მსოფლიოპოლიტიკა

დედოფალ ელიზაბეთ მეორის დაკრძალვის ცერემონია (ვიდეო)

დღეს ლონდონში დედოფალ ელიზაბეთ მეორის დაკრძალვის ცერემონია იმართება. ბრიტანეთის დედაქალაქში მილიონ ადამიანს ელოდებიან, მათ შორის, 500-მდე მაღალი რანგის სტუმარს – სახელმწიფოს მეთაურებს და უცხოელ ლიდერებს. სერ უინსტონ ჩერჩილის გარდაცვალების (1965 წ.) შემდეგ დიდ ბრიტანეთში პირველად იმართება დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონია.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლონდონში გუშინ ჩავიდა და ოფიციალურ სამძიმრის წიგნში ჩანაწერიც გააკეთა. კვირას ჩაფრინდა ბრიტანეთის დედაქალაქში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. დედოფალთან გამოსათხოვებლად ლონდონში ჩავიდა უკრაინის პირველი ლედი – ელენა ზელენსკაიაც. ცერემონიაზე დასასწრებად არ მიიწვიეს რუსეთის, ბელარუსის და მიანმარის ლიდერები, ხოლო საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბინ სალმანს ვადაზე ადრე მოუწია ლონდონის დატოვება, რადგან მისმა ჩასვლამ დედაქალაქში დედოფალთან გამოსათხოვებლად დიდი სკანდალი გამოიწვია, – უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ სწორედ მუჰამედ ბინ სალმანმა მოაკვლევინა ჟურნალისტი ჯამალ ჰაშოგი 2018 წელს საუდის არაბეთის საელჩოში, თურქეთში. ამის შესახებ ბიბისი იუწყება.

მედიამაუწყებლის ცნობითვე, ბიგ-ბენმა – ცნობილმა საათმა ბრიტანეთის პარლამენტის შენობაზე – არ დარეკა მწუხარების საერთოეროვნული დუმილის წუთის დაწყებისას და დასრულებისას კვირას, 20:00 სთ-ზე (ადგილობრივი დროით), როგორც იგეგმებოდა. ხელისუფლება სასწრაფო გამოძიებას აწარმოებს ხარვეზის დასადგენად. დღეს ბიგ-ბენმა უნდა დარეკოს ყოველ ერთ წუთში, როდესაც ელიზაბეთ მეორის ცხედარს ვესტმინსტერის სააბატოდან გამოასვენებენ.

დედოფალი 8 სექტემბერს, დღისით გარდაიცვალა შოტლანდიაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში, რითაც დასრულდა „ელიზაბეთის ახალი ერა“, როგორც მის მმართველობას ეწოდა დასაწყისში, 1952 წლიდან, როდესაც დედოფალი ტახტზე ავიდა.

ელიზაბეთ მეორე სამეფოს 70 წლის განმავლობაში მართავდა და დიდი პატივისცემა დაიმსახურა არა მარტო ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.

მისი მმართველობის ხანაში დიდმა ბრიტანეთმა 15 პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა – უინსტონ ჩერჩილიდან დაწყებული, ლიზ ტრასით დამთავრებული.

დედოფალმა დიდი და შეკრული ოჯახი დატოვა. მას ჰყავს 4 შვილი – ჩარლზი, ანა, ენდრიუ და ედვარდი, აგრეთვე, 8 შვილიშვილი და 12 შვილთაშვილი. მას შემდეგ, რაც პინცი ჩარლზი (ახლა უკვე მეფე კარლ მესამე) ტახტზე ავიდა, ბრიტანეთის სამეფო ტახტის პირველი მემკვიდრე მისი ვაჟი – პრინცი უილიამი გახდა.

ელიზაბეთ მე-2-ს გარდაცვალებიდან მე-11 დღეს – 19 სექტემბერს კრძალავენ. მანამდე ქვეყანაში 10-დღიანი გლოვა იყო გამოცხადებული. გამოსათხოვარი ცერემონია და ღვთისმსახურება ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა. დღეს სამგლოვიარო პროცესია ლონდონიდან უინძორის სასახლეში გაემართება, სადაც დედოფალს მეფე გეორგ მე-6-ის სამლოცველოში დაკრძალავენ, თავისი ქმრის – პრინც ფილიპის გვერდით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close