საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგია საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა.
ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს ურიგდებათ. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ, აგრეთვე, სახლშიც მოასხუროთ.
ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო, ნათლობის წესი. ნათლისღებას ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს გამოვლინდა სამება სრული სახით – ქრისტეს ნათლობის დროს სულიწმიდა მტრედის სახით გამოჩნდა, ზეციდან კი ხმა გაისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ“.
ყოველ წელს, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მასში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა. ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა.
კომენტარები