – აცხადებს „პიემსი კვლევითი ცენტრის“ მკვლევარი სოფო ბასილიძე.

რაც შეეხება ეთნიკურად ქართველების რაოდენობას, „როსსტატის“ მონაცემებით, 1992 წელს რუსეთში 198 ათასი ქართველი ცხოვრობდა, 2022 წლის მონაცემებით კი, რომელიც 2010 წლის აღწერის შედეგებს ეყრდნობა, ოკუპანტ ქვეყანაში 157 803 ეთნიკური ქართველი ცხოვრობდა, რაც 1992 წლის მონაცემებზე 40 131 ადამიანით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ 30-წლიან პერიოდში ემიგრანტების ნაწილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა; ადამიანების ნაწილმა ოჯახები შექმნა, ოჯახის წევრების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ მოქალაქეობის არქონის გამო ისინი სტატისტიკაში ვერ ხვდებიან. აღნიშნულ ფაქტორებს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთში დღეს, სავარაუდოდ, 157 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს, ნაკლებად სავარაუდოა, მათი რიცხვი მილიონი იყოს.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close