მსოფლიოპოლიტიკა

1-ლი იანვრიდან ხორვატია ევროზე გადავიდა და შენგენის ზონაში შევიდა

პირველი იანვრის დადგომისთანავე (ადგილობრივი დროით) ხორვატია საკუთარ ვალუტას – კუნას დაემშვიდობა და ევროზონის და შენგენის ზონის წევრი გახდა. ეს ორი მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნის უახლეს ისტორიაში, რომელიც თითქმის 10 წლის წინათ შევიდა ევროკავშირში.

ევროზე გადასასვლელად ზაგრებს რამდენიმე ეკონომიკური პირობა უნდა შეესრულებინა, კერძოდ, უნდა უზრუნველეყო სტაბილური გაცვლითი კურსი და დაბალი ინფლაცია, რაც წარმატებით განახორციელა.

ხორვატიის ჩათვლით ევროზონაში ამჟამად უკვე 20 ევროპული ქვეყანა შედის. ხორვატია შენგენის ზონის 27-ე ქვეყანა გახდა. შეგახსენებთ, რომ შენგენის ზონა მსოფლიოში უდიდესი ტერიტორიაა, რომლის ფარგლებშიც 400 მლნ-ზე მეტ ადამიანს თავისუფლად შეუძლია გადაადგილება სასაზღვრო კონტროლის გარეშე წევრ სახელმწიფოებს შორის.

იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა, სადაც 3,9 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ევროკავშირის წევრი 2013 წელს გახდა.

ხორვატია ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველი სახელმწიფოა, რომელიც შენგენის ზონაში შევიდა.

სპეციალისტების თქმით, შენგენის ზონაში შესვლა მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ხორვატიის ტურისტული ინდუსტრიის განვითარების, რომელზეც ამჟამად ქვეყნის მშპ-ის 20% მოდის.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების საბჭომ რუმინეთს და ბულგარეთს, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან, უარი უთხრა შენგენის ზონაში შესვლაზე. ბულგარეთის და რუმინეთის შესვლა შენგენის ზონაში ავსტრიამ და ნიდერლანდებმა დაბლოკეს. მიზეზი იყო ის, რომ ამ ქვეყნების მინისტრების აზრით, ევროპის სამხრეთით მდებარე ბულგარეთსა და რუმინეთში კორუფციისკენ მიდრეკილება ჯერ ისევ მაღალია და მესაზღვრეები ფულის (კონკრეტული თანხაც დასახელდა – 50 ევრო) სანაცვლოდ შეუშვებენ შენგენის ზონაში არალეგალურ იმიგრანტებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close