მსოფლიოეკონომიკასაზოგადოება

საპენსიო ასაკი ევროპის ქვეყნებში – მოსალოდნელია თუ არა ზრდა?

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, იანვრის დასაწყისში საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო რეფორმა წარადგინა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში 2030 წლისთვის საპენსიო ასაკი 64 წლამდე უნდა გაიზარდოს (ამჟამად 62 წელია). რეფორმის თანახმად, საფრანგეთის მოქალაქეებს საპენსიო შენატანების უფრო ხანგრძლივი დროის – 43 წლის განმავლობაში გადახდა მოუწევთ იმისათვის, რომ პენსია დაინიშნონ. საპენსიო ასაკი ყოველწლიურად გაიზრდება, 2023 წლის სექტემბრიდან – უკვე 6 თვით. ამრიგად, 2030 წელს ის 64-წლიან ზღვარს მიაღწევს.

ამ გადაწყვეტილებას პროფკავშირების და მოქალაქეების პროტესტი და მილიონიანი დემონსტრაციები მოჰყვა პარიზსა და სხვა ქალაქებში.

საპენსიო ასაკის ზრდის ტენდენცია მარტო საფრანგეთში როდი იკვეთება.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით და Pensions at a Glance-ის ანგარიშის თანახმად, ყველა ქვეყანაში მინიმალური საპენსიო ასაკის განსაზღვრის განსხვავებული პრაქტიკა არსებობს. ეს წყაროები 2020 წლის ინფორმაციებს იყენებენ – არსებულ ბოლო მონაცემებს, რომლებიც აანალიზებენ მიმდინარე და მომავალ საპენსიო ასაკს მათთვის, ვისი მუშაობის სტაჟიც 22 წლის ასაკში დაიწყო.

ამჟამად საპენსიო ასაკი ორი ტიპისაა – სტანდარტული და ადრეული. მამაკაცების შემთხვევაში პენსიაზე ადრეული გასვლის ასაკი ვარირებს 59 წლიდან (ლიტვა) 63,7 წლამდე (გერმანია). საფრანგეთში პენსიაზე ნაადრევი გასვლის ასაკი 62 წელია როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების თითქმის ნახევარში – შვედეთში, ნორვეგიაში, პორტუგალიაში, საბერძნეთში, იტალიაში, ავსტრიაში…

პენსიაზე გასვლის ფაქტობრივი ასაკი კი ძალზე განსხვავებულია და მონაცემებს შორის დიდი სხვაობაა: მამაკაცების შემთხვევაში ვარირებს 52 წლიდან (თურქეთში), 67  წლამდე (ნორვეგიასა და ისლანდიაში), ქალებისთვის – 49 წლიდან (თურქეთი), 67 წლამდე (ნორვეგიასა და ისლანდიაში). ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 64,3 წელს შეადგენს მამაკაცებისათვის, ქალებისათვის – 63,5 წელს.

OECD-ის მონაცემებით, საფრანგეთში ფაქტობრივი საპენსიო ასაკი ამჟამად 64,5 წელია როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისათვის – ანუ რამდენადმე მაღალია, ვიდრე ევროკავშირის  საშუალო მაჩვენებელი, მაგრამ უფრო დაბალი, ვიდრე  ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სხვა ქვეყანაში – გერმანიაში, მაგალითად, ეს მაჩვენებელი 65,7 წელს შეადგენს როგორც ქალების, ისე მამაკაცებისთვის.

მინიმალური მიმდინარე საპენსიო ასაკი ევროპაში, თურქეთის გამოკლებით, 62 წელია მამაკაცებისთვის, 60 წელი – ქალებისთვის. OECD-ის მონაცემებით, ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მიმდინარე საპენსიო ასაკი 65 წელი და მეტია. ყველაზე დაბალი მიმდინარე საპენსიო ასაკი ევროკავშირში საბერძნეთს, იტალიას, ლუქსემბურგს და სლოვენიას აქვთ (როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის).

პენსიაზე ყოფნის მოსალოდნელი წლები – ეს არის მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა შრომის ბაზრიდან ფაქტობრივი გასვლის შემდეგ, რომლის მაჩვენებელი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, 1970 წელს OECD-ის ქვეყნებში მამაკაცების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა შრომის ბაზრიდან გასვლის შემდეგ 12 წელი იყო, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 19,5 წლამდე გაიზარდა (2022 წლისთვის OECD-ის სრულუფლებიან წევრთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია, ესენია: ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ახალი ზელანდია, ბელგია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, ისრაელი, იტალია, კანადა, კოლუმბია, კორეის რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ჩილე, შვედეთი, შვეიცარია).

ქალების მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა შრომის ბაზრიდან გასვლის შემდეგ შესამჩნევად მაღალია მამაკაცებთან შედარებით: 1970 წელს, საშუალოდ, 16 წელი იყო OECD-ის ქვეყნებში, 2020 წელს კი 23,8 წლამდე გაიზარდა. ამასთან, მოიმატა სხვაობამაც ქალებისა და მამაკაცების მოსალოდნელ სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის შრომის ბაზრის დატოვების შემდეგ.

პენსიაზე ყოფნისას მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა მთელ ევროპაში სხვადასხვაა. მამაკაცებისათვის ის 14 წლიდან (ლატვია) 24 წლამდე (ლუქსემბურგი) იცვლება, ქალებისთვის – 18,9 წლიდან (ლატვია) 28,4 წლამდე (საბერძნეთი). მოსალოდნელია, რომ ბელგიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ლუქსემბურგსა და ესპანეთში ქალები პენსიაზე გასვლის შემდეგ კიდევ 26 წელს და მეტს იცოცხლებენ.

საფრანგეთი „პენსიაზე ყოფნის მოსალოდნელი წლების რაოდენობით“ თავის ევროპელ მეზობლებს შორის ლიდერთა სამეულშია. ქვეყანამ მაღალი შედეგები აჩვენა და მეორე ადგილი დაიკავა მამაკაცებში (23,5 წელი) და მესამე – ქალებში (27,1 წელი).

როგორი იქნება 2060 წლისთვის პენსიაზე გასვლის ასაკი? OECD-ის შეფასებით, 2060-იანი წლების შუაში საპენსიო ასაკი ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში, საშუალოდ, 2 წლით გაიზრდება. ყველაზე მაღალი საპენსიო ასაკი, ანალიტიკოსების ვარაუდით, იქნება დანიაში – 74 წელი მამაკაცებისთვის და ქალებისთვის. ბევრ ქვეყანაში ფაქტობრივი საპენსიო ასაკი შეიძლება 65 წლამდე იყოს, ან 66 წელიც კი. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში საპენსიო ასაკი 2060 წელს 66,1 წელი იქნება მამაკაცებისთვის, 65,9 კი – ქალებისთვის.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close