fbpx
სპორტი

„ვარჯიში ჩემს სოფელში დავიწყე… რთული დრო იყო…“ – ორგზის მსოფლიო ჩემპიონი სამბოში ელენე ქებაძე

ყველაზე დიდი ემოცია სწორედ მაშინ მოდის, როცა კვარცხლბეკზე მდგომს, ჩემი ქვეყნის ჰიმნი მესმის და ჩვენი დროშა ყველაზე მაღლა იწევს – ამბობს ორგზის მსოფლიო ჩემპიონი სამბოში ელენე ქებაძე და თავის ისტორიას ჰყვება.

„ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და შემიძლია ჩემი ქვეყანა მსოფლიოს გავაცნო. მიხარია, თანამოქალაქეების სიხარულის მიზეზი რომ ვხდები.

ეროვნების, რწმენისა და წარმომავლობის მიხედვით სპორტსმენს არ ვარჩევ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე, უფრო მეტი სტიმული მეძლევა, როცა რუს მეტოქეს, ან რუსეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენს ვხვდები.

ვარჯიში 2004 წელს ჩემს სოფელში, გიორგეთში, დავიწყე. მაშინ 11 წლის ვიყავი. რთული დრო იყო.. ვარჯიშისთვის არანაირი პირობა არ გვქონდა, თუმცა მიზნიდან არასდროს გადამიხვევია!

ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ჩემი ოჯახის დახმარებით, წარმატებას მაინც მივაღწიე.

ვარ ორგზის მსოფლიო ჩემპიონი სამბოში, ამავე სახეობაში – ევროპის ჩემპიონი, ევროპის ოლიმპიადის ვიცე- ჩემპიონი, მსოფლიო თასის ჩემპიონი და ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი.

„ქალს სპორტში რა უნდა!“ – მესმოდა ხოლმე კარიერის დასაწყისში, თუმცა ასეთ შეხედულებებს ყურადღებას არ ვაქცევდი და საქმეში ყოველთვის მაქსიმალურს ვდებდი

თუ იშრომებ და სირთულეებს არ შეუშინდები, შედეგიც არ დააყოვნებს.

ყოველი შეჯიბრი ახალი გამოწვევა და ახალი დაბრკოლებაა. ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ამ დაბრკოლებების გადალახვა და რაც შეიძლება მეტი წარმატების მიღწევაა.

ჩემი სოფელი და თანასოფლელები ძალიან მიყვარს!
მადლობა მათ გვერდში დგომისთვის, სტიმულისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც ყველა შეჯიბრის წინ და მის შემდეგ ვგრძნობ“, – ჰყვება ელენე ქებაძე პროექტთან „ეთნოპალიტრა – ქალთა სახეები სოფლად“.

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close