როგორ აღმოჩნდა მაკრატელი პაციენტის მუცლის ღრუში?
რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკაში მოთავსებული 22 წლის ახალგაზრდა ქალის ახლობლები აპირებენ, პროკურატურას მიმართონ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რათა დადგინდეს, ვისი მიზეზით და როგორ აღმოჩნდა პაციენტის მუცლის ღრუში მაკრატელი.
22 წლის ქალს მაკრატელი მუცელში ერთი თვის წინ გაკეთებული ოპერაციის დროს ჩაუტოვეს. პაციენტის ოჯახის წევრების თქმით, ქალს მთელი ეს პერიოდი აწუხებდა ტკივილები, თუმცა ტკივილის მიზეზის დადგენა მხოლოდ 20 იანვარს ჩატარებული კვლევების შედეგად მოხერხდა, 20 იანვარსვე რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკაში მას ოპერაცია გაუკეთდა.
რეანიმაციის განყოფილებაში მყოფი ახალგაზრდა ქალის მამამთილი ნუგზარ აშრალოვი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მარდალეიშვილის კლინიკისგან კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს.
„ჩემს რძალს ურთულესი დაავადება აქვს, ეს უკვე მესამე ოპერაცია გაუკეთდა. პირველად 30 ოქტომბერს დიღომში, მაგრამ მდგომარეობა მაინც გაურთულდა და მეორე ოპერაცია ლისის ტბაზე მდებარე მარდალეიშვილის კლინიკაში ჩაუტარდა. ამის მიუხედავად მდგომარეობა უფრო და უფრო დაუმძიმდა, ოპერაციის მსვლელობისას წინა ოპერაციის დროს ჩარჩენილი მაკრატელი ამოუღეს. ჩვენ აღარ დაგვრჩა თანხა, რომ გოგონას ვუმკურნალოთ, შეიძლება საზღვარგარეთ გადაყვანა დასჭირდეს“, – ამბობს ნუგზარ აშრალოვი.
ორი შვილის დედა, 22 წლის ქალი რუსთავში, მარდალეიშვილის კლინიკაში 20 იანვარს, საღამოს შეიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. სასწრაფო ოპერაცია გაუკეთა ნიკოლოზ მღებრიშვილმა, იმავე ქირურგმა, რომელმაც მანამდე ჩაუტარა ოპერაცია.
მღებრიშვილი კომენტარს არ აკეთებს.
კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ლოლაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და, რომ მას რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან გაწერენ.
ლოლაძემ დასძინა, რომ კლინიკა მთლიანად იზიარებს მორალურ პასუხისმგებლობას მომხდარის გამო, იმის მიუხედავად, რომ სტატისტიკურად ყოველ 1000 ოპერაციაზე მსგავსი ერთეული შემთხვევები ხდება.
„ოპერაციას ექიმების ჯგუფი აკეთებდა, ინციდენტს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შეისწავლის. ახლა დასკვნების გაკეთება ნაადრეევია, თუმცა ეს არ გვანთავისუფლებს მორალური პასუხისმგებლობისგან, – ამბობს გიორგი ლოლაძე, – ოპერაციის დროს მაკრატელი შემთხვევით აღმოაჩინეს, რადგან პირველ შემთხვევაში ის კლინიკაში კომბინირებული დაავადებით შემოვიდა და ოპერაციის შემდეგ შეხორცებები განუვითარდა. პაციენტის მდგომარეობა ჩვენი პირველადი დასკვნით სწორედ ამ შეხორცებების გამო გართულდა“.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, რომ პაციენტის ახლობლები აპირებენ პროკურატურისთვის მიმართვას და ასევე კლინიკისგან კომპენსაციის მოთხოვნას, ლოლაძემ უპასუხა, რომ „ეს მათი უფლებაა“.
კომენტარები