პოლიციამ „მთავარი არხის“ წამყვანი ძალადობის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავა
„მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს. ძალადობა, მუქარა და გაუპატიურება – საქართველოს პროკურატურა მას სამ მუხლს ედავება.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს ბრალდებული ლ. ნ. გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.
პროკურატურა სასამართლოს დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
ნაკაიძე ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნაკაიძე ადასტურებს, რომ 15 აგვისტოს გოგონასთან, რომელმაც მას უჩივლა, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ეს ნებაყოფლობითი იყო. ასევე, ბიბილეიშვილის თქმით, ნაკაიძე კატეგორიულად უარყოფს იარაღის გამოყენებით მუქარას.
„შეუთვალა საზოგადოებას, ყველას, ვინც იცნობს ლაშა ნაკაიძეს, ძალიან კარგად ხვდებიან, რომ არ ვარ მოძალადეო. გაოგნებულია. მგონია, რომ სიზმარში ვარო, შოკირებულია. დაკავების მომენტში ფხიზელ მდგომარეობაში იყო. სახლში იყო მეგობრის (დაზარალებულის), როდესაც პოლიცია მოვიდა და დამაკავაო. დაზარალებულთან კონფლიქტი არ მქონიაო. დილას რომ გაიღვიძა, ჩვენს შორის შედგა საუბარიო. შემდგომ მე ჩამეძინაო, რომ გავიღვიძე, აღარ იყო სახლშიო“, – აღნიშნა ადოკატმა.
„მთავარი არხი“ აცხადებს, რომ ლაშა ნაკაიძესთან ნებისმიერ თანამშრომლობას წყვეტს, რადგან ბრალდება მძიმეა და თუ მისის უდანაშაულობა დამტკიცდება, არხზე ისევ დააბრუნებენ.
კომენტარები