თურქეთში ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა ქართველმა კაცმა სარფის საზღვარზე თავი მოიკლა – გაირკვა, ვინ არის მსხვერპლი და მკვლელი
ქართველმა კაცმა თურქეთში ორი პირი მოკლა, შემდეგ კი სარფის საზღვარზე თავი მოიკლა. შემთხვევა 25 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა.
მომხდარის თაობაზე ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს – ცოლ-ქმარი ეგნატაშვილები და მათი მეგობარი ხვიჩა ოსანაძე ართვინში, არჰავის რაიონში ჩაის პლანტაციაში სამუშაოდ იყვნენ ჩასულები.
მკვლელობა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რადგან სახლში მისულ მამაკაცს მეუღლე – რიტა ეგნატაშვილი და მეგობარი – ხვიჩა ოსანაძე ერთად დახვდნენ.
შაქრო ეგნატაშვილმა, სავარაუდოდ, იეჭვიანა. ცოლ-ქმარს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც მან ცოლი დანით მოკლა, მეგობარს – ხვიჩა ოსანაძეს ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა.
ინციდენტის შემდეგ ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტაქსით საქართველო-თურქეთის საზღვრისკენ წავიდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, კაცმა თავი მაშინ მოიკლა, როდესაც ქემალ ფაშასთან პოლიციამ ტაქსის მძღოლს ავტომობილის გააჩერება მოსთხოვა და მის დაკავებას შეეცადა.
მომხდარ ფაქტზე თურქეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.



