საბერძნეთში დაწყებული სიყვარული – დონალდ ტრამპის ქალიშვილი ლიბანელ მილიარდერზე დაქორწინდა (ვიდეო)
დონალდ ტრამპის ქალიშვილი ტიფანი გასულ შაბათს ლიბანელ ბიზნესმენზე დაქორწინდა ნიშნობიდან თითქმის ორი წლის შემდეგ. გრანდიოზული საქორწილო ფლორიდაში, პალმ ბიჩზე, მილიარდერების უბანში მდებარე ტრამპების სასახლე მარ-ა-ლაგოში გაიმართა.
წყვილმა ერთმანეთი 2018 წელს საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე გაიცნო. მათი ნიშნობა 2021 წლის იანვარში, ტრამპის უფლებამოსილების შეწყვეტის წინა დღეს გაიმართა თეთრ სახლში – მაშინ სასიძომ საპატარძლოს 1.2$ მილიონის ღირებულების 13-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი მიართვა.
29 წლის ტიფანი დონალდ ტრამპის და მისი მეორე მეუღლის – მსახიობის, მოდელისა და პროდიუსერის, მარლა მეიპლსის ქალიშვილია.
25 წლის მაიკლ ბულოს მშობლები ლიბანელები არიან, თუმცა იგი ნიგერიაში, ლაგოსში დაიბადა და გაიზარდა. ბულოს ოჯახს ნიგერიაში ბიზნესი აქვს, ის ქვეყანაში Suzuki-ს პროდუქციის ერთადერთი იმპორტიორი და დისტრიბუტორია.
ტიფანის მეჯვარე მისი ნახევარდა, ივანკა ტრამპი იყო.მიუხედავად გავრცელებული ხმებისა, რომ მელანია ქმარს დაშორდა, ქორწილს ტრამპების ოჯახი სრული შემადგენლობით დაესწრო. ფრენკ სინატრას სიმღერაზე მელანიამ ქმართან იცეკვა და როგორც თვითმხილველები ამბობენ, აკოცა კიდეც.
ტიფანი და მაიკლი მაიამიში ცხოვრობენ. ისინი, როგორც ჩანს, არ შემოიფარგლებიან მარ-ა-ლაგოს საქორწილო ცერემონიით. ტიფანი ყოველთვის ამბობდა, რომ ქორწილის გადახდა მიკონოსზე სურს, სადაც თავის სიყვარულს შეხვდა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები