სპორტი

ლეგენდარული პელე გარდაიცვალა

სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიელი ფეხბურთელი 82 წლის იყო

სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ლეგენდარული ფეხბურთელი, ფეხბურთის მეფედ აღიარებული პელე გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ქალიშვილმა კელი ნასიმენტუმ  ერთი საათის წინ ინსტაგრამში გაავრცელა ინფორმაცია. 

„ყველაფერი, რაც გვაქვს, შენი წყალობით გვაქვს. უსაზღვროდ გვიყვარხარ. მშვიდად განისვენე“, – დაწერა პელეს ქალიშვილმა.

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის გარდაცვალება მისმა აგენტმა ჯო ფრაგამაც დაადასტურა. სხვა დეტალები უცნობია.

26 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პელე ოჯახს ემშვიდობებოდა. როგორც ამბობდნენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა.

იმის შესახებ, რომ პელე კვლავ საავადმყოფოში მოათავსეს, 8 დეკემბერს გახდა ცნობილი. იგი მსხვილი ნაწლავის კიბოს მკურნალობის კურსს გადიოდა ალბერტ აინშტაინის სახელობის კლინიკაში, სან პაულუში.

პელე ერთადერთი ფეხბურთელია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც მოთამაშის რანგში სამჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული (1958, 1962 და 1970 წლებში).

მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ტურნირებში მან 14 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა, მათ შორის – 3 იმ ფინალურ მატჩებში, რომლებშიც ბრაზილიის ნაკრებმა გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მთლიანობაში ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში გამართულ 92 მატჩში (1957-1971 წლებში)  პელემ 77 გოლი გაიტანა. მისი რეკორდის  გამეორება  მხოლოდ 50 წლის შემდეგ – ახლახან შეძლო მისმა თანამემამულემ – ნეიმარმა მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიასთან მატჩში (9 დეკემბერს) გატანილი გოლით. ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა ნაკრებში 77 გოლი 124 მატჩში გაიტანა (პელემ – 92-ში).

ფიფას საფეხბურთო კომისიამ, World Soccer-მა და France Football-მა პელე მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ხოლო 1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა იგი საუკუნის სპორტსმენად დაასახელა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close