„აკეთებდე შენს საყვარელ საქმეს – ემიგრანტისთვის ძალიან დიდი გამართლებაა“ – დავით ოთინაშვილი
„ამერიკაში წამოსვლა ჩემი გადაწყვეტილება იყო დ გზაც თვითონ გავიკვალე: ერთ კარს მიხურავდნენ, მეორეში შევდიოდი, მეორე თუ იკეტებოდა, ფანჯრიდან გადავდიოდი“, – დავით ოთინაშვილი (David Otti) უკვე 12 წელია ამერიკაში ცხოვრობს და გამოირჩევა არა მარტო, როგორც მომღერალი და მუსიკოსი, არამედ როგორც ბრუკლინის ერთ-ერთი ძველი რესტორნის – „ტატიანას“ კრეატიული მენეჯერი და მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს. მისი პროფესიონალიზმი პრაქტიკული გამოცდილების ის თვალნათელი მაგალითია, ახალ-ახალი წარმატებებისკენ რომ უბიძგებს ადამიანს, მით უმეტეს, რომ ყველაფერ ამას წარმოსახვის კარგი უნარი და შემოქმედებითი ნიჭიც ემატება. თანაც იგი საყვარელ საქმეს ემსახურება, რაც მისივე თქმით, „ემიგრანტისთვის ძალიან დიდი გამართლებაა“.
თუ რა გზა გაიარა ამერიკამდე, რა სიახლეებს ჰპირდება მაყურებელს, რომლებიც ყოველთვის მოუთმენლად ელიან მისგან ხალისიანი ატმოსფეროს შექმნას და მისი სამომავლო შემოქმედებითი მიზნები რამდენად უკავშირდება მშობლიურ ქვეყანას, – ამ და სხვა არაერთ საინტერესო საკითხზე სასაუბროდ დავით ოთინაშვილს ამერიკაში დავუკავშირდით:
დავით, დამეთანხმებით, აწმყო წარსულის გარეშე არ არსებობს – როგორ მოხვედით დღემდე? რა დაგიტოვათ ბავშვობამ? ვინ არიან თქვენი მშობლები, მუსიკალური ნიჭი მათგან ხომ არ მოგყვებათ?
ბავშვობიდან მიყვარდა და მიყვარს ყველაფერი, რაც ხელოვნებას უკავშირდება, ცეკვა იქნება ეს, სიმღერა, თეატრი თუ კოსტიუმების შექმნა საკონცერტოდ. მახსოვს, სამაჩაბლოში, ზაფხულის არდადეგებზე, თანატოლი ბავშვები ერთად ვაწყობდით კონცერტებს; სოფლის პირობებში, თეატრალურად მოწყობილ ოთახში სამეზობლოს ვიწვევდით და ვისაც როგორ შეგვეძლო, ვართობდით ჩვენს აუდიტორიას. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ყველა ქართველი გენეტიკურად ხელოვანია. დედაჩემი მთელ სანათესავოში იყო ცნობილი თავისი ლამაზი სიმღერებით, მამასაც ძალიან უყვარდა სიმღერა, – მახსოვს, „თბილისოს“ მღეროდა ხოლმე სუფრასთან… მათგან განსხვავებით მე ჩემი ნიჭი, თუ შეიძლება ასე ითქვას, პროფესიულად განვავითარე, რაც, რა თქმა უნდა, ბევრ სწავლას, შრომას და გამოცდილებას მოიცავს. მშობლები ხედავდნენ ჩემს მისწრაფებას მუსიკისკენ და ყველანაირად ხელს მიწყობდნენ.
სხვათა შორის, დედა – ნათელა, თავადის ქალი იყო, გვარად სიდამონიძე და კომუნისტების დროს მოუწიათ გვარის გადაკეთება კაჟაშვილად (თავადებს დევნიდნენ). მამა – მიხეილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს მანქანა „ვოლგა“ რომ გამოდიოდა, იმ ქარხანაში მუშაობდა ერთ-ერთ ხელმძღვანელად ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში (1932-1990 წლებში ქალაქს ეწოდებოდა „გორკი“). წლების განმავლობაში ვცხოვრობდით ამ ქალაქში. მე უკრაინაში დავიბადე. უფროსი ძმა მყავდა, რომელიც, სამწუხაროდ, დაიღუპა… საქართველოში ზაფხულობით ჩამოვდიოდით, 90-იან წლებში კი საცხოვრებლად გადმოვედით. თბილისის 177-ე საშუალო სკოლა დავამთავრე, პარალელურად მუსიკალურ სასწავლებელში დავდიოდი, ფორტეპიანოს კლასში. დამთავრებული მაქვს მ. ბალაკირევის სახელობის მუსიკალური კოლეჯი, ესტრადისა და ჯაზის მიმართულებით და ასევე, მოსკოვის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ამავე სპეციალობით. პროფესიით ვარ მომღერალი, ანსამბლის ხელმძღვანელი, არტდირექტორი, ვოკალის პედაგოგი.
და, როგორც ვიცი, თქვენი ერთ-ერთი პედაგოგი ნანი ბრეგვაძე იყო, რაც იშვიათი შემთხვევაა…
ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, ქალბატონი ნანი ჩვენი ფაკულტეტის დეკანი და ვოკალის პედაგოგი იყო, გამოირჩეოდა ზეპროფესიონალიზმით და უშუალო დამოკიდებულებით სტუდენტებთან. მასთან ყოველი მეცადინეობა ზეიმი იყო. ზოგჯერ ქალბატონ ნანისთან სახლში მივდიოდით სამეცადინოდ და ეს იყო განსაკუთრებული ლექციები, რაც არასოდეს დამავიწყდება. ქალბატონი ნანის მოსწავლეობა დიდი პასუხისმგებლობა იყო და არის ჩემთვის.
თქვენი სტუდენტობა და შემდგომი პერიოდიც საქართველოს ფარგლებს გარეთ გაატარეთ, წარმატებით მონაწილეობდით უამრავ კონცერტში, სატელევიზიო პროექტებში, საკმაოდ პოპულარულ მიუზიკლებში („ბრემენელი მუსიკოსები“, „განძის კუნძული“…), იყავით არაერთი კონკურსის გამარჯვებული და უცებ ამერიკაში წასვლა გადაწყვიტეთ – რატომ?
მინდოდა სიახლეები, ახალი გამოწვევები… ამერიკა თავისუფლებასთან ასოცირდება და, როგორც მუსიკოსი, ვფიქრობდი, უფრო მეტად განმევითარებინა საკუთარი თავი.
რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რის გადალახვაც მოგიხდათ პირველ ეტაპზე, რა გაძლევდათ სტიმულს?
ყველაზე დიდი პრობლემა საკუთარი თავს დამკვიდრებაა. უნდა შემენარჩუნებინა ის, რაც მქონდა და უფრო მეტისთვის მიმეღწია… მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რწმენა და შესაძლებლობებში განმტკიცება… არაერთი ბარიერის გადალახვა მომიხდა, მათ შორის, ენის ბარიერისაც. სტიმულს ჩემი ოცნება მაძლევდა: ამ ქვეყანაში დიდ სცენაზე დავმდგარიყავი!
ემიგრანტობა ადვილი არაა, თუმცა უცხო ქვეყანაში რომ ჩადიხარ და იქაც შენს საყვარელ საქმეს აკეთებ, დიდი გამართლებაა ალბათ…
აკეთებდე შენს საყვარელ საქმეს, – ემიგრანტისთვის ძალიან დიდი გამართლებაა. ამ მხრივ ნამდვილად ძალიან გამიმართლა.
ვინ გაგიკვალათ გზა ამერიკაში, ვინ შეამჩნია თქვენი ნიჭი და მონდომება?
ამერიკაში წამოსვლა ჩემი გადაწყვეტილება იყო და გზაც მე თვითონ გავიკვალე: ერთ კარს მიხურავდნენ, მეორეში შევდიოდი, მეორე თუ იკეტებოდა, ფანჯრიდან გადავდიოდი (იცინის)… რაც შეეხება ხელშეწყობას, დაკონკრეტება გამიჭირდება, ბევრი ადამიანი იყო, ვინც მაძლევდა რჩევას, რწმენას და მონდომებას მმატებდა, რომ სცენაზე ვმდგარიყავი. დიდი მადლობა ყველას!
იქნებ ის პერიოდი გაიხსენოთ „ნიუ-იორკ პოსტმა“ რჩეულ მომღერლებს შორის რომ დაგასახელათ… რამდენად კმაყოფილი ხართ ხოლმე საკუთარი თავის?
დიდი ხნის წასული ვარ საქართველოდან, ამერიკამდე 10 წელი მოსკოვში ვცხოვრობდი. ამერიკაში 2010 წელს ჩამოვედი, 12 წელია აქ ვარ. 2012-2014 წლის პერიოდში მანჰეტენზე, ცენტრში, ბროდვეისთან იყო კლუბი „Jelsomino“, სადაც ვმოღვაწეობდი, როგორც მომღერალი. საკმაოდ საინტერესო და პოპულარული კლუბი იყო ვარსკვლავებისთვისაც. ხშირად ჯგუფი „რამშტეინი“ გვსტუმრობდა, ასევე, უილ სმითი, კუინ ლატიფა და ბევრი სხვა ვარსკვლავი. ერთ საღამოსაც ჟურნალისტები გვესტუმრნენ „ნიუ-იორკ პოსტიდან“ და სურათები გადაიღეს. გაზეთში ჩვენი კლუბის შესახებ დაიწერა და იქვე ცალკე გამოქვეყნებული იყო მანჰეტენის ღამის კლუბების რჩეული მომღერლების სიაც, მათ შორის მეც დამასახელეს. სიტყვებით ვერ აგიწერთ იმ განცდას, რაც მაშინ დამეუფლა… თუმცა კმაყოფილი არასოდეს ვარ, სულ ვცდილობ, უფრო და უფრო მეტი შევძლო.
ამჟამად რა ეტაპია თქვენს ცხოვრებაში? თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად რას თვლით უცხოეთში?
ახლა დიდი ენერგიითა და შემართებით ვმუშაობ ძალიან საინტერესო პროექტზე, რომელსაც მაყურებელს ნოემბერ-დეკემბერში შევთავაზებ. ვფიქრობ, ეს იქნება ახალი გამოწვევა ჩემთვის. რაც შეეხება მიღწევას, ვფიქრობ, რომ ჯერ ყველაფერი წინ მაქვს…
კარგით, დავტოვოთ დროებით საიდუმლოდ, რა ახალ პროექტზეა საუბარი, მაგრამ იქნებ მოგვიყვეთ, დღემდე რა გააკეთეთ, კონკრეტულად რა პროექტს გამოყოფდით და რატომ?
პროექტებზე საუბარი ძალიან მეუხერხულება, რადგან თავის ქება გამომდის. თან ყველაფერზე, თუ რა მაქვს გაკეთებული ან მონაწილე ვიყავი, ბევრი საუბარი მომიწევს.
რამდენიმე გავიხსენოთ…
გამოვყოფ მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში. რაც მთავარია, მე გავხდი იმ ჯგუფის წევრი, რომელიც მუშაობდა Taylor swift/ Lady gaga/ Cirque du soleil/ Justin Timberlake და სხვა არაერთი ვარსკვლავის კონცერტზე უდიდეს სცენებზე: Madison Square Garden, Yankee Stadium, Manhattan Park და ასე შემდეგ. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, ასეთი დონის პროექტებში რომ მომიწია მონაწილეობა. ყურადღებით ვაკვირდებოდი და ვაანალიზებდი ყოველ დეტალს თუ ნიუანსს, რაც შემდეგ ჩემი პროფესიული ზრდისთვის ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც მუსიკოსისთვის, ასევე, როგორც პროექტის მენეჯერისთვის.
ამერიკაში ცხოვრებისას რაიმე საერთოს პოულობთ საქართველოსთან? თქვენი სამომავლო მიზანი რამდენად უკავშირდება მშობლიურ ქვეყანას?
ვფიქრობ, რომ ყველა ემიგრანტის ბოლო სამყოფელი მაინც სამშობლოა… ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრი ასეთია. რაც შეეხება კონცერტს, ალბათ დადგება მომენტი, როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება, მთავარია დალაგდეს პოლიტიკურ- ეკონომიკური სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში.
შორიდან როგორ ჩანს ქართული მუსიკალური სამყარო?
ვფიქრობ, არ იქნება სწორი, აქედან შევაფასო ქართული მუსიკალური სამყარო. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ და უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდება ყველას.
როგორც ვიცი, გარდა იმისა, რომ მღერით, მუსიკასაც წერთ… თქვენი მუსიკა თქვენს შინაგან სამყაროსთან უფრო ახლოა, თუ იმასთან, რაც გარშემო ხდება?
ჩემი მუსიკა ყოველთვის განპირობებულია ჩემი შინაგანი სამყაროდან. ჩემი შინაგანი სამყაროა ინსპირაცია ჩემი შემოქმედების. შეიძლება ობიექტურმა გარემოებამაც იმოქმედოს, მაგრამ მაინც შინაგანი სამყარო, ჩემი სუბიექტური განწყობა არის შთაგონების წყარო.
გარდა ამისა, მშვენივრად ითავსებთ ბრუკლინის ერთ-ერთი ძველი რესტორნის -„ტატიანას“ კრეატიული მენეჯერის თანამდებობას. ალბათ არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან გიწევთ ურთიერთობა…
რაც შეეხება რესტორან „ტატიანას“, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მართლაც ვარსკვლავებს ვმასპინძლობდით და მე, როგორც ამ რესტორნის კრეატიულ მენეჯერს, მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი ამ პროცესში ჩართული. ახლაც ასეა. ეს არის კონცერტები, პრივატული საღამოები თუ გადაღებები კლიპებისა და კინოპროექტებისთვის.
რომელი კინოფილმისთვის შედგა გადაღებები თქვენი მანეჯერობის პერიოდში? ან იქნებ რომელიმე ცნობილი ვარსკვლავის კონცერტი ან საღამო გაგეხსენებინათ…
ერთ-ერთი არის ამერიკული სერიალი „ცისფერი სისხლი“ (Blue blood TV series), ასევე, The weekend music video და არაერთი ვარსკვლავის პროექტები. ბევრის დასახელების უფლებაც არ მაქვს, მაგრამ მრავალი კლიპის გადაღება, შოუ თუ ღონისძიება რესტორან „ტატიანაში“ მიმდინარეობდა და ასეა დღესაც.
რა არის სარესტორნო ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა შემოქმედებითი თვალსაზრისით?
მთავარი გამოწვევა არის მუდმივი ძიება, თანამედროვეობა და ხარისხი. ვცდილობ, რომ შემოქმედებითი მხარე იყოს ძალიან ინდივიდუალური და ჯანსაღი. ის, ვინც მოდის „ტატიანაში“, უნდა იყოს ნასიამოვნები და კმაყოფილი. ქართველებიც ბევრი გვსტუმრობს და ვცდილობ, როგორც ქართველი მასპინძელი, ისე დავხვდე.
იპოვეთ თქვენი ადგილი ცხოვრებაში?
ადამიანი მთელი ცხოვრება ძიების პროცესშია. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენს ადგილს ვპოულობთ, მაგრამ ხომ გრძელდება ყველაფერი? ჰოდა, ადამიანიც არ ჩერდება ერთ ადგილას, რაღაც ადგილის პოვნის შემდეგ კვლავ ახალ ადგილებს ვეძებთ ჩვენს ცხოვრებაში.
პროფესიული საქმიანობის მიღმა როგორ ცხოვრობთ? რას გვეტყვით პირად ცხოვრებაზე?
ამ ეტაპზე ჩემი პირადი ცხოვრება არის სცენა და ყველაფერი მასთან დაკავშირებული.
საქართველოში ვინ გელოდებათ?
საქართველოში მელოდება დედა და უზარმაზარი სანათესავო. დედას 8 და-ძმა ჰყავდა, მამას -ხუთი, წარმოიდგინეთ რამდენი ვართ…
რას ისურვებდით?
მშვიდობას პლანეტაზე! რომ ადამიანები იყვნენ ბედნიერები, უფრო მეტი სიყვარული და თანადგომა იყოს ამქვეყნად!
დაბოლოს, დაასრულეთ ფრაზა: მე შევძლებ, რომ…
მე შევძლებ, რომ ვიყო ბედნიერი!.. მე ყველაფერს შევძლებ!!!
ესაუბრა თამარ ოთიაშვილი
კომენტარები