ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

საფრანგეთში, ლიონის გარეუბანში ხანძარს, სულ ცოტა, 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 5 ბავშვი (ვიდეო)

წინასაშობაოდ დიდი ტრაგედია მოხდა საფრანგეთის ქალაქ ლიონის გარეუბანში, სადაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან 3-იდან 15 წლამდე ასაკის 5 ბავშვია. 14 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაშავებულთა შორის 2 მეხანძრე-მაშველია.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ვო-ან-ველენში 7-სართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარმა დღეს, პარასკევს, გამთენიის 3 საათზე იფეთქა. ადგილზე მობილიზებული იყო 170 მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია.

„ფრანს პრესის“ ცნობით, ცეცხლი თავდაპირველად პირველ სართულზე გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა მთელ შენობაში. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ამდენი მსხვერპლი უფრო იმან გამოიწვია, რომ ცეცხლის გაჩენის დროს 7-სართულიან სახლში თითქმის ყველას ეძინა.

შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ საფრანგეთის შს მინისტრი ჟერალდ დარმანენი და ქალაქის და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მინისტრი ოლივიე კლაინი.

ლიონის პროკურატურის განცხადებით, არცერთი ვერსია არ არის გამორიცხული, მათ შორის, არც კრიმინალური. საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ხანძარი კვარტალ Mas du Taureau-ში მოხდა, სადაც განახლების მშენებლობები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა ეს რაიონი ლიონის გარეუბნებს შორის საცხოვრებლად ყველაზე უვარგისად.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close