მსოფლიოპოლიტიკა

გერმანიის ახალი თავდაცვის მინისტრის ვინაობა ცნობილია

გუშინ გადამდგარ 57 წლის კრისტინე ლამბრეხტს (Christine Lambrecht) ბუნდესვერის მეთაურის პოსტზე 62 წლის ბორის პისტორიუსი (Boris Pistorius) შეცვლის. ამის შესახებ კანცლერმა ოლაფ შოლცმა (Olaf Scholz) სამშაბათს, 17 იანვარს განაცხადა.

ფედერალური მიწა ქვემო საქსონიის შინაგან საქმეთა მინისტრის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრ ბორის პისტორიუსის კანდიდატურა სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგან იგი არ იყო იმ 5 სავარაუდო ფავორიტ კანდიდატს შორის, რომლებსაც ექსპერტები და მედია ასახელებდნენ.

ამ დანიშვნით შოლცის მინისტრთა კაბინეტში გენდერული თანასწორობა დაირღვევა – ქალები უმცირესობაში აღმოჩნდებიან.

ბორის პისტორიუსისთვის თავდაცვის მინისტრის რანგში, დაგროვილ სხვა პრობლემებთან ერთად, უპირველესი გადასაწყვეტი საკითხი იქნება უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემა. მას დიდი დრო არ აქვს, რომ პოსტს მოერგოს – უკვე 19 იანვარს გერმანიაში ჩადის აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი და 20 იანვარს მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება რამშტეინში ამერიკულ ავიაბაზაზე, როდესაც გერმანიამ გადაწყვეტით უნდა თქვას პასუხი „ლეოპარდების“ უკრაინისთვის გადაცემაზე.

სამშაბათს, 17 იანვარს კანცლერმა შოლცმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს მოკავშირეებთან უკრაინისთვის მძიმე ტანკების შესაძლო გადაცემის თაობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ნებისმიერი განცხადება ამ საკითხზე სხვა ქვეყნებთან უნდა იყოს შეთანხმებული.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკვე 5 ქვეყანა, მათ შორის, პოლონეთი, მზად არის, გადასცეს უკრაინას „ლეოპარდი 2-ის“ ტიპის ტანკები, თუმცა გერმანიას ელოდებიან.

სამშაბათს, ასევე, ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდებმა უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ების გადაცემა გადაწყვიტა. ამის შესახებ  ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ 17 იანვარს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე განაცხადა. რიუტეს თქმით, მის ქვეყანას უკრაინის დასახმარებლად  2,5 მლრდ ევროს დახარჯვა აქვს გადაწყვეტილი.

ნიკო აბაშიშვილი

ამავე თემაზე:

გერმანიის თავდაცვის მინისტრი გადადგა – ვინ იქნება ბუნდესვერის ახალი მეთაური?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close