სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ნელი დოდოყაშვილი: „მე ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას“
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ დღეს საღამოხანს გამოაცხადა. სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალდების ყველა ეპიზოდზე უდანაშაულოდ ცნო.
„სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ შემდეგი – ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია 2019 წლის პირველი აპრილის ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირბელი ნაწილით, საუბარია 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საუბარია 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდზე. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 მაისის განჩინებით ბასილაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს ფულადი თანხა“, – აღნიშნა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ.
ამასთან, როგორც მოსამართლემ განაცხადა, ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში იყო გარკვეული ეპიზოდები, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი არაეთიკური სიტყვებით მიმართავს ნელი დოროყაშვილს, თუმცა, მოსამართლის თქმით, ამის საპირწონედ სასამართლოს ჰქონდა ამავე ვიდეო-აუდიოჩანაწერებში ნელი დოროყაშვილის ქმედებებიც.
„ჩანაწერების მიხედვით, თავად ნელი დოროყაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნიკოლოზ ბასილაშვილს, იყო დამცირების შემთხვევები და, სამწუხაროდ, იყო უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიებული. გარდა ამისა, დაცვის მხარემ მოცემულ საქმეში ჩაატარა ალტერნატიული გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნის თანახმად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამ დასკვნიდან გამომდინარე, ბრალდების ტვირთი ერთგვარად გაიზარდა. ბრალდების მხარეს, ერთი მხრივ, უნდა დაედასტურებინა, რომ ბასილაშვილთან ნამდვილად ჩაიდინა ფსიქოლოგიური ძალადობა და, მეორე მხრივ, ბრალდების მხარეს უნდა გაებათილებინა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაცვამ სასამართლოს წარუდგინა, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით ეს ასე არ მოხდა“, – განაცხადა მოსამართლემ.
ამასთან, როგორც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ აღნიშნა, დაზარალებული ნელი დოროყაშვილი აცხადებდა, რომ თანაცხოვრების პერიოდში მასზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ხშირად ახორციელებდა ეკონომიკურ ძალადობას, უბლოკავდა მას შესაბამის ბარათებს და იძულებული ხდებოდა, დახმარება მეგობრებისგან მიეღო, თუმცა საბანკო ამონაწერების მიხედვით, მსგავსი ფაქტი არ დადასტურდა.
„დაზარალებული ამბობდა, რომ აშშ-ში ფიზიკური ძალადობის განხორციელების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას დაუბლოკა ბარათი, შესაბამისად, იძულებული გახდა, დახმარება მიეღო მამის მეგობრის მხრიდან. სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი, რომ მოვისმენდით იმ პირის ვინაობას, ვინ იყო მამის მეგობარი. სასამართლოს გასაოცრად, არაერთი მოწოდების მიუხედავად, დაზარალებულმა არ დაასახლა ამ ადამიანის სახელი. შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი დაზარალებულის სანდოობაში. ამის საპირწონედ, დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე გამოიკვლია საბანკო ანგარიშსწორება, ამონაწერი ბანკიდან, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ არა მხოლოდ აშშ-ში, საქართველოშიც, ამ ამონაწერების მიხედვით, არ ფიქსირდება რომელიმე ეტაპზე ბარათის დაბლოკვის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს გაუჩნდა მოლოდინი, რომ ბრალდების მხარე წარმოუდგენდა სასამართლოს სხვა მტკიცებულებას, იგივე ბანკიდან გამოთხოვილ ინფორმაციას, თუმცა ამგვარი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
გარდა ამისა, სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი, რომ ნელი დოროყაშვილს, რომელიც ახორციელებს ვიდეო-აუდიოგადაღებებს, აარქივებს მიმოწერებს და ჩანაწერებს, შეეძლო, სულ მცირე, მობაილბანკიდან ამოეღო ეს ინფორმაცია და სქრინის სახით წარმოედგინა სასამართლო სხდომაზე, თუმცა ასე არ მოხდა. ამიტომ ეკონომიკური ძალადობა ვერ დადასტურდა“, – განაცხადა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ.
ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა ბრალი წარდგენილი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. იმავე წლის 24 მაისს კი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. სპორტსმენი ამბობს, რომ პირველ რიგში მისი მიზანია შვილთან ურთიერთობის აღდგენა და შემდეგ პროფესიული კარიერის გაგრძელება. როგორც ბასილაშვილმა აღნიშნა, ელოდა სამართლიანი განაჩენის გამოტანას.
„ჩემს შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო ორი წელია ამ პროცესების გამო. ამიტომ მინდა, დავიწყო ამ ურთიერთობების თავიდან აღდგენა, გაციებული ურთიერთობების გამოსწორება. პირველ რიგში, ჩემი ნაბიჯი იქნება ეს. მე, როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე, არ მინდა, ზოგადად, საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ის ყველა შემთხვევაში არის ლუკასის დედა. ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი. მოკლედ, მე არ მინდა ჩემს პირადზე ვისაუბრო. ამის შემდეგ ცოტა გადავხარშავ, დავლაგდები…
მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება.
ვნერვიულობდი, ზოგადად, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე მე ჩემს ცხოვრებაში. მით უმეტეს, ჩემი ხმა სატელევიზიო სივრცეში ძალიან არასწორად იყო გაშვებული, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ეს შინაარსი არ ემსახურებოდა სიმართლეს, ამიტომ თვითონ ეს მომენტი, ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის ძალიან რთული ასატანი იყო. ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ჩემთვის ახლა მთავარი არის ბავშვთან ურთიერთობის აღდგენა და შემდეგ პროფესიული კარიერის გაგრძელება”, – განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყოფილი ქმრის მიმართ გამამართლებელი ვერდიქტის გამოტანას ნელი დოროყაშვილი ფეისბუქის პირად პოსტზე გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ ყველა ინსტანციაში აპირებს დავას.
„სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგში და გაეროში არ შეიძლება ამ საქმის წაღება, რადგან უმოკლეს ვადაში მოხდეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის მიღწევა. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, სულ რომ ყველამ თვალი დახუჭოს მტკიცებულებებით სავსე საქმეზე სტატუსისა და გავლენების გამო, ჩვენ მაინც მივიღებთ სამართლიანობას. ამ „ქეისს” გავხდით მაგალითად, თუ როგორ მუშაობს საქართველოში სასამართლო სისტემა.
მოსამართლე, რომელიც უარყოფს თავის წინ დადებულ ფაქტებს, თვალს ხუჭავს ყველაფერზე … ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს. ამით მან თქვა, რომ არაფერი გეშველებათ ძალადობაში ამოგხდებათ სული თუ ნეკა დოროყაშვილმა ვერ მოიგო სისხლის სამართლის დავა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით სავსე, მაშინ, სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ?!
მე აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ და მივიღებ სამართლიანობას ჩემთვის, ყველა ჩემი მხარდამჭერისთვის და ყველა ძალადობა გამოვლილი ქალისთვის. დიახ, ყველა ქალისთვის, ვინც ახლაც იმყოფება ძალადობის ქვეშ. …
მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველა ჩემს მხარდამჭერს, ვინც სტერეოტიპების მიუხედავად, სტატუსის მიუხედავად თვალყურს ადევნებდა პროცესებს გულმხურვალედ მიჭერს მხარს და მგულშემატკივრობს და ვისთვისაც საქმეში არსებული საკმარისზე მეტი მტკიცებულებებით ყველაფერი ცხადია მიყვარხართ მე თქვენ!!! მე ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას“, – წერს ნელი დოროყაშვილი.
კომენტარები