როგორ გახდა თბილისელი ექთანი გიდი რიო-დე-ჟანეიროში – ნათელა თანდაშვილის ბრაზილიური საგა
თუ ოსტაპ ბენდერივით ოცნებობთ რიო-დე-ჟანეიროში მოხვედრაზე და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც მოახერხებთ გამგზავრებას, შეგიძლიათ ქართველ გიდს – ნათელა თანდაშვილს დაუკავშირდეთ, რომელიც ბრაზილიაში უკვე 21 წელია ცხოვრობს და ტურიზმის სფეროში მუშაობს. როგორ აღმოჩნდა თბილისელი ექთანი 4 წლის ქალიშვილსა და მეუღლესთან ერთად ბრაზილიაში, სამშობლოდან 11 500 კმ-ის დაშორებით – ქვეყანაში, სადაც ქართველები და, ზოგადად, ემიგრანტები თითქმის არ არიან, როგორ დაიმკვიდრა თავი და მიაღწია თუ არა იმ მიზანს, რის გამოც ოჯახით დატოვა საქართველო, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. ქალბატონ ნათელას ამ ზაფხულს, ივლისის ერთ ცხელ დღეს შევხვდი თბილისში – მან 21 წლის შემდეგ, როგორც იქნა, შეძლო ჩამოსვლა და იმ სამყაროში ცოტა ხნით დაბრუნება, რომელიც ამ საუკუნის დასაწყისში დატოვა.
ჩვენი საუბარი ფინჯან ყავასთან, ძალიან უშუალო გარემოში წარიმართა:
ქალბატონო ნათელა, ბრაზილიაშიც თუ იყვნენ ქართველები, არ მეგონა… ამ სიშორეზე რამ წაგიყვანათ?!
ძალიან ცუდი პერიოდი იყო, 2001 წელი, ჩაბნელებული საქართველო, თბილისში ვცხოვრობდით, მე ვმუშაობდი ექთნად ბავშვთა მე-2 საავადმყოფოს დღენაკლულ ჩვილთა განყოფილებაში (დღეს – ციციშვილის კლინიკა). ძალიან გვიან გავთხოვდი, შვილიც გვიან გამიჩნდა – 40 წლის ასაკში. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პირობები ხომ უნდა შეუქმნას მშობელმა შვილს… ჩემი მეუღლე მუშაობდა ვერაზე, სასტუმრო „საქართველოს“ ადმინისტრაციაში უფროს ადმინისტრატორად. ვიფიქრეთ, რომ მომავალი გვინდოდა… მაშინ ყველა ამერიკაში და ევროპაში მიდიოდა, ჩემი მეუღლის ახლობელმა, რომელიც ერთხელ უკვე ნამყოფი იყო ბრაზილიაში, შემოგვთავაზა ბრაზილიაში წასვლა და დაგვეხმარა კიდეც, რომ წავსულიყავით.
მე მქონდა დედაჩემის ნაჩუქარი ბინა სოლოლაკში, სადაც ვცხოვრობდით, ჩემს მეუღლესაც ჰქონდა პატარა რაღაცები… გავყიდეთ ეს ყველაფერი და წავედით, რადგან ვფიქრობდით, რომ იმაზე უარესი არ იქნებოდა, რა მდგომარეობაშიც ვიყავით…
2001 წლის თებერვალში წავედით. არცერთი წუთით არ მიფიქრია, რომ ან მე წავიდოდი მარტო, ან ჩემი მეუღლე და რომელიმე აქ დავრჩებოდით. თუ წავიდოდით, აუცილებლად ერთად უნდა წავსულიყავით… ჩემი შვილი – მარიამი (ტოპეშაშვილი) მაშინ 4 წლის და 4 თვის იყო.
ის არ დაგვხვდა, რასაც გვპირდებოდნენ, რასაც ვფიქრობდით, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე… იმასაც ვფიქრობდით, რომ იქნებ მერე ამერიკაში გადავსულიყავით, თუმცა ამის პირობა არავის მოუცია ჩვენთვის, რადგან ძალიან რთულია ლათინური ამერიკიდან გადასვლა აშშ-ში. არალეგალურად უნდა გადახვიდე და ასეთი რამ ჩემთვის მიუღებელი იყო, თან პატარა ბავშვით, ამიტომ დავრჩით ბრაზილიაში.
თავიდან რომელ ქალაქში ჩახვედით?
რიო-დე-ჟანეიროში ჩავედით თავიდანვე.
რამდენ ხანს იცხოვრეთ რიოში?
თითქმის 20 წელი.
ახლაც რიოში ვარ უფრო მეტად, მაგრამ მარიამი მუშაობს სან-პაულუში და, თავისთავად, ჩემი დახმარება ყოველთვის სჭირდება – ჯერჯერობით თავისი ოჯახი არ ჰყავს, 25 წლისაა… სჭირდება დედა გვერდით. როცა ჩემი სამუშაო მაქვს, ტურისტები მყავს, მივდივარ რიო-დე-ჟანეიროში, როცა არა, ვბრუნდები სან-პაულუში, მაგრამ რიო მაინც ჩემთვის ძალიან მშობლიურია, მეორე მშობლიური ქალაქი ჩემთვის თბილისის შემდეგ, რომელმაც შანსი მომცა, დამეხმარა, ხელი მოგვიმართა, რომ წელში გავმართულიყავი ჩემს მეუღლესთან ერთად.
როგორ დაიწყეთ ახალი ცხოვრება? ჩახვედით და – შემდეგ?..
თავიდან საშუალება გვქონდა და ბინა ვიქირავეთ…
ძვირი ქალაქია?
ახლა უკვე ძალიან ძვირია, მაშინ არ იყო ძვირი. როცა ჩავედით, საოცრად იაფი ქალაქი იყო, ტურიზმი მაშინაც იყო განვითარებული, მაგრამ ნამდვილი ბუმი 2003 წლის შემდეგ დაიწყო…
ახლა სერტიფიცირებული გიდი ვარ და ვმუშაობ, მაგრამ ტურიზმის ინდუსტრიაში იქ ასე მარტივად ვერ ჩაერთვები, აუცილებლად უნდა გაიარო კურსები, უნდა გქონდეს სერტიფიკატი და ლიცენზია, რომ მუშაობა დაიწყო. საერთოდ, ვერსად დაიწყებ მუშაობას, ლიცენზია თუ არ გაქვს, შანსი არ არსებობს, თუ არ იცი ენა და თუ არ გაქვს იქაური საბუთები.
საბუთები არ გვქონდა, ენაც არ ვიცოდით… ბრაზილიის სახელმწიფო ენა, მოგეხსენებათ, პორტუგალიურია, რადგან პორტუგალიის კოლონია იყო.
ინგლისური არ გამოგადგებოდათ?
არც ინგლისური ვიცოდი კარგად, მაგრამ რომც მცოდნოდა, არც გამომადგებოდა. ინგლისური იმ პერიოდისთვის არავინ იცოდა, მარტო სასტუმროებში და იქაც ძალიან ცოტამ.
აქედან მქონდა წაღებული რუსულ-პორტუგალიური ლექსიკონი და ნელ-ნელა ვსწავლობდი. პორტუგალიური ვისწავლე ქუჩაში, მარი რომ მიმყავდა პარკში სათამაშოდ…
ბავშვის ბაღში შეყვანა შეძელით საბუთების გაკეთებამდე?
იქ არაოფიციალურადაც რომ იცხოვრო, თუ არაფერი დააშავე, არავინ არაფერს გეტყვით, მაგრამ უსაბუთოდ ვერაფერს გააკეთებ, ვერ გაინძრევი, ვერ იმუშავებ… აუცილებლად გჭირდება ფისკალური კოდი, რომელიც ბანკმა უნდა მოგცეს ან ფინანსურმა სამსახურმა… ეს კოდი ავიღეთ, რადგან პასპორტითაც შეიძლებოდა აღება, მაგრამ ესეც არაფერს ნიშნავს, საბუთი გჭირდება, რომ ოფიციალურად ცხოვრობ ამ ქვეყანაში.
ამიტომ წავედით „კარიტასში“, რომელიც კათოლიკურ ეკლესიასთან დაქვემდებარებული ნახევრად სახელმწიფო ორგანიზაციაა, იქ ჩავაბარეთ საბუთები და გვითხრეს, რომ ინტერვიუს უნდა დავლოდებოდით. შეგვეძლო ფედერალურ პოლიციაშიც შეგვეტანა, მაგრამ რადგანაც აქედან გვქონდა სამუშაო ვიზა, ჯობდა, რომ „კარიტასში“ წავსულიყავით – იმ დროისთვის ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იყო.
ძალიან კარგად მიგვიღეს, მოგვცეს პროტოკოლი ნომრით, სურათებით, პირველად თვითონ გადაგვიხადეს ფული, ეს ყველაფერი შევიტანეთ ფედერალურ პოლიციაში და იქ მოგვცეს საბუთი, რომ ოფიციალურად ვართ აღრიცხვაზე და ველოდებით ჩვენს სასამართლოს. ეს იყო მაისში.
ამის შემდეგ ერთი-ორი თვე გავიდა და მოგვივიდა პასუხი, რომ გამოვცხადებულიყავით ინტერვიუზე. მოგვცეს საბუთი, იმწუთას დაგვნიშნეს დახმარება – 150 ბრაზილიური რეალი და გვითხრეს, რომ ერთი ინტერვიუ იქნებოდა ივლისში, რომელსაც ფედერალურ პოლიციაში ჩავატარებდით და მეორე ინტერვიუ – აგვისტოს 28-ში, მარიამობა დღეს. პირველმა ინტერვიუმ კარგად ჩაიარა, მეორემაც – მეგობარი ქალი, რომელიც დაგვეხმარა ინტერვიუების დროს, როგორც თარჯიმანი, წარმოშობით როსტოვიდან იყო, მაგრამ ბიჭვინთაში მუშაობდა წლების მანძილზე, სანამ ომი დაიწყებოდა. ინტერვიუს დროს ისე უნდა ილაპარაკო, რომ ეჭვი არავის შეეპაროს შენს სიმართლეში. მაშინ საქართველოზე ყველამ იცოდა, რომ რუსეთის კოლონია იყო და წარმოდგენა არ ჰქონდათ, სად იყო ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები, იცოდნენ მარტო რუსეთი…
გავიარეთ გასაუბრებები და საბუთებს ველოდებოდით, თუმცა მარი საბუთების მიღებამდე წავიყვანე ბაღში, ჩვენს სახლთან ახლოს, რომელიც მირჩიეს.
დირექტორს ავუხსენი, რომ პორტუგალიური არ ვიცოდი და მითხრა, რომ პრობლემა არ იყო, დაბადების მოწმობა უნდა მიმეტანა და მეტი არაფერი იყო საჭირო. იქ ბაღში ყველა ბავშვი უნიფორმით დადის. მეც ვუყიდე მოკლე შორტები, „მაიკა“, რომელსაც ზედ ეწერა ბაღის სახელი და სექტემბრის ბოლოს, ორშაბათ დღეს მარი ბაღში წავიყვანე. ვეკითხები: „დედიკო, გინდა ბაღში წასვლა?“ კი, მინდაო, მაგრამ მე ბაღში არ მივდივარ, სკოლაში მივდივარო, მითხრა…
რომ მივიყვანე, გამოვიდა მასწავლებელი, ძალიან ლამაზი ახალგაზრდა ქალი, მე ვიქნები მარიამის მასწავლებელიო. სილვია ერქვა. მარიამს ხელი გაუწოდა, მანაც ხელი მოჰკიდა და წაჰყვა – უკან არც მომხედა… გამიკვირდა. აქ ბაღში არ ჩერდებოდა, არ მოსწონდა, იქ უპრობლემოდ წავიდა. იქ ბაღში ცოტა სხვაგვარადაა – ბავშვები ფეხებმოკეცილები სხედან კარგად გაწმენდილ იატაკზე და თამაშობენ, კითხულობენ და ა. შ.
სადღაც 3 კვირაში მარი უკვე ისე კარგად ლაპარაკობდა პორტუგალიურად, ჩვენ აქეთ გვასწავლიდა.
ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი ბაღში, დირექტორის ჩათვლით… ასევე გავიცანით ჰოლანდიელი ემიგრანტების შთამომავლები. დეკემბრის ბოლო მოვიდა უკვე და საშობაო არდადეგები იწყებოდა თითქმის მარტამდე (მე ეს არ ვიცოდი). ბაღში საშობაო ზეიმი ჰქონდათ, რომელზეც მარის თეთრი კაბა უნდა სცმოდა და ამ ჰოლანდიელმა ქალმა გვაჩუქა.
არდადეგების შემდეგ, მარტში ისევ მივიყვანე მარი იმავე ბაღში და ძალიან გაუხარდათ… თურმე დეკემბერში უნდა დამეწერა განცხადება, არ ვიცოდი, არ დამიწერია და მათ ეგონათ, რომ არ მომეწონა და აღარ მივიყვანდი…
ასე დაამთავრა ეს ბაღი, 2 წელი იარა, შემდეგ უკვე სკოლაში (კოლეჯში) შევიყვანეთ.
მარიმ ქართული კარგად იცის?
არაჩვეულებრივად.
წერა-კითხვა?
წერა-კითხვაც ძალიან კარგად იცის.
როგორ მოახერხეთ, რომ ასწავლეთ? ამას ბევრი ვერ ახერხებს ემიგრაციაში…
თავიდან მე დავიწყე სწავლება, მაგრამ არ მოეწონა და დავანებე თავი, არ დავაძალე. ერთ მშვენიერ დღეს მივედი სახლში და რას ვხედავ? – ზის და ქართულად კითხულობს. ვკითხე, დედიკო, შენ ქართული კითხვა იცი-მეთქი? კიო, მითხრა, სკოლიდან რომ მოვდივარ, ყოველდღე ცოტ-ცოტას ვკითხულობო.
ქართული ლაპარაკი არ დაავიწყდებოდა, იმიტომ რომ ასეთი პრინციპი გვქონდა: სახლში ყოველთვის ვლაპარაკობთ ქართულად! ქუჩაში გავდივართ – ერთმანეთში ვლაპარაკობთ ქართულად!
ბრაზილიაში ემიგრანტების მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ?
ძალიან კარგი, იმიტომ რომ არ არის დიდი ემიგრაცია, ბრაზილია არ არის ემიგრანტების ქვეყანა. ემიგრანტებისთვის სამსახურები არ არის იქ, თუ ჩახვალ, უნდა ჩახვიდე ძალიან დიდი ფულით, რომ ბიზნესი დაიწყო… ბრაზილიაში ემიგრანტს არასოდეს იქირავებენ სამუშაოდ, თავიანთი შავი მუშახელიც საკმარისზე მეტი ჰყავთ.
ზოგადად, ბრაზილიელები ძალიან კომუნიკაბელური ადამიანები არიან. მარტო რომ დაჯდე პარკში, მოვა უცხო ადამიანი და უპრობლემოდ დაგელაპარაკება, მოგიყვება თავის ამბებს, თუ რამეს ჭამს, იმასაც შემოგთავაზებს – მიირთვიო.
ჰავას როგორ შეეჩვიეთ?
ძალიან კარგად. რომ ჩავედით, 2001 წლის 25 თებერვალი იყო, კარნავალის პერიოდი და ძალიან ცხელოდა. მარტიდან შემოდგომა იწყება, მაისიდან – ზამთარი და უკვე გადავიტანეთ აკლიმატიზაცია. ზამთარში რიოში ცხელა – 30-32 გრადუსია, ქვემოთ შტატებში – არგენტინასთან ახლოს უფრო დაბალი ტემპერატურაა, გრილა, მაგრამ სიცივეც იცის – თოვლიც მოდის და ყინვაც არის, მაგრამ ერთ-ორი დღე, 2 თვის განმავლობაში 2-3-ჯერ.
თქვენ როგორ მოერგეთ იქაურობას, როგორ დაიწყეთ მუშაობა?
მე მქონდა ექთნის დიპლომი, რომელიც ვერაფერში გამოვიყენე, იქ აუცილებლად უნდა მესწავლა კიდევ მინიმუმ 3-4 წელი, რომ ჩემი პროფესიით მემუშავა. იქ ექთნები უნივერსიტეტს ამთავრებენ, 5,5 წელი სწავლობენ. ბრაზილიელმაც კი, რომელიც სხვა ქვეყანაში ამთავრებს სამედიცინო ფაკულტეტს, ბრაზილიაში უნდა ისწავლოს კიდევ 2 წელი, რომ მისი დიპლომი აღიარონ. სამედიცინო კანონმდებლობით ასეა. ჰარვარდისა და ამ დონის უნივერსიტეტების დამთავრების შემთხვევაში როგორაა, ეგ არ ვიცი…
მეორე დიპლომიც მქონდა – მასაჟისტის, მაგრამ ისიც ვერ გამოვიყენე. მერე გადავწყვიტე, რომ გამევლო კურსები ტურიზმის – 6-თვიანი იყო, ფასიანი.
გავიცანი „მამაო“ რუსულ ეკლესიაში, სადაც ძალიან განსხვავებული სიტუაცია იყო და მითხრა, რომ თუ დავალაგებდი ეკლესიას ყოველ შაბათს, ხელფასს გადამიხდიდა.
ჩემი მეუღლეც ეხმარებოდა რაღაცებში, „კარიტასიც“ გვაძლევდა დახმარებას და ასე გაგვქონდა თავი რაღაც დროის განმავლობაში. კიდევ გავიცანით კარგი ადამიანები, უკრაინის კონსული დაგვეხმარა ბევრ რამეში, გვიყიდა ყინულის ჩანთები, ჩემი მეუღლე წყალს აწყობდა, მიჰქონდა სანაპიროზე და ცივ წყალს ყიდდა. ზოგჯერ მეც ვეხმარებოდი, მაგრამ უმეტესად მე ჩემი საქმე მქონდა და ასე გავიტანეთ თავი რამდენიმე ხანი, სანამ არ დავამთავრე გიდის კურსები, ენაც ვისწავლე… ერთი პერიოდი ძიძადაც ვიმუშავე ოჯახში, ტყუპ ბავშვს ვუვლიდი.
2003 წლიდან უკვე დავიწყე მუშაობა გიდად ტურისტულ სააგენტოებში – რუსულენოვანშიც და პორტუგალიურშიც, რომლებიც რუსებზე, უკრაინელებზე, ლატვიელებზე, ლიტველებზე, ბულგარელებზე, ბელარუსებზე, ყაზახებსა, უზბეკებზე მუშაობდნენ. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ბევრი ჩამოდიოდა და მათ ვემსახურებოდი. ლიცენზირებული გიდი ვარ და ყველა სააგენტო მიწვევდა. ჩემი კერძო კლიენტებიც მყავდა უკვე, ვინც გამიცნო, სხვებსაც მიგზავნიდნენ.
ქართველ ტურისტებსაც უწევდით მეგზურობას?
ქართველები იმ პერიოდისთვის არ ჩამოდიოდნენ, ბოლო წლებში უფრო ჩამოდიან, თუმცა მაინც იშვიათად. ყოველ შემთხვევაში, თუ ჩამოდიოდნენ, ალბათ გიდს არ ქირაობდნენ.
სააგენტო გაქვთ?
არა, ინდივიდუალურად ვმუშაობ. როცა ლიცენზია გაქვს, შეგიძლია მიიღო ტურისტები, დაგეგმო ტურები, სააგენტო არ არის აუცილებელი. პატარა ავტონომია შეგიძლია გააკეთო, მიკრო კომპანიასავით, იხდი გადასახადებს, რომელიც დიდი არ არის და მუშაობ.
მუშაობა რომ დავიწყე, ნელ-ნელა გავფართოვდით, ღარიბი რაიონის დასაწყისში ვცხოვრობდით და შემდეგ ბინა გამოვიცვალეთ – პატარა აპარტამენტში გადავედით, მაგრამ კარგ უბანში.
თქვენი მეუღლე?
ჩემი მეუღლე – ავთანდილ ტოპეშაშვილი, სამწუხაროდ, 2008 წელს გარდაიცვალა სიმსივნით ბრაზილიაში. მარი იყო 12 წლის და მას შემდეგ მარტომ „გავქაჩე“, აბსოლუტურად მარტომ და მარტო ვარ დღესაც. რიოში დავკრძალეთ, უფრო სწორად, შევინახეთ ცხედარი და მომავალში გადმოვასვენებთ… მაშინ არ იყო ბრაზილიაში საქართველოს საელჩო, როცა ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. საელჩო გაიხსნა 2013 წელს, გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები, კონსულიც, მაგრამ არ მიფიქრია გადმოსვენება. სანამ მე იქ ვარ, ვფიქრობ, რომ ჯობია იქ იყოს და მერე უკვე მარი გადაწყვეტს… სავარაუდოდ, გადმოასვენებს.
სად არის დაკრძალული?
ვიყიდე კედელში ადგილი, სადაც ნეშტი შევინახეთ. გარდაცვალებიდან 3 წლის მერე გადაგყავს ნეშტი.
იმ დროს გამოგვეცალა ხელიდან, როცა ფეხზე დავდექით, რასაც ჰქვია.
საქართველოში რამე პრობლემა ჰქონდა?
არა, ძალიან ჯანმრთელი ადამიანი იყო და უცბად, ერთ დღეს პატარა გაჟონვა დაეწყო. წავიყვანე ექიმთან და უკვე მეტასტაზები იყო გასული ტვინში. სამწუხაროდ, ვერაფერი ვუშველეთ.
რა სამწუხაროა! ბრაზილიაში რა დონეზეა სამედიცინო სფერო?
საკმაოდ განვითარებულია, მაგრამ თუ კარგი დაზღვევა არ გაქვს, ვერ მიიღებ ნორმალურ მომსახურებას. სახელმწიფო საავადმყოფოებში დიდი არაფერი პირობებია. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ გააკეთა საყოველთაო სამედიცინო მომსახურება, არის 24-საათიანი სასწრაფო დახმარების კლინიკები, თუ საჭიროა, ადამიანს დააწვენენ კიდეც საავადმყოფოში და პოლიკლინიკებია, სადაც ექიმთან ჩაწერით უნდა მიხვიდე, მაგრამ ჩაწერით შეიძლება ერთი და ორი თვე მოგიწიოთ ლოდინი. ამიტომ ჯობია კარგი კერძო დაზღვევა გქონდეს.
თუ კარგი დაზღვევა გაქვს, ყველაფერი შედის და მაღალ დონეზე გემსახურებიან.
მარიამზე რას გვეტყვით?
2003 წელს მარი უკვე სკოლაში შევიყვანე, უფრო სწორად, კოლეჯში. ძალიან კარგად სწავლობდა. კოლეჯში სწავლის პერიოდში მონაწილეობდა სხვადასხვა ოლიმპიადაში და უამრავ წარმატებას მიაღწია, ბევრი მედალი მოიპოვა ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში, მათემატიკის, ქიმიისა და ისტორიის სფეროებში.
კოლეჯის დამთავრების შემდეგ მარიმ მსოფლიოს 12 უნივერსიტეტში გაგზავნა საბუთები და 12-ვედან სრული დაფინანსებით (ცხოვრების ხარჯის ჩათვლით) მოუვიდა ჩარიცხვა. ჰარვარდი აირჩია, პოლიტიკური მეცნიერებების და ეკონომიკის 4-წლიანი საბაკალავრო კურსი.
ანუ მარი ამერიკაში წავიდა და თქვენ ეს 4 წელი მარტო იყავით რიოში?
კი, მარტო.
მარიამმა სწავლა რომ დაასრულა და ჩამოვიდა, მეგობარმა კერძო სტარტაპში წაიყვანა, ჰარვარდში ყოფნის პერიოდში მარიმ საკმაოდ კარგი ინვესტიციები მოიზიდა და დაიწყეს იმის ბრუნვა. პანდემიის გამო ცოტა გაუფუჭდათ საქმე და შემდეგ „რაპის“ (Rappi – „გლოვოს“ უკეთესი ვარიანტია მთელი ლათინური ამერიკის მასშტაბით) შეუერთდა ამ თავისი სტარტაპით. მარის კომპანიას „ავოკადო“ ერქვა, ორიენტირებული იყო ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა პროდუქტებზე და მიზნად ისახავდა ორსულებისთვის ან იმ ქალებისთვის, რომლებიც ახლახან გახდნენ დედები, საჭიროების მიხედვით სწრაფად მიეწოდებინა საბავშვო პროდუქცია. ახლა „რაპიში“კომპანიის მთავარი მენეჯერია, აქციებსაც ფლობს. 10-წუთიან მიტანაზე მუშაობენ, ყველაფერზე, რესტორნის პროდუქციის გარდა. პანდემიის პერიოდში ხომ იმუშავეს და იმუშავეს ძალიან კარგად – მაშინ 15-20-წუთიანი მიტანის სერვისი ჰქონდათ, ახლა 10-წუთიანზე გადავიდნენ. ყოველ 2000 მეტრში აქვთ საწყობები და ველოსიპედებით მოაქვთ პროდუქცია ქაღალდის პარკებში, თუ ძალიან ახლოს არის – ფეხითაც სან-პაულუში, რიოშიც 4 მაღაზია აქვთ.
2001 წლის შემდეგ პირველად ჩამოხვედით საქართველოში, მთელი 21 წლის შემდეგ! როგორ გაძელით ამდენ ხანს? როგორია თქვენი შთაბეჭდილება – რას ელოდით და რა დაგხვდათ?
21 წლის განმავლობაში ყოველ დილით ჩემი გაღვიძება იწყებოდა ფიქრით, როგორ იყვნენ ჩემები…. როცა წავედი, მშობლები უკვე აღარ მყავდა, მამა ძალიან ადრე გარდამეცვალა – მე ვიყავი 16 წლის, მამაჩემი რომ გარდაიცვალა ინფარქტით.
ბრაზილიაში რომ ჩავედით, იმ პერიოდში ასე მასობრივად გავრცელებული არც ინტერნეტი იყო და არც მობილური ტელეფონები. სადღაც 2003-2005 წლიდან ნელ-ნელა შემოვიდა. პირველი, რაც გავაკეთე, ტელეფონი დავადგმევინე სახლში და ფაქსი (მაშინ ფაქსები იყო), რომ წერილები გადამეგზავნა აქეთ-იქით, ვისაც ფაქსი ჰქონდა, პირველ რიგში, ჩემს ძმასთან, რომელიც დავტოვე და 21 წელი არ მყავდა ნანახი… ახლა ვნახე პირველად ამ 21 წლის მანძილზე. ჩემი პატარა ძმისშვილი საერთოდ არ მყავდა ნანახაი და ახლა ვნაზე პირველად, რადგან მე რომ წავედი, მერე დაიბადა. წელს დაამთავრა სკოლა. უფროსი ძმისშვილი კი მყავდა წაყვანილი რიოში ცოტა ხნით, 3 თვე და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა იქიდან. ჩემი ძმა ვერ წავიყვანე, რადგან სამსახურს ვერ ტოვებდა ვერასდროს… ახლა ვპირდები, რომ აუცილებლად წავიყვან და დავათვალიერებინებ ბრაზილიას თავიდან ბოლომდე.
ძალიან ემოციური მომენტია, 21 წლის შემდეგ რომ ჩამოდიხარ ქვეყანაში, რომელიც დატოვე დანგრეული, დაბნელებული, უშუქოდ, უგაზოდ – ჩვენ რომ წავედით, სოლოლაკში გაზი მაშინ შემოჰყავდათ. ბეთლემის ეკლესიის აღმართთან ვცხოვრობდით, ენგელსის ქუჩაზე (ახლა ასათიანის ქუჩაა). ჩამოვფრინდი თუ არა, პირველ დღეს რუსთავში წავედი ჩემს ძმასთან. ღამე დაძინებაც ვერ მოვახერხე ემოციებისგან. მეორე დღეს, გათენდა თუ არა, თბილისში წამოვედით ტაქსით…
თბილისში აღარაფერი მაქვს (მომავალი წლისთვის, სავარაუდოდ, რაღაცას მოვიფიქრებთ, მარის ძალიან უნდა პატარა ბინის ყიდვა, რომ როცა ჩამოვალთ, ჩვენი სახლი გვქონდეს), მაგრამ მინდოდა, ის ადგილები მენახა, რომლებიც დავტოვე. პირველი, რაც გავაკეთე – მივედი ჩემს ყოფილ სახლში, სოლოლაკში, სადაც ვცხოვრობდით და ბეთლემის ეკლესიაში. ჩემი სახლი ვინც იყიდა, ახლა ბარი აქვს მოწყობილი და ამუშავებს – ტურისტული ზონაა. იმ ბიჭს ჩავეხუტე დიდის ამბით, სურათი გადავიღე და ვუთხარი, რომ 21 წლის წინ იქ ჩემი სახლი იყო.
პირველი შოკი კი რაც იყო ჩემთვის – ადამიანების სიცივე, უხეში პასუხები… გაცივებულია ხალხი, ესეც ალბათ ცხოვრების სტილიდან გამომდინარეა. კიდევ – ძალიან ბევრი შერეული ხალხია, მაშინ სხვა თბილისი იყო… ამ არევაში თავისთავად მოხდა ასე, ალბათ ინტერნეტმაც გააცივა ხალხი.
ბრაზილიაში იცით რა მომწონს? – ყველა ადამიანი ერთნაირია. ქუჩაში რომ გადიხარ, ვერ გრძნობ, ის მდიდარია და ეს ღარიბია, ხალხიც ძალიან უბრალო და თავისუფალია; ასეა სკოლაში, სამედიცინო დაწესებულებებში…
და კიდევ – ამდენი უპატრონო ძაღლი ქუჩაში არასდროს მინახავს…
მარი თუ იყო საქართველოში?
კი, სამჯერ იყო. პირველად სკოლა რომ დაამთავრა, მაშინ ჩამოვიდა, მეორედ – ჰარვარდში რომ სწავლობდა, მარტის არდადეგებზე, მესამედ – 2018-ში, როცა სადიპლომოს წერდა რუსეთ-საქართველოს ომზე. სპეციალურად ჩამოვიდა, რომ ინფორმაციები შეეგროვებინა, შეხვდა პარლამენტარებს, სხვადასხვა ადამიანს და შემდეგ ანალიზი გააკეთა.
2003 წელს სამხრეთ ოსეთის ამბები რომ იყო, დაძაბულობა, ერთ-ერთმა ტელევიზიამ მოგვძებნა, როგორც ქართველები, დაგვიკავშირდნენ და კომენტარი გვთხოვეს, მაგრამ ყველას უარი ვუთხარი, რადგან არ იცი, რა კითხვას დაგისვამენ, კორექტულად უნდა უპასუხო, მერე ის როგორ გადათარგმნის და როგორ იტყვის, არც ეს იცი და ამიტომ უარი ვთქვით.
2008 წელს გვირეკავდნენ და მაშინაც უარი ვუთხარი კომენტარზე. არ მძინებია საერთოდ იმ დღეებში, ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ჩემი საქმე არ არის, კომენტარები გავაკეთო… ამიტომ გადაწყვიტა მარიმ, დაეწერა რუსეთ-საქართველოს ომზე – ჰარვარდში მენტორმა უთხრა, არავის დაუწერია ეს თემა და გააკეთეო.
ძალიან უყვარს საქართველო, ნათესავები, ახლობლები, თუმცა აქ მეგობრები არ ჰყავს გასაგები მიზეზების გამო – ძალიან პატარა იყო, რომ წავედით…
თქვენი სამეგობრო წრე ბრაზილიაში როგორია? ქართველებთან გაქვთ ურთიერთობა?
ქართველები არ არიან. 2-3 ოჯახი თუ არის მთელ ბრაზილიაში. რუსული ემიგრაცია უფრო არის, ისინიც ძველი წასულები – ხარბინიდან გაქცეულები, უფრო ახალგაზრდობა და ისინიც მიდიან.
სულ ორიოდე ქართველს ვიცნობ ბრაზილიის მასშტაბით და უფრო ტელეფონით ვეკონტაქტები ხოლმე. ბრაზილიელი მეგობრები მყავს – მარიამის მეგობრების მშობლები… იქ სახლში მიწვევა უფრო არ არის მიღებული, უმეტესად პარკებში ვხვდებით ერთმანეთს თავისუფალ დროს.
კრიმინალის დონე როგორია ბრაზილიაში და, კერძოდ, რიოში?
ვერ გეტყვით, რომ დაბალია, საკმაოდ მაღალია, მაგრამ თუ არ დაგინახეს, რომ ძალიან მაგარი ტელეფონი გიჭირავს და ქუჩაში აფრიალებ და საფულეში ფული, არავინ ხმას არ გაგცემს. არის წვრილმანი ქურდობები – ტრანსპორტში ნაკლებად, უფრო პლაჟებზე, სანაპიროზე, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ტურისტი სანაპიროზეა. უნდა იყო ყოველთვის ფრთხილად და ისე იარო ქუჩაში, რომ არ „ყვიროდეს“ შენი ქონება.
კარნავალის პერიოდში მთელი მსოფლიო იქ არის, ახალ წელსაც – ძალიან მაგარია, 2,5 მლნ ტურისტია კოპა კაბანაზე… კარნავალზე ადრე უფრო დავდიოდი, ახლა ნაკლებად, რამდენჯერ შეიძლება ნახო ერთი და იგივე?!.. თან ძალიან ცხელა იმ პერიოდში და მაღალი ტენიანობაა.
ამ გადასახედიდან რას ფიქრობთ: სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ წახვედით?
ახლაც ვფიქრობ, რომ სწორი იყო: წავედით იმიტომ, რომ ცხოვრების შანსი მოგვცემოდა. აქ, დიდი ალბათობით, შეიძლება ჩემი შვილისთვის იმდენი ვერ გამეკეთებინა და მარიამს იმისთვის ვერ მიეღწია, რასაც მიაღწია… ფაქტობრივად, მარის ცხოვრებით ვიცხოვრე და ასე ვარ დღესაც და იმას, რაც გამოუვიდა, თავისი შრომით და ნიჭიერებით მიაღწია.
მამამისი მეტ დროს უთმობდა და მისი დამსახურებაა მარის წიგნის სიყვარული…
საქართველოში დაბრუნებას აპირებთ მომავალში? რა გეგმები გაქვთ?
დაბრუნებაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ – იქ ჩემი საქმე მაქვს, აქ რა უნდა გავაკეთო, რომ დავბრუნდე?! მარიც იქ არის და ვერ დავტოვებ. ახლა მაგისტრატურაში უნდა ჩაბარება, ჰარვარდს ფიქრობდა, მაგრამ ჩინეთში ყოფნის შემდეგ გადაწყვიტა, ჩინეთში ჩააბაროს, ვნახოთ…
ქართველ ემიგრანტებს რას ეტყოდით?
ყველას ძალიან დიდ მოთმინებას და წარმატებებს ვუსურვებ. იმ ქვეყნის სიყვარულს, სადაც ცხოვრობენ და იმ ქვეყნის სიყვარულს, სადაც ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარეს… და აუცილებლად ერთმანეთის სიყვარულს, რადგან საქართველოს დღეს რაც გადაარჩენს – ეს არის ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა.
ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი
p. s. ეს ინტერვიუ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ივლისში ჩაიწერა. ახლა ქალბატონ ნათელას ისევ 11 500 კმ აშორებს მშობლიურ ქალაქს, თუმცა 21 წელი აღარა, ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე კვირა – 6 აგვისტოს იგი ისევ ბრაზილიაში დაბრუნდა.
ცოტა ხნის წინ მას უკვე სან-პაულუში დავუკავშირდი:
„ნინო, არ დაიჯერებ და, ბოლო წუთებში აღარ მინდოდა წასვლა, სასწრაფოდ დავემშვიდობე ჩემებს აეროპორტში და ავედი მაღლა, რომ არ მეტირა: შენი მაინც შენია – როგორიც არ უნდა იყოს!.. ბრაზილია ნორმალურად დამხვდა, თუმცა იმ ორ თვეში, რაც არ ვყოფილვარ, საკმაოდ აწეულია ფასები პროდუქტებზე, თითქმის გაორმაგებული. ეს ქვეყანაც ძალიან მიყვარს, მიუხედავად ბევრი მინუსისა, მაინც მიჩვეული ვარ. ყველაზე მეტად რაც არ მომწონდა საქართველოში და დიდი განსხვავება რაც არის, არის ის, რომ აქ ყველგან ღიმილით გხვდებიან, მაგრამ ესეც ცხოვრებიდან გამომდინარეა ალბათ. ჩამოსვლით ისევ აუცილებლად ჩამოვალ შესაძლებლობის მიხედვით, ვფიქრობ, მომავალ წელს“, – მომწერა ქალბატონმა ნათელამ და ისიც სიხარულით გამიმხილა, რომ მარის ახლახან დიდ და ცნობილ კომპანიაში ძალიან კარგი თანამდებობა – გენერალური აღმასრულებელი მენეჯერის პოზიცია შესთავაზეს და ამის გამო იგი ნიუ-იორკში გაემგზავრა. მარი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა, თუმცა, როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემა წერს, ჰარვარდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან საკმაო პირადი, აკადემიური და პროფესიული გამოცდილება დააგროვა და ახალ გამოწვევასაც ძალიან კარგად გაუმკლავდება.
წარმატებას ვუსურვებთ!
p.p.s. ქალბატონი ნათელა 2024 წლის 11 ივნისს გარდაიცვალა ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში. იგი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ებრძოდა მძიმე სენს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში დამარცხდა.
ინტერვიუ განახლებულია 2024 წლის 12 ივნისს, დამატებული აქვს p.p.s.
კომენტარები