გაზისა და ელექტროენერგიის ფასების შეზღუდვა მოსახლეობისა და მცირე საწარმოებისთვის გერმანიაში 2023 წლის მარტიდან ამოქმედდება. ფიზიკური პირებისა და მცირე კომპანიებისთვის გაზის მაქსიმალური ფასი 12 ცენტით შემოიფარგლება, ელექტროენერგიის კი – 40 ცენტით კვტ/სთ-ზე. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
ბუნდესრატმა (ფედერალური მიწების წარმომადგენლობითი ორგანო – საბჭო) პარასკევს, 16 დეკემბერს დაამტკიცა ეს ზომა, რომელსაც წინა დღეს ბუნდესტაგმა აუნთო მწვანე შუქი. ე. წ. „საფასო მუხრუჭი“ გაზსა და ელექტროენერგიაზე შეამცირებს მომხმარებელთა ფინანსურ ტვირთს ენერგეტიკული კრიზისის დროს, – განმარტა ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრმა შტეფან ვაილმა.
როგორც მოსალოდნელია, კერძო საოჯახო მეურნეობებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაზის და ელექტროენერგიის „ფასების მუხრუჭი“ 2023 წლის მარტიდან ამოქმედდება, თუმცა ის რეტროსპექტიულად გავრცელდება იანვარსა და თებერვალზეც. მომხმარებლებისთვის – ფიზიკური პირებისა და მცირე კომპანიებისთვის, გაზის ფასი 12 ევროცენტზე მეტი არ იქნება 1 კვტ/სთ-ისთვის, ელექტროენერგიის კი – 40 ევროცენტზე მეტი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე და სანქციებისა და ენერგომატარებლების მიწოდების შეფერხებების დაწყებამდე ერთი კვტ/სთ ელექტროენერგიის ფასი გერმანიაში 30 ევროცენტის ფარგლებში იყო.
სავარაუდოა, რომ ე. წ. „ფასების მუხრუჭი“ 2024 წლის აპრილამდე გაგრძელდება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები