საზოგადოებასაქართველო

ცნობილი ექიმის და ტელეწამყვანის, ნინო ნადირაძე-კუზანოვას საჯარო აღსარება – „სითბო ნამდვილად მაკლდა… გართობა დანაშაულად ითვლებოდა“

ექიმმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძე-კუზანოვამ, რომელიც ბევრისთვის წარმატებული ქალის და „შემდგარი“ ადამიანის „ფორმულას“ წარმოადგენს, მოულოდნელი აღიარება გააკეთა: სოციალურ ქსელში ის ბავშვობის ტრავმებზე წერს და ამბობს, რომ მშობლებისგან სითბო და სიყვარული აკლდა.

„ბავშვობის ტრავმებზე:

1. სითბო ნამდვილად მაკლდა, ძილში გადამისვა მამამ 2-ჯერ თავზე ხელი, ამ დროს თვალები გავახილე და იმწამსვე მივიტუქსე, რატომ გღვიძავსო…

2. არსად არ მიშვებდნენ 2 მიზეზის გამო, ეშინოდათ, რამე არ მომსვლოდა და ჩემს ხუთოსნობას საფრთხე არ შექმნოდა;

3. მივეჩვიე დამჯდარ ძილს, ერთი წაკითხვით ვსწავლობდი ყველაფერს, ამიტომ წიგნს ვშლიდი მარტო ტექსტიან გვერდზე და შუბლზე ხელაფარებული ვიძინებდი. რომ მეთქვა, უკვე ვიცითქო, მედალი რომ ვერ გამეტანა ან პირველ წელსვე ვერ მოვწყობილიყავი, დაბრალდებოდა ერთჯერ წაკითხვით ნასწავლს…

4. მამას ვგავარ, მამას საკუთარი თავი არ მოწონდა, მოსწონდა დედაჩემი, რომელსაც ჩემი და ჰგავდა, ამიტომ ავტომატურად ვითვლებოდი უშნოდ;

5. ჩემი არსადგაშვების და 24 საათი სწავლის სტრესი მიკომპენსირდებოდა ლამაზი ტანსაცმლით, შედეგად ასაკშიც სტრესის შემდეგ რამე უნდა ვუყიდო ჩემს თავს…

6. ყველაზე მეტად ვისჯებოდი ტყუილის თქმის შემთხვევაში უსასტიკესად…

7. გართობა და დროსტარება ითვლებოდა დანაშაულად, ამიტომ ეს 2 რამ დღესაც არ გამომდის..

P.S. ყველაზე მთავარი დამავიწყდა, უხმოს და უსმენოს ბოლომდე მახეხიეს მუსიკალური სკოლა და გამოსაშვებზე ბახის ოთხხმიანი ფუგა იყო წამების მწვერვალი”, – წერს ნინო ნადირაძე.

ადრეულ წლებში მშობლების მიერ ჩანერგილი ჩვეულება დღესაც საათივით მუშაობს: როცა გაჩერებულია, დანაშაულის შეგრძნება ეუფლება, ჰგონია, რომ რაღაცას აშავებს. შრომა მისი ჩვეული მდგომარეობაა, ამიტომ ბევრს ასწრებს: პროფესიით კარდიოლოგ-რეანიმატოლოგია, პარალელურად ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა Prime Show-ს ერთ-ერთი წამყვანია.

ნინო ნადირაძე-კუზანოვა თავის მთავარ თვისებად მხოლოდ ერთ სიტყვას ასახელებს – Workaholic, რომელიც ითარგმნება, როგორც „შრომისმოყვარე“, თუმცა იმაზე გაცილებით აღმატებული თვისებაა, ვიდრე, ჩვეულებრივ, სიტყვა „შრომისმოყვარეობის“ ქართული განმარტება გულისხმობს.

ნინო კლინიკა „ვივამედის“ დირექტორიცაა. ეს ის კლინიკაა, რომელთანაც სპეციალური პენიტენციარული სამსახური წლებია თანამშრომლობს – საჭიროების შემთხვევაში პატიმრებს, ძირითადად, იქ მკურნალობენ.

დღეს კლინიკა „ვივამედი“ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია და ამის მიზეზი პაციენტი მიხეილ სააკაშვილია. საქართველოს მე-4 პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე სწორედ „ვივამედია“ პასუხისმგებელი, შესაბამისად, ნინო ნადირაზე-კუზანოვა ყველა პრეტენზიაზე მთავარი მოპასუხეცაა.

48 წლის ექიმი და ტელეწამყვანი უკვე ბებიაა, ამაყობს ამით, ახერხებს, რომ ყოველთვის ფორმაში იყოს და მომხიბლავად გამოიყურებოდეს. იგი ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელია.

ნინო ნადირაზე-კუზანოვა ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან, პლასტიკურ ქირურგ გუგა კუზანოვთან  ერთად გადაღებულ ოჯახურ ფოტოებს, რომლებსაც უამრავი ადამიანი ნახულობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close