იტალიის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შესაძლოა დაუშვას ელექტროენერგიის გადასახადების განვადებით გადახდა, – ამის შესახებ უწყების მეთაურმა ჯანკარლო ჯორჯეტიმ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ამჟამად სპეციალისტები ამზადებენ „ინსტრუმენტებს“ მსგავსი ცვლილებების განსახორციელებლად, რომელიც ოჯახებს და საწარმოებს ეკონომიკური სიძნელეების და ენერგეტიკული კრიზისის პერიოდში დაეხმარება.
ეს ზომა გარკვეული კატეგორიის აბონენტებს შეეხებათ და მათ შესაძლებლობა მიეცემათ, გადასახდელი დიდი თანხები ნაწილ-ნაწილ გადაიხადონ.
განვადებით შესაძლებველი იქნება იმ თანხის გადახდა, რა თანხითაც გაიზარდა გადასახადი 2022 წელს 2021 წელთან შედარებით. ამას გარდა, საუბარია იმ გადასახადზე, რომელსაც საწარმოები 2022 წლის ოქტომბრიდან იღებენ.
საწარმოებს ელექტროენერგიის გარდა გაზის გადასახადის განვადებით გადახდაც შეეძლებათ.
ამ ზომასთან ერთად ჯორჯა მელონის მთავრობა მეორე ღონისძიების გატარებასაც აპირებს, რომლის შესახებაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა არჩევნების შემდეგ მალევე განაცხადა – ეს არის ექვსთვიანი მორატორიუმი დენის მიწოდების შეწყვეტაზე იმ აბონენტებისთვის, რომლებმაც დავალიანება ვერ გადაიხადეს.
2022 წელს იტალიაში გაზისა და ელექტროენერგიის ღირებულება უკვე რამდენჯერმე გაიზარდა და ისევ აგრძელებს ზრდას. ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ათასობით კომპანიის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ ამის გამო ისინი რენტაბელობის ზღვარზე არიან.
პირველადი კვების პროდუქტებზე ფასების 10-25%-იანი ზრდა ფიქსირდება. წინასწარი შეფასებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი განახევრდება, ხოლო ინფლაცია (რომელმაც უკვე 30 წლის განმავლობაში რეკორდულ 9%-ს მიაღწია, ხოლო ძირითად საქონელზე – 11%-ს) ზრდას გააგრძელებს. ქვეყნის ბიუჯეტიდან უკვე 50 მილიარდ ევროზე მეტი გამოიყო ენერგომატარებლებსა და პროდუქციაზე ფასების ზრდის უარყოფითი ეფექტის შესარბილებლად.
10 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ იტალიის მთავრობამ ბოლო ორ კვირაში შეძლო „ეპოვა და გამოეთავისუფლებინა“ 30 მლრდ ევრო ბიუჯეტიდან, რომელიც ენერგომატარებლების ფასების ზრდის ეფექტების შესარბილებლად იქნება მიმართული. მოსალოდნელია, რომ ამ მიზნისთვის 9 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ დადგენილებას 10 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მიიღებენ.
უფრო ადრე მელონი აღნიშნავდა, რომ ტარიფების შემცირება ქვეყნის მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტია და ამ გამო შესაძლოა ბიუჯეტში ხარჯების სხვა მუხლებით გათვალისწინებული თანხები შემცირდეს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები